საზოგადოება

სამი ქართული კომპანია, რომელიც აგრო ინდუსტრიაში დრონებს იყენებს

სამი ქართული კომპანია, რომელიც აგრო ინდუსტრიაში დრონებს იყენებს

ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, სოფლის მეურნეობა ზუსტ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ბოლო დრომდე, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ამინდისა და მოსავლის პროგნოზირება სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა. თუმცა, წლების განმავლობაში, ფერმერებმა ამ დილემების საპასუხოდ სხვადასხვა ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტა იპოვეს. ერთ-ერთი ასეთი გარდატეხა კი სასოფლო-სამეურნეო დრონების აქტიურმა გამოყენებამ მოახდინა.

აგრო ინდუსტრიაში დრონების გამოყენება უკვე ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი, დაწყებული საველე მონაცემების ზუსტი ანალიტიკიდან, დასრულებული სასუქების კონტროლითა თუ ნაკვეთის მართვის ოპტიმიზირებით. სწორედ დრონების გამოყენების შედეგად მცირდება საოპერაციო ხარჯები, ხდება რისკებისა და დაავადებების პრევენცია და იზრდება მოსავლის რაოდენობა თუ ხარისხი.

ბოლო ათწლეულთან შედარებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა რადიკალურად შეიცვალა. ახალმა ტექნოლოგიებმა ფერმერებს საშუალება მისცა, თითოეული ნაბიჯი წინასწარ გათვალონ. აგრო ინდუსტრიული დრონების დახმარებით, ფერმერები იღებენ მონაცემთა სრულყოფილ ბაზას, რომელთა ანალიზის საფუძველზე ახდენენ სამიზნე ნაკვეთის დაგეგმარებას და არსებულის ოპტიმალურად მართვას.

წარმოგიდგენთ საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით ახდენენ შესაბამისი დრონების ინტეგრაციას ყოველდღიურ სამუშაოებში.

აგრო სოლუშენს ჯგუფი

„აგრო სოლუშენს ჯგუფი“ სასოფლო-სამეურნეო სექტორში ერთ-ერთი მოწინავე მენეჯმენტ და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სფეროში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს და საქართველოში მოქმედ ფერმერებს საერთაშორისო გამოცდილების დანერგვაში ეხმარება.

საქართველოში „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანია “Sensfly”-ა. „Sensfly”-ს ბოლო თაობის, ფიქსირებული ფრთების მქონე eBee Ag დრონი ფერმერებს, აგრონომებსა და სერვისის პროვაიდერებს ეხმარება, სწრაფად და მარტივად შეადგინონ გეგმა და დააკვირდნენ მოსავალს.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნული დრონით აეროგადაღების შედეგად, კომპანია ორი ტიპის ფოტომასალას იღებს:

  1. RGB – ეს არის სტანდარტული ორთოფოტო, რომლითაც თვალით ხილული ფერები აღიქმება დავიზუალიზაციისსაშუალებას იძლევა
  2. მულტისპექტრულიფოტო – ეს უკვე თვალით უხილავ, ინფრაწითელ სხივებს იძლევა, რომლის ანალიზიც კომპანიას აგრობიზნეს ინტერესების შეფასებასა და განხორციელებაში ეხმარება.

აღნიშნული ფოტოების მიღების შემდეგ, სპეციალისტები და ანალიტიკოსები მათ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ამუშავებენ, აერთიანებენ ველზე მიღებულ ნედლ მასალასთან და საბოლოოდ, კრებენ შემდეგი სახის მონაცემებს:

  • ორთოფოტო
  • 3D რუკა
  • კონტურული რუკა
  • სიმაღლობრივირუკა
  • ინდექსრუკა

ამ რუკების ანალიზით კი განისაზღვრება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორიცაა მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე კულტივირებადობის განსაზღვრა, გაშენების სქემის შემუშავება, აგრონომიული და საირიგაციო პროექტირება, მოსავლის დაგეგმვა, დარგვა, მცენარეთა ჯანმრთელობის მონიტორინგი, წყლისა და ნიადაგის მართვა, მავნებლებისა და სარეველების მონიტორინგი, სასუქის ეფექტურობა, მოსავლიანობის მონიტორინგი და პროგნოზირება და ასევე, მოსავლის დაზღვევის შეფასებაც.

აგრი კოპტერი

„აგრი კოპტერი“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანია „კოპტერის“ სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც ამ სფეროში დრონებს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. მაგალითად: შეწამვლითი სამუშაოებისთვის Agras სერიის დრონები გამოიყენება. ასევე, მოთხოვნადია Phantom 4 Multispectral მოდელი, რომელიც მულტისპექტრული და პირდაპირი ე.წ. NDVI ტიპის ხედვის სისტემათა გამოყენებით, აკეთებს ანალიზს და ითვლის ვეგეტაციის ინდექსს.

ყველა ეს მონაცემი დათესილი მცენარეული კულტურების ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მსგავსი კვლევით, მცენარის სისუსტის აღმოჩენა, იქამდეა შესაძლებელი, სანამ ეს ვიზუალურად შესამჩნევი გახდება.

„ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“

„ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“ სტარტაპია, რომლის საქმიანობა, ძირითადად, დრონებით მცენარეთა საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. ე.წ. აგროდრონს შეუძლია დაამუშაოს როგორც ერთწლიანი, ისე – მრავალწლოვანი კულტურები, ხილის, ნუშის, ბაღები, სიმინდი, ხორბალი, საზამთრო და სხვა.

თუ ტრაქტორის შემთხვევაში შესაწამლი ნივთიერება 300 ლიტრ წყალში იხსნება, აგროდრონის შემთხვევაში ეს მოცულობა 30 ლიტრამდეა შემცირებული, რაც წყლის რესურსსაც ზოგავს და წამლის ზუსტი დოზირების საშუალებასაც იძლევა. რაც მთავრია, დრონი არ აზიანებს ნარგავებს. ტრაქტორი კი, მაგალითად, სიმინდის შემთხვევაში 4–10%–მდე მოსავალს ანადგურებს.

მსოფლიოს უპილოტო მანქანების სისტემების ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, 2025 წლისთვის, დრონების ჯამური ეფექტურობა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი იქნება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close