Home გაზეთი გაზეთი "შირაქი" ელდარ შენგელაიას კანის კინოფესტივალზე ორჯერ ნომინირებული ფილმი „თეთრი ქარავანი“ დედოფლისწყაროშია გადაღებული.

ელდარ შენგელაიას კანის კინოფესტივალზე ორჯერ ნომინირებული ფილმი „თეთრი ქარავანი“ დედოფლისწყაროშია გადაღებული.

ელდარ შენგელაიას კანის კინოფესტივალზე ორჯერ ნომინირებული ფილმი „თეთრი ქარავანი“ დედოფლისწყაროშია გადაღებული. 1960-61 წელს გადაღებები შირაქისა და ელდარის საძოვრებზე მიმდინარეობდა. ფილმი მეცხვარეების ცხოვრებას ასახავს და გადაღება სამი წელი გრძელდებოდა. 1964 წელს, ფილმი „ოქროს პალმის რტოს“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და დიდი აღიარება ჰპოვა. ფილმი 2019 წლის კანის 72-ე ფესტივალზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა და ქართულ სექციაზე განთავსდა. ფილმი მწყემსი მარტიას და მისი შვილი გელას ცხოვრების თავგადასავალს ასახავს. ისინი მთლი ცხოვრება ცხვარს მიერეკებიან და მთასა და ბარში მოგზაურობენ. მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ. „თეთრი ქარავანის“ სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო.
„შირაქი“ შეეცადა გადამღები ჯგუფის აქ ცხოვრების პერიოდი გაეხსენებინა.

ნანა ჭიჭინაძე (დამსახურებული ჟურნალისტი): „თეთრი ქარავანის“ გადასაღებად ელდარ შენგელაია წითელწყაროში მეუღლესთან, არიადნასთან ერთად ჩამოვიდა. მისი მეუღლე მარიას როლს თამაშობდა. გადაღებები ელდარის საძოვრებზე მიმდინარეობდა და გადამღები ჯგუფი წითელწყაროში დასახლდა. მოგეხსენებათ, ჩვენ ქალაქის ცენტრში, რაიკომის შენობის გვერდით ვცხოვრობთ. ერთ დღესაც მოულოდნელად ელდარმა ჩვენს სახლში დაიძახა და იკითხა, სადმე ახლოს ბინა ხომ არ ქირავდებოდა. ჩემმა მშობლებმა უთხრეს, ნატო ვაჩნაძის შვილს ქირას როგორ გამოვართმევთ, ან უყურადღებოდ როგორ დავტოვებთო. ჩვენს სახლში სასტუმრო ოთახი დაუთმეს, საუკეთესო ლოგინი გაუშალეს და დააბინავეს. გადაღებების დაწყებამდე თვენახევარი ჩვენთან იცხოვრეს. მახსოვს, დილა რომ გათენდებოდა, ელდარი ადრიანად ადგებოდა ხოლმე, გამარჯობასაც არ იტყოდა, პირდაპირ ქუჩაში გავიდოდა, წინ და უკან დადიოდა და სცენარზე ფიქრობდა. ძალიან თავმდაბალი კაცი იყო. ქალბატონ არეადნას კი მზეზე მიფიცხება უყვარდა. მას ასევე ჭრა-კერვაც ძალიან ჰყვარებია და დედაჩემის საკერავი მანქანა რომ დაინახა, თავისუფალ დროს მიუჯდებოდა ხოლმე და სულ რაღაცას კერავდა. მისივე ნაჭრით ერთი ულამაზესი კაბა შემიკერა, ისე ძალიან მიყვარდა ეს კაბა, მინდოდა სულ ის მცმოდა. მრავალი წელი მეცვა მის მიერ შეკერილი სამოსი. როცა დამიპატარავდა, მერეც დიდხანს ვინახავდი, მაგრამ შემდეგ დავკარგე. ძალიან უყვარდათ ღვეზელები და ხშირად სთხოვდნენ დედაჩემს, ხორციანი ღვეზელები გამოეცხო, რა თქმა უნდა არიადნაც ეხმარებოდა. ხშირად ჩამოდიოდა ელდარის ძმა, გიორგი შენგელაიაც. საოცარი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ჩვენს შორის, გიორგი და ჩემი და თანატოლები იყვნენ.

ამ ფილმისთვის ჯერ „გზები და გზაჯვარედინები“ უნდა დაერქმიათ, თუმცა ელდარმა როცა ნოდარ დუმბაძეს აჩვენა და აზრი ჰკითხა, მას უთქვამს „თეთრი ქარავანი“ დაარქვიო და მერე ასე გადაწყვიტეს. მერე, როცა ყველაფერი მომზადდა და გადამღები ჯგუფები უნდა ჩამოსულიყვნენ, ელდარმა მამაჩემს სთხოვა სხვა დიდი ოთახის დაქირავებაში დახმარებოდა, რადგან სამუშაო პროცესისთვის უკეთესი იქნებოდა თუ ყველა ერთად იცხოვრებდა და თავისუფალ დროს სცენარზე ერთად იმუშავებდნენ, რეპეტიციების შესაძლებლობა მიეცემოდათ.

მამაჩემი აქაც შეეწინააღმდეგა და გვერდით მეზობლის სახლში დააბინავა. ჩვენს კარის მეზობლად ვარაზი ექიმი ცხოვრობდა, საღამოობით მის სახლში რაიონის ექიმები იკრიბებოდნენ და მერე ეს სტუმრებიც უერთდებოდნენ. იყო დროსტარება და კარტისა თუ ნარდის თამაში. სხვათაშორის, გადაღებები მიმდინარეობდა ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობის მეცხვარეობის ფერმაში, რომლის გამგე იყო რობიზონ ნატროშვილი. სწორედ მისი ფერმა და ცხვრებია გადაღებული ამ ფილმში.

ზაფხული რომ გავიდა და სკოლაში სწავლა დაიწყო, სკოლის დირექტორს ნასყიდა ალადაშვილს ვუთხარი, ჩვენთან რეჟისორი ელდარ შენგელაია და ცნობილი მსახიობები ცხოვრობენ, ფილმს იღებენ და მოვიწვიოთ, შეხვედრა მოვუწყოთ მეთქი. ბავშვობიდან აქტიური და ინიციატივიანი მოსწავლე ვიყავი. დირექტორმა ჩემი აზრი მოიწონა და მართლაც სკოლის სააქტო დარბაზში მათთან შეხვედრა გავმართეთ. ტევა არ იყო დარბაზში, იმდენი მაყურებელი დაესწრო, ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა. რეჟისორმა და მსახიობებმა საკუთარ ცხოვრებაზე, პროფესიაზე და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, საინტერესო დეტალები გაიხსენეს. „წითელწყაროში ვიღებთ ფილმს მეცხვარეების ურთულესი ცხოვრების გზაზე და მათ ყოველდღიურობაზე. მეცხვარეები მთელი ცხოვრება ოჯახს მოწყვეტილები არიან და გზაში ათენდებათ და აღამდებათ“-ო აღნიშნა ელდარ შენგელაიამ. ამ ფილმის გამო წითელწყაროში გატარებულ პერიოდს ხშირად იხსენებდნენ და სხვადასხვა ინტერვიუებში საუბრობდნენ რეჟისორიცა და მსახიობებიც. ისეთი ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ შემდეგ წლებშიც გავაგრძელეთ მათთან ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ამ სტუმრობის დეტალები დღემდე კარგად მახსოვს და საუკეთესო მოგონებებად შემომრჩა. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ მსოფლიო დონის რეჟისორმა მეუღლესთან და თავის ჯგუფთან ერთად ჩვენთან იცხოვრა“.

ცნობისთვის: ეს და კიდევ 32 ქართული ფილმი რუსეთის „გოსფილმოფონდმა“ საქართველოს დაუბრუნა. პირველადი ფირები ეროვნულ არქივშია დაცული. ისინი უმაღლესი გარჩევადობის სკანერით დამუშავდა, დაემატა ფერები, გასუფთავდა გამოსახულება და ხმა.
ილია მარტყოფლიშვილი