Home რეგიონი ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის ბაღი

ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის ბაღი

წინანდლის პარკში 1500-ზე მეტი ხე-მცენარეა. პარკის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეებს შეხვდებით. უმშვენიერესი სანახავია ვარდებშემოხვეული სიყვარულის ხეივანი, ბამბუკების რიგი, შადრევანი, ბზის ლაბირინთი და ნატვრის ხე, რომელთანაც ვიზიტორები სურვილს იფიქრებენ და მის ასასრულებლად ხეს ნიშანს აბამენ. უნიკალური ჯიშები წინანდალში პირველად ალესანდრე ჭავჭავაძის დროს შემოვიდა. თავდაპირველად აქ ხეხილის ბაღები, სასეირნო ბილიკები, ხეივნები და ვენახები იყო. ალექსანდრემ ბაღში მიწისქვეშა საირიგაციო სისტემა მოაწყო და პარკის დასაგეგმარებლად ევროპელი დეკორატორები მოიწვია. 2008 წლიდან წინანდლის პარკში ახალი ეტაპი დაიწყო. გაიწმინდა ბილიკები, გაიხსნა ხედები და სივრცეები, აღდგა და მოწესრიგდა მე-19 საუკუნის თარგები, რაც ბაღში რეგელის კონცეფციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.