Home დღის ამბები საზოგადოება მერის ყოფილი წარმომადგენელი პროკურატურაში დაიბარეს – ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

მერის ყოფილი წარმომადგენელი პროკურატურაში დაიბარეს – ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

„დიქტატურამ და ტერორმა ჩვენს ოჯახშიც შემოაღწია,“ – წერს ნინო ხუციშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მისი ძმა, ლევან ხუციშვილი, რომელიც წარსულში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მერის წარმომადგენელი იყო, პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ოჯახი თვლის, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის ფორმაა, რადგან ყოფილი საჯარო მოხელე ხმამაღლა გამოხატავს “ოცნების” ხელისუფლების კრიტიკას.

ნინო ხუციშვილის თქმით, გამომძიებელი სატელეფონო საუბრისას ცდილობდა დაერწმუნებინა ლევან ხუციშვილი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვის უფლება არ ჰქონდა, რასაც თავად ხუციშვილი ითხოვდა. მოგვიანებით ოჯახმა გამომძიებელს მტკიცებულებად მესიჯიც გაუგზავნა, რომ მზად არიან კითხვებს პასუხები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გასცენ.

„-ეს არის პოლიტიკური დევნისა და დაშინების ფორმა. ჩემი ძმა ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავდა განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციას და არასოდეს ერიდებოდა მწვავე კრიტიკას ხელისუფლების მიმართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სხვადასხვა უწყებაში იბარებენ დასაშინებლად. მეხუთე წელია, რაც მმართველი პარტიის რეჟიმს არ ვეგუებით, დღესაც დავრჩით აქტიურები და ხმამაღლა ვაფასებთ მათ საქმიანობას. ერთადერთი ჩვენი “დანაშაულია”, რომ არ ვეგუებით რეჟიმს და როგორც შეგვიძლია, ისე ვუპირისპირდებით,” – წერს ხუციშვილი.

ლევან და ნინო ხუციშვილებმა 2021 წელს დემარშით დატოვეს საჯარო სამსახური, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატების მიმართ, მათი თქმით, კორუფციის ეჭვები არსებობდა.

გასულ წელს კი, საპარლამენტო არჩევნების პირობებში, „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერები იყვნენ, თუმცა დღეს უკვე მათ კავშირი არც ამ პოლიტიკურ პარტიასთან აქვთ.

ლევან ხუციშვილისათვის სამართლებრივი დახმარების სურვილი რამდენიმე ადვოკატმა უკვე გამოთქვა.

🎬 ნინო ხუციშვილი