* * *
გაზეთი „შირაქი“ სულ ცოტა ხნის წინ „გოგონების ჰაბის“ შესახებ წერდა, რომელიც ორი კვირა – 21 ივლისიდან 5 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ის მიზნად დედოფლისწყაროელი გოგონების ციფრული დღიურების, ახალი შესაძლებლობებისა და უკეთესი მომავლის შექმნას უზრუნველყოფდა. პროგრამა გოგონების ზრდისა და განვითარების უნიკალურ სივრცედ იქცა.
* * *
„ „გოგონების ჰაბი – დედოფლისწყაროელი გოგონების ციფრული დღიურები“ – ორკვირიანი საზაფხულო პროგრამა, რომელიც 21 ივლისიდან 5 აგვისტომდე მიმდინარეობდა, დედოფლისწყაროელი გოგონებისთვის ზრდისა და განვითარების უნიკალურ სივრცედ იქცა. პროექტში 15 გოგონა მონაწილეობდა, რომლებიც განსხვავებულ ინტერესებს, შესაძლებლობებს, ეთნიკურ ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს წარმოადგენდნენ. ეს ინკლუზიური მიდგომა მიზნად ისახავდა ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მათთვის ახალ შესაძლებლობებს და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფდა“ – აღნიშნავს გაზეთ „შირაქთან“ საუბარში პროექტის ხელმძღვანელი და დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქე ეკა სეფიაშვილი. Eka Sepiashvili
როგორც ეკა სეფიაშვილი ამბობს, პროექტი ინტენსიური სასწავლო პროცესით დაიწყო. პირველ დღეებში გოგონებმა სთორითელინგის, მობილური ფოტოგრაფიისა და პოდკასტების შექმნის საფუძვლები შეისწავლეს. მოხალისე მარიამ შეითნიშვილის დახმარებით, მათ პირველი ნაბიჯები გადადგეს ციფრული დღიურების შესაქმნელად, დამოუკიდებლად ქმნიდნენ მონახაზებსა და სცენარებს. სწავლა და სახალისო აქტივობები ერთმანეთს ენაცვლებოდა, რასაც გუნდური თამაშები და ფილმის განხილვებიც ემატებოდა.
-რა იყო პროექტის მიზანი?
პროექტის მიზანი მხოლოდ ტექნიკური უნარების გაღრმავება არ ყოფილა. „გოგონების ჰაბი“ მონაწილეებს ეხმარებოდა მოქალაქეობრივი, ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში, მათ ერთმანეთთან და საზოგადოებასთან თავდაჯერებული კომუნიკაციის განვითარებაში, ასევე, მშობლიური ქალაქის უკეთ შეცნობაში.
-როგორ მიმდინარეობდა პროექტი? გყავდათ თუ არა მოხალისეები?
პროექტის მიმდინარეობისას ყოველი დღე ახალ გამოწვევებსა და შთაგონებებს გვთავაზობდა. გვყავდა მოხალისეებიც. მოხალისე თამუნა ჩუთლაშვილის ფასილიტაციით, მონაწილეებმა ვიდეო გადაღების, სცენარების შედგენისა და რედაქტირების ტექნიკური დეტალები შეისწავლეს. ამასთან, თამუნამ გოგონებს Erasmus+ პროგრამით მიღებული ორი ევროპული ბანაკის შთაბეჭდილებები გაუზიარა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის პრინციპებზე ესაუბრა.
მარიამ ალუღიშვილმა გოგონებს მოტივაციის ამაღლების გზებზე, მიზნების სწორად დასახვასა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. მოხალისე ქეთევან საბიაშვილი კი ვიდეო და გრაფიკულ რედაქტირებაში დაეხმარა, რაც მონაწილეებს შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებას აძლევდა.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს სხვა მოხალისეებმაც, რომლებიც ლიდერულ პოზიციებზე არიან და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს გოგონებს.
აღსანიშნავია მარიამ კაკალაშვილის ქართული ცეკვის მასტერკლასი, ნატალი ჩარგეიშვილის თანამედროვე ცეკვების შოუ, ანა ჯანაშვილის „Helping Hand“-ის მოხალისეობის გამოცდილება და ელენე ფირომანაშვილისა და ელენე ლეკაშვილის სესია ინტროვერტ გოგონებზე, რომელშიც მოხალისე მასწავლებელი, რუსუდან ლეკაშვილი აქტიურად ჩაერთო და დამატებითი ღირებულება შესძინა დისკუსიას.
პროექტს შეუერთდა კიდევ ერთი მოხალისე გოგონა ანა ალუღიშვილი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრებით მინი გამოფენა-პრეზენტაციის ფორმატით მონაწილეებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.
პროექტის ერთ-ერთი დღე თეკლა წიკლაურის ვიზიტს უკავშირდება. ამ წარმატებულმა ახალგაზრდამ გოგონებს TOEFL-ის გამოცდის წარმატებით ჩაბარების გამოცდილება გაუზიარა და საერთაშორისო განათლებით დაინტერესებულ მონაწილეებს პრაქტიკული რჩევები მისცა.
სტუმრებმა და მოხალისეებმა პროექტს განსაკუთრებული, მხარდამჭერი გარემო შესძინეს. ერთ დღეს გოგონებმა მუნიციპალური ტრანსპორტით იმოგზაურეს და დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოინახულეს, სადაც ქალბატონებმა დალი ბაღაშვილმა და ლალი გურასპაულმა უმასპინძლეს და ფიქრია ზარიძის შთამბეჭდავი ნამუშევრებიც დაათვალიერებინეს.
-თქვენი კოლეგებიც თუ იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ პროექტში?
დიახ, რა თქმა უნდა. სპეცპედაგოგმა ლალი ნატროშვილმა ინკლუზიურ განათლებასა და სოციუმში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც მონაწილეებმა თემატური ფილმი განიხილეს. ბიბლიოთეკაში ვიზიტისას, მანანა მაჭარაშვილმა წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
პროგრამას დამატებითი ღირებულება შესძინეს მასწავლებლებმაც: თელავის №5 საჯარო სკოლის პედაგოგმა ზეინაბ კაკალაშვილმა სემინარი „ცოდნა, როგორც ცვლილების ინსტრუმენტი“ ჩაატარა, რამაც გოგონებს კრიტიკული აზროვნების გაღრმავებაში დაეხმარა. თბილისის №106 საჯარო სკოლის პედაგოგმა თამუნა გეგიძემ კი ემოციური ვორქშოფი გამართა თემაზე „მასწავლებელი – ხიდი უკეთესი მომავლისთვის“. მისი ჩანახატი „სულის მებაღე“ მონაწილეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რაც ნათლად აჩვენებს პედაგოგების მნიშვნელოვან როლს გოგონების განვითარებაში.
-დამატებით რა ღონისძიებები იმართებოდა პროექტის მიმდინხარეობისას?
კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებთან ერთად, გაიმართა კულინარიული მასტერკლასიც, სადაც მოხალისეებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.
-მოგვიყევით ინდოეთის საელჩოში თქვენს ვიზიტზე…
მონაწილეებთან და მოხალისე მასწავლებლებთან თამუნა გეგიძესა და ზეინაბ კაკალაშვილთან ერთად ინდოეთის საელჩოს მიწვევით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ვიმყოფებოდით. ეს იყო უნიკალური შანსი მულტიკულტურული ცნობიერების პრაქტიკაში გასაზიარებლად. ღონისძიებაზე გოგონებმა ქართული ეროვნული ცეკვები შეასრულეს და პედაგოგებთან ერთად საინტერესო თემებით წარსდგნენ უცხოელი მასპინძლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების წინაშე. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი გამოთქვა კიდევ ერთმა მოხალისემ, ბარბარე ჩიტიშვილმა, რომელსაც მთარგმნელის როლი ხვდა წილად. ქართული სამოსის და ინდური ელემენტების შთამბეჭდავმა კომბინაციამ მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ეს მოვლენა ახალგაზრდებისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან მათ ცოდნისა და კომუნიკაციური უნარების განვითარება შეძლეს მულტიკულტურულ გარემოში. პროექტის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა გულითადად მიულოცეს ინდოელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე და მადლობა გადაუხადეს ბატონ დარისპან პრაშერს ამ შესაძლებლობისთვის. ბატონი დარისპანი უკვე მესამედ მასპინძლობს დედოფლისწყაროელ ახალგაზრდებს კულტურულ ღონისძიეებზე.
პ.ს „გოგონების ჰაბი“ საზეიმო, ფინალური ღონისძიებით დასრულდა. პროგრამის შეჯამების შემდეგ, მონაწილეებმა საკუთარი ციფრული დღიურები წარადგინეს, სადაც მათი ოცნებები, გამოწვევები და ინტერესები იყო ასახული.
პროექტის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი და პრიზები გადაეცა. პროექტის ინიციატორმა ეკა სეფიშვილმა, ამ პროგრამის ავტორმა, სპონსორმა და აღმზრდელმა ხაზი გაუსვა ღირებულებითი განათლებისა და სოციალური თანასწორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ პროგრამის საშუალებით გოგონების ხედვა და ინტერესები გაფართოვდა.
ქალბატონმა ეკამ პროექტის მდგრადობისთვის მოიძია მხარდამჭერები, მათ შორის ისეთი კომპანიები, როგორიცაა ICI PARIS • ისი-პარი, Lutecia • ლუტეცია, Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა, წიგნის სახლი „ვარკეთილი“, რძის ქალაქი • Milky City, გურჯაანის ნაყინი • Gurjaani Ice Cream, TI’ME Georgia, PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი და #ბადაგი. ასევე, პროექტთან აქტიურად ითანამშრომლეს დედოფლისწყაროს მუნიციპალური საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა მანანა მაჭარაშვილმა, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლალი გურასპაულმა, ქეთევან მჭედლიშვილმა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა აგლაძემ, რაც თანამშრომლობისა და გოგონების გაძლიერების მტკიცე საფუძველია.
ფინალურ ღონისძიებას სკოლის პედაგოგები, მხარდამჭერები, გოგონების ოჯახის წევრები, №1 საჯარო სკოლის დირექტორი და მოადგილე ესწრებოდნენ. ღონისძიების სტუმარი გახლდათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაკა ჯანაშვილი, რომელმაც ჰაბის მონაწილეებსა და მოხალისეებს პროგრამის წარმატებულად დასრულება მიულოცა და პროექტის საგანმანათლებლო მიმართულებები დადებითად შეაფასა.
„გოგონების ჰაბი“ არ იყო მხოლოდ პროგრამა,ეს იყო მნიშვნელოვანი ინკლუზიური პროცესი, სადაც გოგონებმა დაიჯერეს, რომ მათ შეუძლიათ. მათ არამხოლოდ ციფრული უნარები შეიძინეს, არამედ საკუთარი თავდაჯერებულობა, კრიტიკული აზროვნება და სოციალური პასუხისმგებლობა გაიუმჯობესეს. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია იდეით და ადამიანების თანადგომით შექმნა ისეთი გარემო, რომელიც მომავალი თაობის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. როგორც ქალბატონმა ეკამ აღნიშნა, ეს პროგრამა გაგრძელდება სხვა სივრცეში, სხვა რაკურსით და უამრავი ახალი შესაძლებლობით.
ესაუბრა
ჟუჟუნა ყანჩაშვილი