დღის ამბებიერთი დღე

თამარ მიქელაძის ერთი დღე

თამარ მიქელაძე –  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


ჩემი ერთი დღე? რთული, ფერებიანი, სურნელიანი და მოუსვენარი… არც ვიცი, როგორ დავიწყო, როგორ გავაცნო საკუთარი თავი მათ ვინც არ მიცნობს. პროფესიით ლექტორი ვარ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში პროფესორები ისეთ ხელფასს არ იღებენ, რომ დასჯერდნენ ერთ სამსახურს. პირიქით, ვიცი რომ უამრავი ჩემი კოლეგა თელავშიც და თბილისშიც დამატებით სხვა სამსახურებში მუშაობენ და კიდევ ეძებენ სხვა სამუშაოსაც.

პროფესორის საქმიანობა არა მხოლოდ ლექციებია, ასევე კვლევა, პუბლიკაციებზე მუშაობა, პროექტების განხორციელება და უამრავი სხვა საქმე. მაგრამ ჩემი ცხოვრება მარტო ამ როლით არ შემოიფარგლება. ამას ემატება რეპეტიტორობა.
ერთი წლის წინ აღმოვაჩინე რომ ფერები მჭირდებოდა ცხოვრებაში – და გაიღვიძეს ჩემში ახალმა  “მე-ებმა”. ვმუშაობ თექაზე, ვხატავ ზეთის საღებავებით (თვითნასწავლი), ვამზადება ხელნაკეთ საპნებს. და ჩემი ერთი დღე არის ამ ყველაფრის კომბინაცია.

          

კვირა დილაა. სოსოს კონცერტის შემდეგ დილის 3-ზე დაძინებული ძლივს ვიღვიძებ 9-ზე და მახსენდება, რომ გაკვეთილი მაქვს მოსწავლესთან 10-ზე. ვემზადები სწრაფად, ვასწრებ სოციალურ ქსელში ჩემი საქმიანობის გვერდის მოწონებების გადახედვას და შეტყობინებების წაკითხვას. ვაჭმევ ჩემს საყვარელ ფისოს – “გუჩი”-ს  და ძაღლს – “ფიფქია”. რაც, არ უნდა ადრე ავდგე, ვაღიარებ, რომ დაგვიანება ჩემი ხასიათის განუყრელი ნაწილია. მივრბივარ გაკვეთილზე და იწყება საინტერესო პროცესი, როცა შენ გზამკვლევი ხარ და მიუძღვები მოსწავლეს უცხო ენის ლაბირინთებში. აღიარებულია, რომ მასწავლებლის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. იგი მართლაც მოითხოვს დიდ მოთმინებას. ჩემი 11-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე უკვე ვარჩევ, როდის რა მიდგომა გაამართლებს. ვუსვავ შეკითხვებს მოსწავლეს –  „მოსწავლე“ ზრდასრული ადამიანია (ესეც მტკივნეული თემაა ჩემთვის. ჩემი კვლევებიც ძირითადად ამ თემის ირგვლივაა – ზრდასრულთა უცხო ენის სწავლება. ქალაქში დღემდე ვერ გაიხსნა ზრდასრულთა განათლების ცენტრი (ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით), სადაც უცხო ენას შევასწავლიდი, როგორც ფინეთშია, დანიაში, გერმანიაში.

გაკვეთილების შემდეგ, მივდივარ სახლში და უამრავი გეგმები, იდეები მიტრიალებს თავში. სულ მეუბნებიან, რომ ჩემი სტილის ადამიანს მანქანა სჭირდება, თუმცა მათ არ იციან, რომ ფეხით როცა დავდივარ ეს ის დროა, როცა შემოქმედებით იდეებს ვუყრი თავს, ვალაგებ დღის გეგმებს და ვისვენებ.

დღეს ღვინის კუმპა (ძვ. ქართულად “საპონი”) უნდა გავაკეთო. ჯერ ვიწყებ რეცეპტზე მუშაობას. ვამოწმებ მაჩვენებლებს და შემადგენლობას. შემდეგ ვწონი სხვადასხვა ზეთებს, პარფიუმერულ ზეთებს, ინგრედიენტებს. ძალიან მიყვარს ეს სასიამოვნო პროცესი.

     

ამ დროს სულ იმაზე ვფიქრობ თუ როგორ მოეწონებათ ეს ახალი რეცეპტი ჩემს მომხმარებლებს. გადავწყვიტე დავამზადო ორიგინალური საპონი, წითელი და თეთრი ღვინის საპნის მასალა ფენებად უნდა დავადო ერთმანეთს (აქამდე მარტო წითელი ღვინის საპონი მქონდა). ეს უფრო შრომატევადია, სამაგიეროდ უფრო ლამაზი იქნება და ეფექტიც მეტია. იწყება ჩემი უსაყვარლესი პროცესი, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდება.
ამის შემდეგ ვალაგებ ჩემ ლაბორატორიას და გადავინაცვლებ სამზარეულოში, სადაც უკვე სხვა როლი მაქვს – დიასახლისის. მაგრამ, სულ ჩემი საქმიანობის ირგვლივ ტრიალებს ფიქრები. საღამოს უნდა შევფუთო საპნები. ორიგინალურ და მარტივ შეფუთვაზე ვფიქრობ. მიყვარს მრავალფეროვნება, არ მიყვარს გამეორება, მიყვარს სიახლე. ვამზადებ ეტიკეტებს, ვბეჭდი, ვჭრი, ვამაგრებ, ვფუთავ. თუ არ მომწონს დავშლი შეფუთვას და სხვაგვარად ვცდილობ. ხშირად დედას ვეკითხები აზრს. მოგწონს? რატომ მოგწონს? რატომ არ მოგწონს?
შევფუთე საპნები და მზადაა, ჩამწკრივებული ყუთში. და რა სასიამოვნო განცდაა, რომ დასრულებულია პროდუქტის დამზადების პროცესი და ახლა სხვა ადამიანებმა უნდა გაიხარონ შენი ნახელავით! თან ფოტოებს ვუღებ პროდუქციას და ვტვირთავ კომპანიის ფბ-გვერდზე.
ამაზეც მე ვარ პასუხსმგებელი. და იწყება კიდევ ერთი სასიამოვნო პროცესი – მოწონებები, კითხვები, ემოციები და ეს კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ვასწრებ კომუნიკაციას მეგობრებთან, ნაცნობებთან. შემდეგ ვაწესრიგებ ჩემს სამუშაო მაგიდას. და ახლა საბუთებს, ბუღალტრულ ნაწილსაც ვათვალიერებ და ვგრძნობ, რომ დავიღალე. კუმპას ივლისის გეგმა შევასრულე! მაგრამ ვიცი, რომ ხვალ კიდევ მეტი “ფერები” მინდა.

ძილის წინ საწოლში ტელეფონით ინტერნეტში ვკითხულობ პროფესიულ სიახლეებს, მერე საპნის ახალ ინგრედიენტებზე ვიძიებ ინფორმაციას და მახსოვს, რომ ხვალ ისევ რამოდენიმე “მე” იტრიალებს ჩემში: უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევის მონაცემები მაქვს  დასამუშავებელი, გაკვეთილები ჩასატარებელი, ლიმბოში საპნები მისატანი, თექის გობელენის თემაა მოსაფიქრებელი…

ახლა როცა ამ დღის წერა დავამთავრე, გავიფიქრე: და მერე? რას მიიღებს ჩემი მკითხველი ჩემი დღით? იქნებ ყველაფერი უფრო მოკლედ უნდა მეთქვა… უბრალოდ სანამ ცოცხალი ხარ უნდა მოასწრო, ყოველ დღე რაც შეიძლება გულწრფელი იყო საკუთარ თავთან, დიდი სიყვარულით გააკეთო ის, რისი კეთებაც შეგიძლია, სწავლობდე ახალს და მუდამ ძიებაში იყო.


დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე :  მთავარი ამბები კახეთში

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close