თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 მარტის მორიგ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, კენჭი უყარეს და დაამტკიცეს.
კერძოდ, სოფელ გულგულაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სოციალურად დაუცველ მოქალაქეს უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცა.
ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სასწავლო სვლისთვის ქუჩების განსაზღვრის მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
კენჭისყრის პარალელურად, დეპუტატებმა არაერთ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხზეც იმსჯელეს. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ე.წ. „უსახელო ხევის“ გასაწმენდად, რომელიც ქალაქის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
საკრებულოს წევრის, ზაზა ჩიკვაიძე განცხადებით, საჭიროა მუნიციპალიტეტმა შეძლოს ხევიდან ამოღებული სამშენებლო მასალის („ნატანის“) გამოყენების რეგულაციის მიღება.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ დეპუტატმა, ლევან ბერძენაშვილი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხევის გაწმენდისას ამოღებული მასალა შესაძლებელია მოხმარდეს დაზიანებული გზების მოხრეშვას. მაგალითად, მან სოფელ იყალთო დაასახელა, სადაც წყლის მილების შეცვლის შემდეგ გზები მძიმე მდგომარეობაშია და მოსახლეობა მოწესრიგებას თვეებია ელოდება.
ბერძენაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრობლემურია შემთხვევები, როცა ახლადრეაბილიტირებული გზები მალევე ზიანდება და მათი შეკეთება კვლავ ბიუჯეტიდან ხდება, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორებს საგარანტიო ვალდებულებები აქვთ.
მას მერიის წარმომადგენელმა, გირშელ აჩუაშვილი უპასუხა და განაცხადა, რომ იმ მონაკვეთებზე, სადაც საგარანტიო პირობები მოქმედებს, მუნიციპალიტეტი ორმოულ შეკეთებას არ ახორციელებს. მისი თქმით, გზების დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წყლის ფაქტორია და ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობა შესაბამის წყლის კომპანიას ეკისრება, რომელსაც ინფრასტრუქტურის აღდგენა ევალება.
სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თელავის სტადიონის საკითხიც წამოჭრეს. ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ადგილობრივ მატჩებს დროებით თბილისში გამართავს.
საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძე განცხადებით, სტადიონზე გამოვლენილი ხარვეზების საქმეს პროკურატურა იძიებს. პროექტზე, რომელშიც მუნიციპალიტეტმა 2 მილიონ 600 ათასი ლარი გადაიხადა, არსებული პრობლემების გამო ობიექტი ამ დრომდე ვერ ფუნქციონირებს.
დეპუტატმა, მიხეილ დაღუნდარიძე აღნიშნა, რომ არსებული დასკვნის მიხედვით, სტადიონის აღდგენას დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი სჭირდება. მისი თქმით, აღნიშნულ თანხას კლუბი თავად გაიღებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ გუნდი ვარჯიშს, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან შეძლებს.
ასევე სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სოფელ კურდღელაურის საბავშვო ბაღზეც, რომელიც ორი წლის წინ უნდა გახსნილიყო, თუმცა მოსახლეობა კვლავ მოლოდინშია. გირშელ აჩუაშვილის განცხადებით, ბაღი ინფრასტრუქტურულად მზად არის და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვენტარის შესყიდვის პროცესი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რის შემდეგაც დაწესებულება გაიხსნება. მისივე თქმით, დაგეგმილია ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც.
დეპუტატებმა იმსჯელეს ქალაქის შემოვლითი გზის პროექტზეც. არჩილ თხლაშიძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას საჭიროებს და უკვე შეტანილია პრიორიტეტულ პროექტთა სიაში.
სხდომაზე ლევან ბერძენაშვილმა ავარიული საცხოვრებელი კორპუსების საკითხიც დააყენა, მათ შორის 47-ე კორპუსი. გირშელ აჩუაშვილის თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს საჭიროებს. მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნის მიღება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის პროექტის დაგეგმვა.





















