28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებს.
აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონდამრღვევის მიმართ იმოქმედებს შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
კანონის შესაბამისად, რიგ შემთხვევებში მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას.
სახეობის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. თუ ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც.
ნადირობის სეზონის განმავლობაში, 2025 წლის 23 აგვისტოდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 893 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.





















