Home დღის ამბები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსშიც

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსშიც

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსშიც

კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრება დანაშაულის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით.

ამ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადა, სულ მცირე, ერთი წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატებას, “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

აღნიშნული მუხლი შეეხება საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ ან ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობისკენ სისტემატურ საჯარო მოწოდებას, ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ მოწოდებას, ასევე საკუთარი ან სხვისი თვითნებურად ხელისუფლების წარმომადგენლად წარმოჩენას, თუ ეს ქმედებები მიმართულია კონსტიტუციური წყობილების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს ან რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედება დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

იურიდიული პირის შემთხვევაში, სასჯელად განსაზღვრულია ჯარიმა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა.

კანონპროექტი შემდგომი განხილვისთვის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.