კახეთიდან 19 ახალგაზრდა ათენში, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციაზე გაემგზავრა
ახმეტის მუნიციპალიტეტის 13დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები, ათენში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგებიან, სადაც საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში, თითოეულ დელეგატს მინიჭებული აქვს კონკრეტული ქვეყნის სახელი, რომლის ოფიციალურ პოზიციას ისინი დიპლომატიურად და არგუმენტირებულად დაიცავენ.
კონფერენციაში, 11 ქვეყნის 700-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
ენის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა პაპუნაშვილი აღნიშნავს, რომ ქართული დელეგაცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აიღებს, რადგან საქართველოსათვის ეს პირველია და პროგრამა საკმაოდ დატვირთულია.
-“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას ესწრებიან დელეგატები მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან , რომანიდან , მონტენეგროდან,თურქეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან, რაც ღონისძიებას საერთაშორისო და მაღალი აკადემიური დონის ფორმატს აძლევს. ჩვენი მიზანია, ღირსეულად წარმოვაჩინოთ როგორც მინიჭებული ქვეყნები, ასევე საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა პაპუნაშვილმა.
ენის ცენტრი, სოფელ ზემო ალვანში ფუნქციონირებს და მასში რეგისტრირებულია 250-ზე მეტი მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში.





















