ნანა რჩეულიშვილის ერთი დღე

ნანა რჩეულიშვილი – ლიტერატორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ჩემი დღე პოეზიით იწყება. ამეკვიატება ერთი პოეტური ფრაზა და შეიძლება, მთელი თვე დამდევდეს თან. ამჟამად, ვაჟას ციტატი ამეთვისა – „… სპეროზიაის მთიდანა ცივი ნიავი მაჰქრისა…“ ამასაც თავისი მიზეზი აქვს, ალბათ…

ჩემი დღე რვა საათიდან იწყება. არც ადრე მიყვარდა ადრე ადგომა და ახლა მითუმეტეს(!). წინა საღამოს დაგეგმილს კიდევ ერთხელ გადავხედავ ახალგაღვიძებული. დილით სხარტია აზროვნება და შეიძლება ახალი აზრიც მოვიდეს.
სარკე? დიდხანს არ ვჩერდები სარკესთან.თავიდანვე სადა ვარცხნილობა და მსუბუქი მაკიაჟი ავირჩიე და ახლა რაღა შემაცვლევინებს?
უნივერსიტეტისთვის ვემზადები. ვღელავ და არცა ვღელავ… ვიცი, რომ იქ უამრავი მეოცნებე მელოდება. უყვართ ქართული ლიტერატურა,იციან პოეზიის გემო და თანაც ისეთი ლამაზები არიან! მე ხომ ერთი იმ ბედნიერთაგანი ვარ, ვისაც გაუმართლა პროფესიის არჩევანში – ვთვლი, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
ალაზნის გამზირიდან მოვდივარ. დავიბადე და გავიზარდე რჩეულიშვილების საგვარეულო სახლში, თელავური წლები გავატარე ნადიკვრის ასევე ფართოაივნიან, სიწყნარითა და სიმყუდროვით გამორჩეულ სახლში. წესით, უნდა გამჭირვებოდა კორპუსში ცხოვრება, მაგრამ – პირიქით, ჩემი პატარა ბინა არაჩვეულებრივია კითხვისათვის, წერისთვის, ფიქრისთვის…

ხშირად მაგონდება ნინო ერისთავის სიტყვები( თელავში ცნობილი ლიტერატორი ბრძანდებოდა): ეზოს კარებთან ჩამოვიფერთხავ-ხოლმე ოჯახურ სადარდელს და ისე მოვდივარ სკოლაშიო. მეც ასე ვარ,- უნივერსიტეტი არც დამაცდის ჩემს პატარა ოჯახზე ფიქრსა და დარდს.
ველოდები ტრანსპორტს. ალბათ, ვერც წარმოიდგენს ქალაქის მერია, როგორ გვჭირდება მუნიციპალური ტრანსპორტი. ყველას ხომ არ აქვს საკუთარი ტრანსპორტით სარგებლობის ბედნიერება.
არ მიყვარს პირველი ლექცია. არ მიყვარს, რომ იგვიანებენ, ან აცდენენ ლექციებს სტუდენტები. ჩემ თავს ვადანაშაულებ ამაში. “ ქართული მწერლობის სახისმეტყველების საკითხებს“ მეტი ყურადღება და ჩაღრმავება სჭირდება.ლექციების მერე სასიამოვნო დაღლილობა მეუფლება, – დასვენება მინდა.
დეპარტამენტში სასიამოვნო სიმყუდროვეა და ჩუმი, დაფარული ღელვა.სასწავლო რეჟიმი ძალზე სათუთი და საპასუხისმგებლოა.კარებთან – სტუდენტთა დაუსრულებელი ნაკადი: მზადება კონფერენციისათვის, მზადება საბაკალავრო ნაშრომების დაცვისთვის, კრედიტები, თავისუფალი კრედიტები, ქულები…ქულები….
ზოგჯერ მენატრება ის ძველი რაჟიმი – შეფასების ხუთბალიანი სისტემა, სტუდენტთა აღრიცხვის ჟურნალები, სტუდენტებით სავსე კიბეები და კიდევ, სხვა რაღაცნაირი სითბო-სიყვარული. რას იზამ! უნდა შეეგუო სიახლეს
დეპარტამენტში, თითქმის ყოველ 15 წუთში, ბ-ნი როინი შემოიხედავს( ჩვენი „მოძღვარი“). კვირის ბოლოს ტრადიციული კონფერენცია გვაქვს ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად – „კლასიკოსთა გაკვეთილები“. სტუმრებს საკადრისი დახვედრა უნდათ. ამიტომაც ღელავს მთავარი მასპინძელი და ჩვენც გვამზადებს ამ შეხვედრისათვის.ამჯერად, მუხრან მაჭავარიანს ეძღვნება კონფერენცია. მოხსენება მზად მაქვს. მაინც გადამდებია საერთო ღელვა.
ორი საათისთვის რექტორის კაბინეტში გვიბარებენ. ქალბატონი ირმა ღიმილით გვხვდება დეპარტამენტის რამდენიმე წევრს. მიზეზი – ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში შეტანილი წვლილისათვის ჩვენი დაჯილდოებაა მადლობის სიგელით. ბ-ნი ირაკლი სესიაშვილი გვაჯილდოებს. თუმცა, თვითონ ვერ მოიცალა და ქალბატონი ირმა ასრულებს ამ მოვალეობას. რა საამაყოა, რომ ისეთ ღვაწლმოსილ ადამიანებთან ერთად, როგორებიც ბ-ნი როინ ჭიკაძე, ქალბატონები- მაყვალა მიქელაძე და ლია ტალახაძე არიან, მეც მერგო საპატიო ჯილდო.

სახლში მობრუნებულს მე-7 სკოლის მოსწავლეები მხვდებიან. უკვე რამდენიმე წელია უნივერსიტეტში ტრადიციად ვაქციეთ კონფერენცია სახელწოდებით „სკოლა და უნივერსიტეტი“. სკოლის მოსწავლეებს ამ გზით ვაახლოებთ უნივერსიტეტთან, სტუდენტებთან, ერთად ვამუშავებთ საინტერესო მოხსენებებს, გვსიამოვნებს ეს ურთიერთობები.
მერე შვილი და მისი ახლადშექმნილი ოჯახი მყავს საზრუნავი. ყველაზე უფრო ახლა ვჭირდები იმას, ვინც უფლის საჩუქრად მიმაჩნია და საჩუქარს კი დიდი გაფრთხილება უნდა. მიყვარს სამზარეულო, ჩემებს კი ჩემი ნახელავი მოსწონთ. სულ რომ არაფერი, ყველიან „მაჭკატებს“ მაინც გამოვაცხობ და მივაწვდი.
საღამოს ჩემს და-ძმას მოვიკითხავ. სულ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც სულ ახლოს ვართ ერთმანეთთან. განუზომელია დედმამიშვილის სითბო და სიყვარული. ჩვენმა მშობლებმა გვიანდერძეს ერთმანეთის მოვლა-გაფრთხილება.
მხოლოდ გვიან ვახერხებ ჩემ თავთან მარტო დარჩენას. ვკითხულობ… ახალი წიგნები მაჩუქეს ამასწინათ და ვერ მოვისურვილე კიდევ. მოდის ხვალის ფიქრებით დატვირთული ღამე….ისევ დაუბერავს „სპეროზიაის მთიდან ცივი ნიავი“ და ისევ ვიდარდებ ჩემს სადარდელზე.


რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს



Facebook Comments