დღის ამბებიერთი დღე

თამარ მოდებაძის ერთი დღე

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ათი წელიწადია სტატიებს ვწერ, დღიური ბავშვობის შემდეგ არ დამიწერია. წლების წინ იმიტომ შევწყვიტე დღიურების წერა, ჩემმა კლასელმა რომ მომპარა და წაიკითხა. ახლა კი, ცოტა ვღელავ, რადგან ამ დღიურს ვიღაც მაინც წაიკითხავს.

თელავსა და მის შემოგარენში- წყლის რეზერვუარების გამორეცხვა
593 273372


შვებულება მაქვს, მაგრამ ტრადიციულად 6 საათზე გავიღვიძე. თითქოსდა ჩვეულებრივ დღეს ორი მიზეზი აქვს, რომ ის არაჩვეულებრივი იყოს: დღეს ჩემთვის უძვირფასესი ორი ადამიანის – დედაკოს და მამაკოს დაბადების დღეა. ორივე ჩემთვის შეუცვლელია, ორივე უზომოდ მიყვარს!! მთელი სულით და გულით ვთხოვ უფალს მათ ბედნიერებას და ჯანმრთელობას. უკვე 30 წელია ერთმანეთის მეორე ნახევრები და მეგობრები არიან. მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ალბათ ამიტომ დაიბადნენ ერთ დღეს, ერთმანეთისთვის – ერთად!!

მეორე მიზეზი ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანებს (დებს) ქეთოს და მარიამს უკავშირდება, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდნენ გერმანიიდან. როგორც იქნა, მთელი წლის საშინელი მონატრება დროებით დასრულდა და დადგა ჩემი ნამდვილი ზაფხულიც. სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ ეს ადამიანები არიან მთავარი ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ისინი მაგრძნობინებენ ყველაზე დიდ სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.

იცით, რამხელა ბედნიერებაა, როცა ოჯახის ყველა წევრი დილას ერთად ხვდებით?! ეს დღე დაბადების დღეზე მეტია… ალბათ, იმიტომ რომ გავიზარდე ყველაზე თბილ და სიყვარულით სავსე სახლში, სადაც არ შეიძლება ერთმანეთი გვყვავდეს და ეს არ იყოს ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება.
თვალების გახელისთანავე ჩემი პაწაწინა დის სუნთქვას ვუსმენ. არადა მარიამი უკვე 24 წლისაა. მიყვარს იმის შეგრძნება, რომ მამას შემდეგ ყველაზე ადრე ვდგები. ამ დროს აკურაში ყველაზე სუფთაა ჰაერი და ცუდიც არაფერი ხდება.
დედას და მამას დაბადების დღე გულში ჩახუტებით მივულოცე. (სიმღერაც კი მივუძღვნი! ) დილის რიტუალი ტრადიციულად „რანჩო გრიალაში“ აყვავებული ყვავილების მორწყვით გავაგრძელე. აქ ყველა დეკორაცია ჩემი შექმნილია და ძალიან მიყვარს.
დილით 9 საათზე ბავშვობის მეგობარმა შალვამ მომაკითხა, ყავა დავლიეთ და მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალი გავაკეთეთ. ჩემი გერმანელი სიძის, კრისტიანის საპატივსაცემოდ, უპირატესობა თელავის ისტორიული მუზეუმის ნახვას მივანიჭეთ. გვინდა კრისტიანი ქართული სტუმართმოყვარეობით და თელავისთვის დამახასიათებელი მაღალი კულტურული გარემოთი კიდევ ერთხელ მოვნუსხოთ.

10 საათზე ეზოში მოწყობილი წყლის გაყვანილობით მანქანა ჩემი ხელით გავრეცხე, თან ტელეფონში „ფაქტ-ჩეკის“ რედაქტორის შეტყობინება მივიღე, რომელიც მიმდინარე კვირის გეგმებზე მწერდა. ორი წელია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ანალიტიკოსი ვარ კახეთის რეგიონში. კარგი გუნდი გვყავს და მოტივირებულ, პროფესიონალ ადამიანებთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა.
ამასობაში ქეთომ და მარიამმაც გაიღვიძეს და დილა გაპრანჭვით დაიწყეს. მერე მეც გამოვეწყვე საგანგებოდ და ჩემი ტურისტებიანად თელავისკენ დავიძარი. როგორც ყოველთვის, ჩემი თელავი მოწოდების სიმაღლეზე დაგვხვდა! ახლად გახსნილი ისტორიული მუზეუმი და გალერეა დავათვალერეთ, ფოტოები გადავიღეთ, ცოტა ხანს ეზოში დავსხედით. კრისტიანმა აღიშნა, რომ ისტორიას, რომელიც დღეს მოისმინა, რაღაც სევდა სდევდა თან.
შვებულებაში ვარ, მაგრამ თელავში ასულს ჩემ საყვარელ სამსახურში – „დემოჩართში“ რომ არ შემევლო და ლიკა არ მენახა როგორ გავძლებდი. 10 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენივე ადგილია ქვეყანაში, სადაც მიხვალ და შენთვის ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საჯარო ინტერესის საგანია რაიმე ახალს გაიგებ, მოგისმენენ და დაგეხმარებიან.
თითოეული ცენტრის მიზანი რეგიონებში დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა.
შემდეგ „ბრავოსკენ” გავეშურე, სადაც ჩემი დები და მეგობრები სადილობდნენ. მოედანი ფეხით გავიარე. აქ ხომ თოთოეული ნაცნობის ნახვა და მისალმება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. კახურად მწვადზე და ხინკალზე წავიხემსეთ.  მე, ქეთომ, შალვამ, ირაკლიმ და ზურამ რამდენიმე ბავშვობის კურიოზი გავიხსენეთ და ვიცინეთ. ბავშვობის მეგობრებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ ჩემთვის. რაც თავი მახსოვს, ეს სამი ბიჭიც მახსოვს. მათგანაც განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ და თვალდახუჭული ვენდობი.
სუფრასთანაც ვერ მოვისვენე და სოციალურ ქსელებში საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალური გვერდები შევამოწმე. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ წელსაც კახეთის რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე ამიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, არ მინდა რამე გამომრჩეს.
სახლში მისვლამდე ვენახებს ჩავუარე და ჩემ დებს თავაწეულმა და ბედნიერმა ჩემი ვაზიშვილები ვაჩვენე. მართალია მამა უძღვება ამ საქმეს, მაგრამ ჩემი ხელიც ურევია და მიყვარს იქაურობა. თან სიამაყით აღვნიშნე კრისტიანის გასაგონად, რომ ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.
ამასობაში მოსაღამოვდა და ნათესავებმა და მეგობრებმაც შეკრება დაიწყეს. დიდ ოჯახში გავიზარდე და ხალხმრავლობას ბავშვობიდანვე მივეჩვიე. საღამოს კულმინაცია და მთავარი სიურპრიზი დედას მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც (ნინო მასწავლებეთან) წელსაც ფოიერვერკით მოვიდნენ. როცა შენი საყვარელი ადამიანი უყვართ, სიამაყის გრძნობას იწვევს. საღამო მუსიკალურად სოფელში ცნობილმა მომღერალმა დათომ გააფორმა. რამდენიმე სოლო პარტია მეც შევასრულე.
დასაძინებლად ღამის 2 საათზე ავედი. საუბარი ჩემს ოთახში მყოფ მარიამთან ჩახუტებით და სიტყვებით, „მიყვარხარ ცხოვრებიკო, აღარსად გაგიშვებ“ დავასრულე: ფიქრებში ხვალინდელ გეგმებს ვაწყობ და მიხარია, რომ უკვე გასულ ერთ ფერად დღეს თქვენ გიზიარებთ. მე ხომ იმისთვის დავიბადე, რომ თქვენთვის ფერები და ღიმილი მეჩუქებინა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close