წარმოვიდგინოთ ერთი დღე, როცა არ ვიყენებთ მათემატიკას: ქვეყანაში არ ხდება ყიდვა-გაყიდვა, ბანკებში თანხის თვლა, ტრანსპორტით მგზავრობისას საფასურის გადახდა, აფთიაქში წამლების შეძენა და სხვა. შედეგად მივიღებთ ქაოსს, რომელსაც დასასრული არ ექნება.
გარშემო ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით არის მოწყობილი და ჩვენი ცხოვრება მის გარეშე ერთ წუთშიც კი დაზარალდება.
საოცარი ისაა, რომ სულ 10 ციფრს ვიყენებთ და ამ ელემენტარული ციფრებით შეგვიძლია, ვეზიაროთ უსასრულობას!
მათემატიკა ზუსტთან ერთად, პროგრესირებადი მეცნიერებაცაა.
მე პირადად, სიყვარულსაც კი მათემატიკას ვუკავშირებ, სადაც 1+1 ყოველთვის 2-ზე მეტია.
ბავშვს, რომელსაც მათემატიკის სწავლა უჭირს, უნდა მიუხვდე გაჭირვების მიზეზს, მოსწავლე შენთან გარკვეული შესაძლებლობებით მოდის და მისი შეფასება პირველი ნაბიჯია, რაც მასწავლებელმა სწავლების პროცესში უნდა გადადგას. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, დაგეგმო შესაბამისი აქტივობები.
ცხოვრებისეული მოვლენების მაგალითზე დაყრდნობით, მასწავლებელს შეუძლია რთული საკითხები გასაგები გახადოს და მათემატიკის საჭიროებაც დაანახოს მოსწავლეს.
თქვენს წინაშეა სიტუაციური ამოცანა: დავუშვათ, რომ გასატეხი კაკალი (1 კგ) ღირს 10 ლარი, დარჩეული ნიგოზი – 25 ლარი. თუ 2 კგ გასატეხი კაკლისგან გამოდის 1 კგ ნიგოზი, რომელ ვარიანტს აირჩევთ – იყიდით კაკალს თუ იყიდით გარჩეულ ნიგოზს?
ამოცანის პასუხად ერთმა მოსწავლემ, ვისაც პირდაპირი ბიზნეს გათვლა ჰქონდა, მიპასუხა, რომ იყიდის 2 კგ კაკალს, მისგან გამოიყვანს 1 კგ ნიგოზს, გაყიდის და მიიღებს მოგებას. მეორე მოსწავლემ კი თქვა, რომ მისთვის მომგებიანი იქნება იყიდოს გარჩეული ლებანი, რადგან დრო მისთვის უფრო ძვირია.
თავის ლოგიკაში ორივე მართალი იყო. აქედან გამომდინარეობს, რომ მათემატიკა ბავშვს უყალიბებს ლოგიკური აზროვნების უნარს და ასწავლის არგუმენტირებულ მსჯელობას, ეს უნარები კი ბავშვს ეხმარება, იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი.
35 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე სკოლაში ვასწავლი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო), არასდროს მიფიქრია, რომ მემუშავე სხვაგან, თუმცა „ჩემი ევროპული სკოლის“ ხიბლს ვერ გავუძელი და წელს მეც შემოვუერთდი ახალგაზრდა კოლექტივით დაკომპლექტებულ გუნდს.
ვერ ვმალავ აღფრთოვანებას იმის გამო, რომ საგნობრივ ცოდნასთან ერთად, აქაურ მასწავლებლებს, აქვთ სიღრმისეული ცოდნა სხვა სფეროებშიც. ეფექტური გაკვეთილების ჩასატარებლად, მასწავლებლებს კლასში ყველანაირი რესურსი გვაქვს.
ჩემი ევროპული სკოლის ბავშვებსაც ამჩნევიათ ხარიხსხიანი განათლების კვალი, მათ აქვთ შეგნებული დამოკიდებულება აკადემიური ცოდნის მიმართ, რადგან კარგად ესმით, რომ მშობლები მნიშვნელოვან ინვესტიციას დებენ მათ განათლებაში.
ვერიკო პარწიკანაშვილი – ჩემი ევროპული სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი