საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მინისტრთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი დაესწრო.
განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა, მათ შორის კახეთის რეგიონის წარმომადგენელია, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მასწავლებელი შორენა ყარალაშვილი.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება. ამასთან, ყოველწლიურად ამ დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი.
 
             
	




















