სოფელ ქვემო ალვანში ცენტრალური გზის მონაკვეთი 8 თვეა გადათხრილია.
ადგილობრივები ჩივიან, რომ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, მტვერსა და ტალახში გადაადგილება უწევთ.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დროს დააზიანეს ინტერნეტის კაბელი, წყლისა და გაზის მილები, რის შედეგადაც სოფელს 2 დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება.
პრობლემა ეხება არა მხოლოდ ქვემო ალვანის, არამედ მიმდებარე სოფლების მძღოლებსაც, რადგან ავტომობილებით გადაადგილება განსაკუთრებით ჭირს წვიმიან ამინდში.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ გზა სახელმწიფო მნიშვნელობის არის და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სერპანტინი“ ასრულებს.
საკითხის დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტოს.




















