ბლოგებიინტერვიუმთავარი ამბები

ლელა ლაშხი – ეს სამყარო ყველას ერთნაირად ეკუთვნის

0

 

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. mak.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.

როგორ აღვწერ საკუთარ თავს სამი სიტყვით?

– გულწრფელი, სამართლიანი, ანარქისტი.

როლური მოდელი ქალები, ლიტერატურა და მუსიკა

ჩემს ცხოვრებაში სამი როლური მოდელი ქალია: პირველი, დედაჩემი – რომელიც ღირსებისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოა ჩემთვის. იტალიელი მომღერალი იოლანდა ჯილიოტი, იგივე დალიდა – მისი საოცრად ტრაგიკული და უსამართლო ცხოვრება ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა, რომ არავისთვის მიმეცა უფლება, გამოვეყენებინე, არ ამერია ერთმანეთში პირადი ცხოვრება და კარიერა და მეფიქრა, რომ სუიციდის ადგილი ცხოვრებაში არაა. მისი მუსიკა შთამაგონებდა ძალიან დიდხანს და დღემდე ასეა. ჟანა-დარკი – მგონი, არ სჭირდება ახსნა, რა შეიძლება მომწონდეს ამ ქალში, უფრო სწორად, პატარა გოგოში. ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, სიმონ დე ბოვუარი, ფრანგი მოქანდაკე, კამილ კლოდელი და ფრანგი მწერალი – იზაბელ-სიდონი კოლეტი. დედაჩემისა და კამილ კლოდელის გარდა, სამივე ძლიერი, დამოუკიდებელი, ფუნდამენტური ღირებულებებითა და რაციონალური იდეებით სავსე ქალია. ანალიზის საოცარი უნარებით. ქალში ყველაზე მეტად ეს მხიბლავს.
ჩემი პირველი წიგნი „პატარა უფლისწული“ იყო, რომელსაც დღემდე, წელიწადში ერთხელ ვკითხულობ. ვაჟა-ფშაველა იყო ჩემთვის ლიტერატურული საზომი. მერე შექსპირი, სარტრი, ბოვუარი, ფოლკნერი, ნიცშე, კაფკა, ჯოისი, ბულგაკოვი… სია იმხელაა, ალბათ, ხვალამდე მომიწევს წერა. თითოეული ავტორის თითოეული ნაწარმოები, რასაკვირველია, ემოციურია და გინდა, არ გინდა, გავლენას ახდენს განწყობაზე. ცხოვრების მიმართ სხვანაირად ხარ განწყობილი, როცა ბევრს და მაქსიმალურად სხვადასხვა ჟანრის, ფორმის, ზომისა და ღირებულების მქონე ისტორიებს კითხულობ.

ჩემი დღისა და ღამის განუყოფელი ნაწილია კლასიკური მუსიკა – ჩაიკოვსკი, შოპენი. ჯაზი მიყვარს. ელექტრონულ მუსიკასაც ვუსმენ, ალტერნატიულსაც. რეპის გარდა, ყველაფერში შემიძლია განწყობა ვიპოვო, მაგრამ ფრანგული მუსიკა მაინც უალტერნატივოა ჩემთვის – ის, რაც 80-იანი წლებიდან დღემდე იქმნება.

,,ადამიანის უფლებები, მაგრამ არა ქალებისთვის”

რა არის თავისუფლება, ასე მარტივად ვერაფრით განავრცობ. ყველას თავისებურად ესმის და გამოხატავს. თუმცა, შეიძლება, როცა ის გაქვს, რაც გინდა, ესეც იყოს თავისუფლება. როცა იქ ხარ, სადაც თავს კარგად გრძნობ. როცა არსად გეჩქარება, ესეც. ჰამაკში წოლაც – პირში რომ ტკბილი ბალახი გიდევს და ატრიალებ.
რამდენი, სადაც და როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ თანასწორობაზე, ქალის უფლებებზე, თანამედროვე მსოფლიო დღემდე არაა მზად ამის ბოლომდე მისაღებად და აღიარებისთვის. აი, მაგალითად, საფრანგეთი ხომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ადამიანის უფლებების კუთხით, ხშირად მოისმენთ, რომ – droit de l’homme, mais pas pour les femmes (ადამიანის უფლებები, მაგრამ არა ქალებისთვის). მაგალითად, დღემდე ეკითხება მოსამართლე გაუპატიურებულ ქალს სასამართლო პროცესის მსვლელობისას, განიცადა თუ არა მან ორგაზმი აქტის დროს… საერთოდ რაზეა ლაპარაკი?!
განსხვავებები
ყველაფრის მიუხედავად, მართლა არ მიმაჩნია, რომ ვინმესგან რამით განვსხვავდები, რადგან ასეთი დავიბადე. ეს იმის პრობლემაა, ვისაც ამაში რამე უცნაური ჰგონია. არასოდეს მხიბლავდა გეი ბარები სწორედ ამის გამო და ძალიან ჩვეულებრივად დავდივარ ჩემს შეყვარებულთან ერთად იქ, სადაც ყველა, რადგან გაცილებით დისკრიმინირებულად მიგრძვნია თავი, როცა ასეთ ადგილას მოვხვედრილვარ დაუგეგმავად. თითქოს რაღაცას, ვიღაცას ემალები და რაღაცნაირ თავშეყრას ჰგავს, აკრძალულს. ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს, პირიქით, მზღუდავს და მაბრაზებს.
მდგომარეობრივი თვალსაზრისით, ორი ადამიანის ყოფა არ შეიძლება ერთნაირი იყოს, მათი ინტერესების, ინტელექტუალური შესაძლებლობების, მენტალობის, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გამო. ჰეტერო იქნება თუ გეი, ჩემი აზრით, ბევრს არაფერს წყვეტს.

 

წინააღმდეგობა და თავდაცვა

ადამიანების იმ კატეგორიასთან, რომლებიც მაქსიმალურად მიგითითებენ, გაიძულებენ, ან რამენაირი ფორმით გამოხატავენ მათთვის მისაღებ სტანდარტებში მოექცე, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, რადგან ეს იზრდება დაპირისპირებასა და საშინელ უსიამოვნებაში. ამიტომ სჯობს, ამ კლასის საზოგადოებასთან უბრალოდ არაფერი გაკავშირებდეს.
ჩვენ სულ გვიწევს თავის ან სხვისი დაცვა, ნებისმიერ დროსა და სივრცეში. გამკლავება ყველას არ შეუძლია და აუცილებლად ვიჩენ ხოლმე ინიციატივას. ფიზიკურადაც გამიწევია კაცზე, რომელიც საკუთარ ცოლს აყენებდა საშინელ სიტყვიერ შეურაცხყოფას ქუჩაში, როცა ჩავერიე, გამოიწია და ადეკვატურად ვუპასუხე. ერთი შემთხვევა მახსენდება – სახელმწიფო უნივერსიტეტის უკან ეზოში პატარა ეკლესია იყო. მეორე კურსზე ვიყავი. იქ დამხვდა ორი მუტრუკი და ფიზიკურად გამისწორდა. თავის დაცვას ვერანაირად შევძლებდი, რადგან ერთი უკნიდან მომეპარა და კეფაში რაღაც ჩამარტყა, გონება დავკარგე. მაშინ ჩემგან სათანადო პასუხი მიიღეს და იმაზე გაცილებით მკაცრი, ვიდრე საჭირო იყო. ამ პერიოდის გახსენება არ მიყვარს. ამის შემდეგ რეფლექსები მაქვს და გამორიცხულია, ვინმე შეუმჩნევლად მომიახლოვდეს, მინიმუმ, ხუთი მეტრის რადიუსში.
გამიწევია წინააღმდეგობა სიტყვიერად, ფიზიკურად, მაგრამ არსებობენ მასები, სადაც ეს სრულიად შეუძლებელი და უშედეგოა. ამიტომ, უნდა გაერიდო და შეეცადო, მათთან აღარასოდეს გადაიკვეთო, თუნდაც, ეს საკუთარ ოჯახის წევრებს ეხებოდეს. ასეთებიც მყავს და მათი არსებობა იმდენად დავიწყებული მაქვს, თითქოს არც კი დაბადებულან.

ცხოვრება გრძელდება და რაც დრო გადის, უფრო საინტერესოა მასში მონაწილეობა
ჰომოფობიურ ნიადაგზე დისკრიმინაციას ფინანსურად დიდად არასდროს შეუშლია ხელი ჩემთვის, რადგან შემოსავლის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა წლების წინ, ერთ ძალიან ცნობილ დაწესებულებაში ვმუშაობდი, სადაც მას შემდეგ, რაც ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ შეიტყვეს, პირდაპირი გაგებით დამაკლეს ხელფასი და მერე სულ მომიხსნეს.
ყველაზე მწარედ რაც მახსენდება და ვერასოდეს მოვინელებ, პირდაპირი გაგებით, გამრიყა მთელმა მეექვსე კორპუსმა, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს ამბავი კვლავ მაწუხებს და უსიამოვნო ემოციებს აღმიძრავს. ერთმა მატყუარა გოგომ, რომელიც გულწრფელად მიყვარდა, გადაწყვიტა, ჩემზე შური ეძია იმის გამო, რაც არ ჩამიდენია. მართლა არაფერი ჩამიდენია. უახლოესი მეგობრები განმიდგნენ. ზურგს უკან დამცინოდნენ. ჩემს გასაგონად საშინელ რამეებს ამბობდნენ ჩემზე. მაქსიმალურად მაჩვენებდნენ, რომ ჩემი სექსუალური შეხედულებების გამო მსჯიდნენ. წლების მერე, ბევრისგან მოვისმინე ბოდიში, მაგრამ მაინც იმ ადამიანებად დარჩნენ ჩემს თვალში, ვინც უსამართლოდ გამრიყა და დამამცირა ჰომოფობიურ ნიადაგზე. კი, გატეხილ ლარნაკს შეაწებებ, მაგრამ პირვანდელი ფორმა ვეღარ ექნება. დროთა განმავლობაში ორი ყურისა და გულგრილობის უნარი განმივითარდა. შვილის ნორმალურ სივრცეში გაზრდის გამო, საცხოვრებელი ქვეყანა შევიცვალე, საქართველოში ეს მაშინაც შეუძლებელი იყო და ახლა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ სასოწარკვეთილი, უიმედო, მოტყუებული, შეურაცხყოფილი და ქცევის კონტროლიდან გამოსული, მუდმივად ვაიძულებდი საკუთარ თავს, დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი. უაზრო თვითგვემის ნაცვლად, გადავრთულიყავი და გავნიავებულიყავი, რადგან ცხოვრება გრძელდება და რაც დრო გადის, უფრო საინტერესოა მასში მონაწილეობა.
ეს სამყარო ყველას ერთნაირად ეკუთვნის
ვფიქრობ, რომ მიზოგინიის, ჰომოფობიის, ბიფობიის, ტრანსფობიისა და, ზოგადად, ფობიების დაძლევა, შესაძლებელია სწორი ინფორმაციის მიღებითა და განათლებით. მტრულ გარემოში მცხოვრებ ქალებს კი ვეტყვი, რომ არასდროს დანებდნენ.
პირველ რიგში, უნდა მოხდეს განათლების სისტემის სრული რეფორმა და ადრეული ასაკიდან, ყველა ტიპის დაწესებულებაში, ასაკობრივი განვითარების შესაბამისად მიეწოდებოდეს ინფორმაცია ახალ თაობას, რომ ადამიანები იბადებიან ისეთები, როგორებიც იბადებიან და მათი ადგილი ჩვენ გვერდითაა, რომ ეს სამყარო ერთნაირად ეკუთვნის ყველას. დანარჩენი ასაკთან ერთად მოდის. ადამიანს, მისი ყოველი ემოციური და გააზრებული ნაბიჯი აძლიერებს. მთავარია მიზანი და იქამდე მისასვლელ გზას აუცილებლად იპოვნი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close