საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება, რომელიც მიზნად მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების მოპოვებას ისახავს, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.
ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. ამ ტიპის სამართალდარღვევისთვის დაწესდება სანქციები: ფიქციურ ქორწინებაში მხილებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ემუქრება ორიდან ათ წლამდე ვადით.
ასეევე, შესაძლოა, პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდამრღვევად ჩათვლის, ფულადი ჯარიმა დაეკისროს, ან შეეფარდოს შინაპატიმრობა ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.
ახალი საკანონმდებლო პაკეტით, ცვლილებები იგეგმება უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის წესდებაშიც, სასწავლო ბინადრობის ნებართვების გაცემის წესსა და საქართველოს მოქალაქეებზე ქორწინების საფუძველზე ქვეყანაში დარჩენის პირობების მიმართულებით.
ცვლილებები ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.
ცვლილები ეხება სასამართლო სამართალწარმოების პროცედურებსაც. მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება, მოსამართლეებმა საქმეები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილონ.
სამინისტრო აღნიშნულ ნაბიჯებს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და ლეგალური მიგრაციის ჩარჩოების დაცვის აუცილებლობით ასაბუთებს.





















