გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ შილდის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდა.
უწყების განმარტებით, ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. ფაქტთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
სპეციალისტების თქმით, ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, კანონით დასჯადი ქმედებაა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.





















