ეკონომიკა

მოსახლეობის დიდი ნაწილი 57% დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს – სებ-ი

მოსახლეობის დიდი ნაწილი 57% დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს - სებ-ი

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ახალი პროექტი გამოაქვეყნა.

„ფინანსური განათლების მოქმედი სტრატეგია 2016 წელს შემუშავდა და საქართველოში მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნის პირველ პრეცედენტს წარმოადგენდა. ფინანსური განათლების ახალი, ეროვნული სტრატეგია, ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, ძირითადი სარეკომენდაციო დოკუმენტი იქნება. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას: ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვა, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელება და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფა,“- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პროექტშია აღნიშნული, საკუთარი ფინანსების კონტროლის თვალსაზრისით, მოსახლეობის 57%-ს აქვს გეგმა, როგორ გააკონტროლოს ოჯახის შემოსავლები და ხარჯები (აქვს ოჯახის ბიუჯეტი), 88% -დროულად იხდის გადასახადებს, 71% – აკონტროლებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, 70% – გააზრებულად ეკიდება შესყიდვებს და შესყიდვისას განიხილავს ალტერნატივებს.

„ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის 66.7% აქტიური დამზოგველია, თუმცა, მათგან მხოლოდ 33.1% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს (ზოგადად, კი მოსახლეობის 40.4% ისახავს გრძელვადიან მიზნებს).

ამასთან, ნაკლებია ნდობა ფორმალური სისტემებისადმი, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს დანაზოგი საბანკო დეპოზიტზე (11%) და დიდი ნაწილი სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს დანაზოგს (57%), ან ოჯახის წევრებს ანდობს შესანახად (25%).

მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მათ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები აჭარბებდა შემოსავალს. აღნიშნულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ისინი მიმართავდნენ სესხებას, თუმცა, უმეტესობა არაფორმალურ წყაროს, მაგალითად, თანხას სესხულობდნენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან ან ახლობლებისგან (30.4%) ან მაღაზიიდან პროდუქტი მოჰქონდათ შემდეგში გადახდის პირობით (9.2%), მცირე ნაწილმა კი თანხა ისესხა ფორმალური წყაროებიდან, მაგალითად აიღო სამომხმარებლო სესხი ფინანსური მომსახურების მომწოდებლისგან (7.7%).

რაც შეეხება ფინანსურ სიძნელეებთან გამკლავების არასასესხო გზებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მხოლოდ მცირე ნაწილმა თქვა უარი ხარჯების შემცირებაზე (16.1%) და უფრო მეტმა მიმართა დახმარებისთვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს (22.9%),“-ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები ეყრდნობა 2019 წელს, „OECD/INFE-ის“ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით საქართველოში ჩატარებულ ფინანსური განათლების დონის კვლევას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close