Home დღის ამბები ეკონომიკა უხვა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა – ღვინის ეროვნული...

უხვა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა – ღვინის ეროვნული სააგენტო

უწყების ინფორმაციით, შედეგად, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი გაიზარდა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე კობერიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს ყურძნის მოსავლის რაოდენობა გასული წლის რაოდენობას 30%-ით აჭარბებს.

“-უხვა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა კახეთსა და რაჭის რეგიონში, კრეფის პიკური დღეები წარმოქმნა და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი გაზარდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში. გარდა ამისა, ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გარკვეულ დროს. ამასთან ერთად, ყველა საწარმოს აქვს ყურძნის დღეღამური გადამუშავების ლიმიტი“, – აღნიშნა კობერიძემ.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მიიღონ ინფორმაცია სოფლის რწმუნებულებისგან, აიღონ შესაბამისი ცნობა, შემდგომ დაიწყონ კრეფა და მივიდნენ მითითებულ საწარმოში.

მისივე თქმით, შტაბი მობილიზებულია და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო მასალა ახმეტიდან, ღვინის საწარმოსთან წარმოქმნილი რიგების შესახებ.

მევენახეები ამბობენ, რომ ეს პროცესი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ მოკრეფილი მოსავალი უფუჭდებათ.

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 283 ათასამდე ტონამდე ყურძენი.