საზოგადოება

რა პირობებში და რა ფასად შეუძლიათ ცხოვრება სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებში?

რა პირობებში და რა ფასად შეუძლიათ ცხოვრება სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებში?

სტუდენტები ახალ სასწავლო წელს იწყებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტი სტუდენტი გახდა. სტუდენტების ნაწილი, საცხოვრებლად დედაქალაქში გადადის და საცხოვრებლის მოძიება უწევთ.

თბილისში არსებულ რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ სტუდენტებისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლები და რა ფასად შეუძლიათ სტუდენტებს იქ ცხოვრება.

როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მხოლოდ ერთს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სტუდენტებისთვის განკუთვნილი 2 საერთო საცხოვრებელი – ბაგებსა და ლისზე. ორივე მათგანში მოსახვედრად გარკვეული პრიორიტეტების დაკმაყოფილებაა საჭირო.

ა) სტუდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა;
დ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
ე) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში;
ვ) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს საზღვრისპირა რეგიონში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ორი საერთო საცხოვრებელი ჯამში 580 სტუდენტს იტევს.
ბაგებში მდებარე საერთო საცხოვრებელი 1970-იან წლებში აშენებული შენობაა, რომელსაც რემონტი არასდროს ჩატარებია. ის ახლა სრულად ამორტიზებულია.ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, დადგინდა, რომ ამ შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აზრს იყო მოკლებული. 260-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი ორი ოთხსართულიანი შენობისგან შედგება. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ორადგილიანი ბინებია. ბაგების საერთო საცხოვრებელი 260 სტუდენტზეა გათვლილი, ცხოვრების საფასური კი ყოველთვიურად 50 ლარს შეადგენს. როგორც აქ მცხოვრები სტუდენტები ამბობენ, კამპუსი ნგრევის პირას არის მისული და იქ ცხოვრება მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.

უნივერსიტეტის მენეჯმენტის თქმით, მიუხედავად ბაგების საერთო საცხოვრებლის შენობის სიძველისა, იქ ცხოვრება სტუდენტების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

„ბაგების საერთო საცხოვრებელი არის ძველი და იქ საცხოვრებელი პირობები, პირდაპირ გეტყვით, არასახარბიელოა. იმის დასადგენად, თუ რამდენად უსაფრთხოა შენობა საცხოვრებლად, ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრს. უახლესი ექსპერტიზის მიხედვით, რომელიც ამ ზაფხულს ჩატარდა, დგინდება, რომ შენობა საცხოვრებლად უსაფრთხოა. ვგულისხმობ, რომ ამჟამად ვინც იქ ცხოვრობს ტექნიკური თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს გიორგი გრიგოლაშვილი, თსუს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ბაგების საერთო საცხოვრებლისგან განსხვავებით, ლისზე არსებული კამპუსი ახალაშენებული და კეთილმოწყობილია. მისი მშენებლობა 2016 წელს დასრულდა. 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე სავარჯიშო სივრცე, საკონფერენციო ოთახი, ონლაინ ბიბლიოთეკა, კომპიუტერული რესურსცენტრი, სამრეცხაო, სამზარეულო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს უქმნის.

საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ორ ადგილიანი ბინებია. მათ შორის, ორი ოთახი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვისაა განკუთვნილი. საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
სტუდენტებისთვის აქ ცხოვრების საფასური 150 ლარს შეადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაგების სართო საცხოვრებელი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება, ლისის საერთო საცხოვრებელი კი ათასობით სტუდენტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, 2017 წელს 3 000 სტუდენტზე გათვლილი ახალი სტუდენტური საცხოვრებლის აშენება გადაწყდა. იმ დროს მოქმედმა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ კამპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდებოდა და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა. თუმცა, საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ამდ რომდე არ დაწყებულა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტი ახალი საერთო საცხოვრებლის ვერ აშენების მიზეზად კორონავირუსის პანდემიასა და ინვესტორების მოძიების სირთულეს ასახელებს.

„კვლავ არსებობს 3 000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის აშენების იდეა. ინვესტორებიც იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ინვესტორებმა ის რისკი აღარ აიღეს თავის თავზე, რაც საერთო საცხოვრებლის აშენებას თან ახლავს. საერთო საცხოვრებელი ხომ არ არის მოგებაზე ორიენტირებული, ეს უნდა იყოს სოციალური საცხოვრებელი. აქედან გამომდინარე, მას არ ექნება ის ტარიფი, რაც ინვესტორისთვის საინტერესო იქნება. ეს ყოველივე ძალიან ართულებს ინვესტორების მოძიების პროცესს,“ – ამბობს გიორგი გრიგოლაშვილი, თსუს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.
ლიკა მეგუთნიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close