საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან, კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრის მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თითოეული მუნიციპალიტეტის სისტემური განვითარებაა.
შეხვედრაზე განიხილეს, როგორც საქართველოს განვითარების ახალი ათწლიანი სტრატეგია, ასევე მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა დოკუმენტზე მუშაობის პროცესში.
პრემიერის თქმით, ახალი ინიციატივების დაგეგმვისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების კეთილსინდისიერად განხორციელებაზე და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს სამუშაოების აქტიური მონიტორინგისკენ მოუწოდა.
ათწლიანი სტრატეგია 2026 წლიდან შევა ძალაში და ეხება სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს.





















