საზოგადოება

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ორი წლით, 71.4 წლამდე შემცირდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ორი წლით, 71.4 წლამდე შემცირდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შემცირდა. თუ 2020 წელს საშუალო მაჩვენებელი 73.4 წელი იყო (ქალი – 77.7, კაცი 69.1), 2021 წელს ის 71.4 წლამდე შემცირდა. მათგან ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75.4 წელია, მამაკაცის კი 67.5 წელი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სტატისტიკით, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას აღემატება დსთ-ს მაჩვენებელს (71 წელი) და ნაკლებია ევროპის რეგიონის მაჩვენებელზე (81 წელი).

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტის (IHME) პროგნოზით, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2030 წელს ასეთი უნდა იყოს: ქალი – 85,7 წელი, კაცი – 78.2 წელი.

2010 წლიდან სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ძირითადად მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. 2010-ში ეს მაჩვენებელი 71.3 წელს შეადგენდა, 2019-ში 74.1-ს, თუმცა 2020-ში 73.4-მდე შემცირდა, 2021-ში კი კიდევ უფრო მკვეთრად იკლო და 71.4-მდე ჩამოვიდა.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის კლება გასულ წელს გარდაცვლილთა რაოდენობის მატებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ კოვიდპანდემიის შედეგია: 2021 წელს ქვეყანაში 45946 ადამიანი დაიბადა და 59 906 გარდაიცვალა.

სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა არის მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს ადამიანის მომავალი სიცოცხლის პროგნოზირებად მაჩვენებელს და რომელშიც გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალების დონე მომავალში ისეთივე იქნება, როგორიც განსახილველ წელსაა. ამ მონაცემში იგულისხმება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ადამიანის დაბადებისას.

მსოფლიოში სიცოცხლის ყველაზე მაღალი მოსალოდნელი ხანგრძლივობა იაპონიაში ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი 84,3 წელია, შვეიცარიაში 83,4. ჯანმოს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 97-ე ადგილზეა.

იმ ქვეყნებში,  სადაც ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის გაეროს სპეციალისტები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას 93-94 წლამდე ვარაუდობენ.
მასშტაბურმა ბუნებრივმა ან სოციალურმა კატაკლიზმებმა შეიძლება სიკვდილიანობის მაჩვენებელი სერიოზულად გაზარდოს, მაგრამ ცხოვრების ნორმალური მიმდინარეობისას გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, მათ შორის საცხოვრებელი პირობების და სამედიცინო მომსახურების ხარისხი. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ქცევას, მათი მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

თუ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით მაღალია, მისი კიდევ უფრო გაზრდა მომავალში მხოლოდ იმით შეიძლება, თუ უფროსი ასაკის ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. ამ დროს პირველი რიგის ამოცანებია პროფილაქტიკა, ასაკთან ერთად დაგროვილი ქრონიკული დაავდებებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მკურნალობა. ამ ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე მასობრივად გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ავთვისებიანი წარმონაქმნები. ამ მიზეზებით სიკვდილიანობასთან ბრძოლის საქმეში, გარდა მედიცინის და ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესების დამკვიდრება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close