Home დღის ამბები საზოგადოება “ქრონიკა+” და cnews.ge ორი დღეა პარალიზებულია – თანამშრომლები ბრძოლას განაგრძობენ

“ქრონიკა+” და cnews.ge ორი დღეა პარალიზებულია – თანამშრომლები ბრძოლას განაგრძობენ

მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+” – ის ჟურნალისტებმა ბენ ანორის მიერ ოკუპირებული ოფისის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე ბიზნესცენტრის შენობაზე მათ პლაკატები გააკრეს წარწერით – „მედიაზონდერი ბენ ანორი“, ხოლო ორშაბათისთვის ბანერსაც გაშლიან და სამუშაო სივრცის მოსაწყობად სკამებსაც მიიტანენ.

მედიაჰოლდინგის დამფუძნებლის განცხადებით, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვისას, მის მიერ დასახელებული ყველა პირი უწყებაში დაიბარეს.

თანამშრომლები ორ მთავარ მოთხოვნას აჟღერებენ. ესენია ბენ ანორისა და მისი ადვოკატის, ზურაბ თოდუას დაკავება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. და ბენ ანორის საქმიანობის შესწავლა საქართველოში, რამდენად კანონიერად შეიძინა მან უძრავი ქონება და ხორციელდება თუ არა ფულის გათეთრება სამშენებლო კომპანიებში.

ელისო კილაძის თქმით, ჯერ ისევ არ აქვთ ინფორმაცია, იყვნენ თუ არა უცხო პირები შესული მედიაჰოლდინგის სამუშაო კაბინეტებში და მოხდა თუ არა კონფიდენციალური ინფორმაციის გადაწერა.

მისივე განცხადებით, ობიექტის მფლობელი ბიზნეს ცენტრის შენობაში ქოლცენტრების ჰაბის მოწყობას გეგმავს და სწორედ ამ მიზეზით აიძულებს მედია საშუალებას ტერიტორიის დატოვებას.

გუშინ, ადგილზე ბენ ანორის ადვოკატის გამოჩენის შემდეგ, მოხდა სააგენტოს ვებგვერდის პარალიზება. ვერ გამოიცემა “ქრონიკა+“-ის ორშაბათის ნომერიც. ვინაიდან სამონტაჟო ტექნიკა ისევ ოფისში რჩება.