ეკონომიკა

მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ – მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია

მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ - მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია

„შესაძლებლობები არსებობს და რეგიონს სხვა ქვეყნები ამას აქტიურად იყენებენ. არის რამდენიმე ქეისი, როცა კომპანიები შემოვიდნენ, იმისთვის, რომ ქართულ წარმოებებად დარეგისტრირდნენ“, – ამის შესახებ  მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს.

მისი თქმით, პანდემიის შემდეგ ბიზნესი მდგომარეობიდან გამოდის და რეგიონში მიმდინარე ომის ფონზეც კი, მეტი შესაძლებლობა გამოჩნდა, ვიდრე საფრთხე.

„პანდემიის შემდეგ ბიზნესი გამოდის მდგომარეობიდან. ომის ფონზე კი, უფრო მეტად შესაძლებლობები გაჩნდა, ვიდრე საფრთხეები. ბევრი ადამიანი შემოვიდა ქვეყნაში, რომელთა მსყიდველუნარიანობა აშკარად მაღალია და ამან სამომხმარებლო ბაზრის ზრდა განაპირობა.

ცხადია, არის მეორე მხარეც, რამაც ლოჯისტიკის ფასის ზრდა გამოიწვია ეს აისახა კიდეც სამომხმარებლო ფასებში. რეალურად, ბიზნესმა რეაგირება ფასების მატებით მოახდინა, იმაზე, რომ მას ნამდვილად გაეზარდა ხარჯები. ეს მხოლოდ ჩვენთან არა, მთელს მსოფლიოში მოხდა“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, არის რამდენიმე ქეისი, როცა მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიები საქართველოში გადმოდიან, რათა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ბენეფიტებით ისარგებლონ.

,,საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც აჩენს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას. ასევე თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ჩვენ გვაქვს ექსპორტის ზრდა. ეს შესაძლებლობები არსებობს და რეგიონს სხვა ქვეყნები ამას აქტიურად იყენებენ. არის რამდენიმე ქეისი, როცა კომპანიები შემოვიდნენ, იმისთვის, რომ ქართულ წარმოებებად დარეგისტრირდნენ და ეს პრეფერენსები მიიღონ. ბევრმა ინვესტორმა დაინახა ეს შესაძლებლობა, რომ ორ ბუმბერაზ ბაზართან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა.

ამ პრეფერენციებს მოსდევს ინვესტიციები და ამ მხრივ დიდ პოტენციალს ვხედავ. მით უფრო მეწარმეთა შესახებ კანონშიც, ბევრი რამ დაიხვეწა და გაიწერა, როგორ შეიძლება გადმოვიდეს საწარმო საქართველოში, რაც აქამდე არ იყო გაწერილი კანონში. მთლიანობაში, ამ ნაწილში დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ. მცირე და საშუალო ბიზნესი, პირდაპირ არის მიბმული დიდ ბიზნესზე და ეს ერთი ჯაჭვია. დიდი ბიზნესი რაც უნდა იყოს, შემსყიდველია მცირე და საშუალი ბიზნესისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რამდენიმე მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმება გააჩნია, რაც უპირველეს ყოვლისა საბაჟო ტარიფების არარსებობას, ან საგამონაკლისო წესებს გულისხმობს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებები საქართველოს დადებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, თურქეთი და ჩინეთი. ხოლო, მრავალმხრივი საერთაშორისო ვაჭრობის შეთანხმება გააჩნია: დსთ, სუამი, ევროკავშირი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close