ყველაფერს თავისი დრო და ხასიათი აქვს. მათ შორის მოგზაურობასაც. მათთვის კი ვისზეც განსაკუთრებულად მოქმედებს წელიწადის დრო, არასდროს იფიქროთ, რომ ზამთარი მოგზაურობისთვის უფერული დროა. უბრალოდ შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც არც ტალახი შეგაწუხებთ, არც ზედმეტი ტვირთის ზიდვა, არც სიმაღლე იქნება დაუძლეველი და დაიწყეთ ნაცნობ ადგილებში უცნობი ისტორიების ძებნა. საქართველოს ისტორიული ქალაქები ამ მხრივ ნამდვილი ოაზისია. მე მაინც თელავს გთავაზობთ, ქალაქს სადაც თანამედროვეობა და ისტორია ერთმანეთშია ჩაწნული. ქალაქს, სადაც გგონია, რომ თითქოს სანახავიც ბევრი არაფერია, მაგრამ სადაც XVII-XVIII სს. ციხე-სახლები და XIX-XX სს.
ურბანული არქიტექტურა თავისი ისტორიებით ქალაქის ცოცხალი მემატიანეა. თელავის გაქალაქება X-XI სს.-ში მოხდა, მონღოლთა შემოსევების შემდეგ მან თავისი მნიშვნელობა დაკარგა და მცირე დასახლებად გადაიქცა. ასე გაგრძელდა XVII ს-მდე, ვიდრე შაჰ-აბასის ლაშქრობებს კახეთის მთავარი ქალაქები – გრემი და ძაგემი არ შეეწირა. სწორედ ამ პერიოდიდან იბრუნებს თელავი პირველობას და კახეთის მეფეთა რეზიდენციად იქცევა. აქედანვე იწყება ქალაქის დღემდე შემორჩენილი ისტორიის სახისმეტყველებაც. რაც არ უნდა გითხრათ, ქალაქის შემოვლას, მაინც ბატონის ციხიდან დაიწყებთ.
ქალაქის შუაგულში მხარგაშლილი ციხე-გალავნის კედლები და ქონგურები გინდა-არგინდა ასოციაციას ერეკლე მეფესთან ავლებენ. მის კედლებს მიღმა ჩაკარგული პატარა კახივით პატარა სასახლე ფართოდ გაგიღებთ კარებს და ვიწრო ტალანებით მეფის საწოლ, სამუშაო და სადარბაზო ოთახებში შეგიყვანთ. მერე რა რომ სასახლე არჩილ მეფის აგებულია,
აქ ყველაფერს მაინც ქართველთა გმირი მეფის – კახთ-ბატონის აჩრდილი დაყვება და სურნელი ასდის. ეზოში სასახლის გარდა მეფის აბანო და ერეკლეს აგებული კარის ეკლესია დგას. ამ უკანასკნელში შესულებს თვალში მოგხვდებათ სათოფურები – ნათელი დასტური იმისა, როგორ იბრძოდნენ ლოცვის დროსაც კი ჩვენი წინაპრები. ბატონის ციხის დასავლეთით, ადგილობრივები რომ ღვთაების გორას ეძახიან, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ადგილობრივ თავადთა – ყორჩიბაშვილების ციხე-გალავნის ნაშთი და ფერისცვალების საკათედრო ტაძარია შემორჩენილი. გალავანში მჭიდროდ ჩამჯდარი ეკლესია ადრეშუა საუკუნეებში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა.
სარკმლებისა და ტაძრის კამარების შეისრულობა მაშინვე მიგახვედრებთ, რომ იგი გვიანშუასაუკუნეებში რამდენჯერმე გადაკეთდა. აიარეთ პატარა აღმართი, თუნდაც იმიტომ, რომ იმ ტაძარში შეხვიდეთ, სადაც ერეკლე მეორე დაკრძალვამდე იყო დასვენებული. არ დაიზაროთ თელავის თეატრის ფოიეშიც შეიხედოთ, თეატრი თუ არ გიყვართ, იმისთვის მაინც, რომ ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტა ნახოთ საქართველოს სინამდვილეში – თეატრში შენახული კოშკი. ,,სადროშეს“ სახელით ცნობილი კოშკი XVI-XVIII სს. თარიღდება, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. მის მეორე სართულზე სათოფურები და საჭვრეტი ხვრელებია დატანებული, გარედან კი ხის აივანია შეკიდული. თუ ქალაქის უძველეს ნაწილში გინდათ აღმოჩნდეთ, მაშინ გადადით თელავის შუაში ჩამომავალი ხევის მარცხენა მხარეს და შეუყევით ღვთისმშობლის ტაძრისკენ მიმავალ გზას.
ეს XVIII ს. სავაჭრო უბანია, რომელიც იმ დროისთვის ქალაქის გარეუბნას წარმოადგენდა. სწორედ აქ ჩაასახლა ერეკლე მეფემ განჯიდან ჩამოყვანილი სომხების 60 კომლი. ქუჩაზე ჩამწკრივებული აგურით ნაგები თაღოვანი სახლების პირველი სართული თავის დროს ქარვასლებს წარმოადგენდა და ფართოდ უღებდა კარს სხვადასხვა ჯურის ვაჭარსა და მათ შემოტანილ საქონელს. აივნიანი სახლების ქუჩის ბოლოში კი, ადგილობრივები გორიჯვარს რომ ეძახიან, ქალაქის უძველეს ნაწილში აღმოჩნდებით. ესაა ძველი გალავანი, რომლის მშენებლობაც კახეთის მეფე კვირიკე მესამეს უკავშირდება. ქვითკირის მაღალი გალავნით შემოზღუდული ადგილი, არქეოლოგიური გათხრების მიხედვით კახეთის ქორეპისკოპოსთა რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. აქ მდებარეობდა ორსართულიანი სასახლე, რომლისგანაც დღეს აღარაფერია დარჩენილი. გალავნის ეზოში ახლა მხოლოდ XVI ს. აგებული „გორიჯვრის ეკლესია“ დგას, რომელიც XVIII-XIX სს. სომხური მრევლისთვის ისე გადაუკეთებიათ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის კვალს მხოლოდ სპეციალისტები თუ გაარჩევენ.
XIX საუკუნიდან თელავმა თანდათან ზრდა დაიწყო. ძველი ქალაქის სამხრეთით ერთმანეთის მიყოლებით გაიჩეხა ტყე და გაჩნდა წინასწარ დაპროექტებული ნაგებობები. მათგან ნაწილი დღეს უკვე ან არ არსებობს ან ისეა სახეცვლილი რომ ძველისას ვეღარაფერს უპოვი. მაგრამ თუ თელავის უნივერსიტეტისკენ ამავალ ელენე ახვლედიანის ქუჩას აუყვებით, ერთმანეთის მიყოლებით შემოგეგებებიან რიკულებიანი აივნით თუ ძველი კარიბჭეებით დამშვენებული აგურის სახლები, რომელთაგან რომელიღაცა თავად ანდრონიკაშვილების საცხოვრისია, რომელიღაცაში კი ოდესღაც ელენე ახვლედიანი და ლესია უკრაინკა ცხოვრობდნენ. . . ის რაც მე მოგიყევით თელავის მხოლოდ ერთი ნაწილია. მის ძველ და ახალ ქუჩებში ხეტიალისას თქვენც ჩემსავით აღმოაჩენთ, რომ თელავი მხოლოდ ბატონის ციხე არაა და მას ისევე უნდა გაეცნოთ, როგორც ისტორიის წიგნს, რომლიდანაც რაღაც იქამდეც ამოგეკითხათ.
ავტორი : ქეთი დიღმელაშვილი