პირველი კლასის მოსწავლეები 15 სექტემბრისთვის სასკოლო ფორმებით სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი – გივი მიქანაძე
განათლების მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, ამცირებს სოციალურ განსხვავებებს და მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევის ფარგლებში დაზუსტების პროცედურები და პროცესი რამდენიმე მექანიზმით კონტროლდება, მათ შორის, საბანკო გარანტიებით, ხარისხის შემოწმებითა და ადმინისტრაციული მონიტორინგით.
საუბარია 1 მილიონ 800 ათას ერთეულ ტანსაცმელზე, რის გამოც მიწოდება ეტაპობრივად იგეგმება.
მიქანაძემ ასევე ისაუბრა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე. მისი თქმით, XI კლასში იგეგმება “რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა, რაც მოსწავლეების ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანზე იქნება ორიენტირებული.
უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდები კი შესაბამისობაში იქნება იმ პროგრამასთან, რომელსაც მოსწავლეები სკოლაში გაივლიან.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ წელს აბიტურიენტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებთან ერთად პროფესიული კოლეჯებიც აირჩიონ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირება, ასევე გრძელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და ახალი კადრების სისტემაში მოზიდვა.
საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული.





















