ბლოგებითელავის ისტორია

სამი დღე კახეთში-ლაშა გეგეჭკორის ბლოგი

სამი დღე კახეთში

0

კონკურსი ბლოგერებისთვის, „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“ !

„მან არ იცის კახეთი, ვისაც ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც, თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში“

ასეთი დიდებული სიტყვებით აღწერს გურამ რჩეულიშვილი, „ალავერდობაში“ კახეთის ერთ მხარეს. თვალწარმტაცი ბუნება, ისტორიული ძეგლები, უგემრიელესი სამზარეულო, მსოფლიოში საუკეთესო ღვინო, სტუმართმოყვარე, გულღია ხალხი, ადგილობრივი დღესასწაულები, ფოლკლორი და კიდევ უამრავი რამ. შვიდის კი არა ათასი მიზეზის მოყვანა შემიძლია, თუ რატომ მიყვარს კახეთი.

შემოდგომის დასაწყისში კახელმა მეგობარმა სამი დღით, ახლობლები შინ დაგვპატიჟა და  თავისი კუთხის დათვალიერებას დაგვპირდა. გომბორის უღელტეხილით წავედით, უმაღლეს წერტილზე, 1620 მეტრზე, მძღოლმა ავტომობილი გააჩერა და ჩრდილოეთით გაგვახედა. შორს, ჩვენს ქვემოთ ღრუბლები მთებს შორის ზღვასავით იყო გაწოლილი, შორს კი კავკასიონის თოვლიანი მყინვარები მოჩანდა.

– ჯერ სადა ხართ, აწი ნახეთ თქვენო – დაგვაიმედა და გზა განაგრძო. შუამთამდე, გზა  წიფლების ხეივანში გადიოდა, შემოდგომისფრად შეფერადებული მაღალი ხეები კიდევ უფრო ალამაზებდა მგზავრობას.

ჯერ თელავში შევიარეთ,  კახეთის  ადმინისტრაციულ ცენტრში. ქალაქის  ერთ ნაწილს ძველი ისტორიული  იერი  აქვს შენარჩუნებული.  დავათვალიერეთ „ბატონის ციხე“,  კახეთის მეფეთა რეზიდენცია. მას მაღალი გალავანი აქვს შემოვლებული და ამჟამად მუზეუმადაა გადაკეთებული. ცოტა ქვემოთ 900 წლის ჭადარი დგას, რომლის გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. ქალაქის შემაღლებულ ბორცვზე კი ნადიკვარის პარკი მდებარეობს, საიდანაც ალაზნის თვალუწვდენელი ველი მოჩანს.

აქედან წინანდლისკენ გავეშურეთ  და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ვეწვიეთ. ქართულ და ევროპულ არქიტექტურასთან შეზავებულ წინანდლის სამუზეუმო კომპლექსს – ულამაზესი ბაღი აქვს. კომპლექსში მუზეუმი, რამდენიმე შენობა და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანიც შედის.

წინანდლიდან უკან გამოვბრუნდით და ჩრდილოეთით ალავერდის მონასტრის დასათვალიერებლად წავედით. ახლანდელი ტაძარი XI საუკუნეშია  აგებული და  ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის მთების ფონზე.  შემდეგი გაჩერება კახეთის ძველი დედაქალაქი გრემი იყო. მთავარანგელოზთა ეკლესია და სამეფო კოშკის ანსამბლი გორაკზეა აგებული, ვაკეზე კი აღდგენილი, ძველი ისტორიული ნაქალაქარი, ქარვასლები, აბანოები, მუზეუმი და სხვა ღირშესანიშნაობებია. აქედან ნათლად ჩანს ამ ქალაქის ძველი დიდება.

გზას აღმოსავლეთისკენ გავუყევით და დაახლოებით ხუთ კილომეტრში, მთაზე სიმწვანეში ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი გამოჩნდა. ავტომობილი მთის ძირში გავაჩერეთ და ტაძარში ადგილობრივი ავტობუსით ავედით. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, აქედან, IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში, დღემდე  მოღწეულ ეკლესიათაგან. დიდებული ხედი იშლება აქედანაც ალაზნის ველზე, სოფლებით, დაყოფილი ნაკვეთებით, ტბებით, მთებით. მთის ძირში კი I-III საუკუნეში აგებული კვადრატული ფორმის, წარმართული მზის ტაძრის ნანგრევებია. ქვემოთ ჩამოსვლისას მასპინძელმა ვაზის წალამზე შემწვარი ცვრიანი მწვადები დაგვახვედრა, „დედას პურები“, ჩაციებული რქაწითელი და ეს დღეც ამით დავასრულეთ.

დილით სიღნაღისკენ გავეშურეთ, გზად კი გურჯაანის ყველაწმინდას ტაძარში შევედით. VIII საუკუნეში აგებული ტაძარი ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში.

ქალაქ-მუზეუმი სიღნაღი კახეთის მთავარ  ტურისტულ  ცენტრად  ითვლება. გორაკზე გაშენებული ეს პატარა ქალაქი ალაზნის ველებს და კავკასიონის ქედებს გადაჰყურებს. შორს მწვერვალებს ქვემოთ, ღრუბლები ერთ ზოლადაა გაწოლილი, თითქოს საზღვარს ავლებს თოვლიან და მწვანე ადგილებს შორის. ქალაქის თავზე კი ქულა ღრუბლები დანავარდობდნენ, ზევით და ქვევით. ქალაქში შენარჩუნებულია ძველი იერი, 4 კილომეტრიანი გალავანი, 23 კოშკით და 6 თაღოვანი კარიბჭით, რომლებიც სოფლების მიხედვით თავიანთ სახელებს ატარებენ. შენობები ძირითადად ორ-სამ სართულიანია, ლამაზი აივნებით და კრამიტებით გადახურული. ქალაქში მრავლადაა კაფე-რესტორნები ლამაზი ხედებით, ხოლო ქუჩებსა და მაღაზიებში  უამრავი სუვენირის და ნუგბარის ყიდვა შეიძლება. მუზეუმი რომელიც მდიდარია ისტორიული ექსპონატებით. აქვეა დაცული ნიკო ფიროსმანის ფერწერული კოლექცია.

წნორის მხარეს ქონგურებისკენ გავედით. სიმღერის ხმა შემოგვესმა, მისკენ გავწიეთ და საუცხოო სანახაობის მოწმენიც შევიქმენით. გაშლილ ღია ვერანდაზე, ალაზნის ველის ულამაზესი  ხედით, კაფე იყო მოწყობილი, რამდენიმე ახალგაზრდა გაშლილ სუფრას უჯდა და “ბინდისფერ სოფელს” მღეროდა. მათი  ხმა თითქოს ნისლივით  ეფინებოდა მთელ სივრცეს. ცოტა ხანში “ჩაკრულო” დაიწყეს, ერთ მომენტში კი ორი კახურ ქუდიანი ბრგე ახალგაზრდა წამოდგა და ისეთი ბანი დასცხეს, რომ მეგონა მთელი ხმა ალაზნის ველებზე გაიშალა და კავკასიონის მთებამდეც მიაღწევდა. ალბად არასოდეს მოგვწყინდებოდა ამის ყურება, მაგრამ სხვა ადგილების ნახვაც გვსურდა და ეს დიდებული სანახაობა დავტოვეთ.

სიღნაღიდან ორ კილომეტრში ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს. კომპლექსის შემადგელობაში შედის, ორი ტაძარი, სამრეკლო, გალავანი და სამონასტრო ნაგებობები. მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში წმიდა ნინოს წყაროა. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და მასში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.

ამასობაში მოსაღამოვდა და სტუმართმოყვარე კახელები ისე როგორ დაგვტოვებდნენ, კარგი სუფრა გაგვიშალეს და მასპინძლემა თავისი ვენახებიდან ყურძენიც მოგვართვა. დილას კი გემრიელი თათარა მოამზადა და მაჯისსიმსხო ჩურჩხელებიც ამოგვავლებინა.

ჩურჩხელაობის შემდეგ სამხრეთისკენ ავიღეთ გეზი. ჯერ ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ მირზაანში და  დავითგარეჯისკენ გავწიეთ.

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრია, იგი გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული.

ყველა კომპლექსის დათვალიერება ერთ დღეში ვერ მოესწრებოდა, ამიტომ  დავითგარეჯის მხარეს დასავლეთით გავუყევით და მრავალწყაროსთან ფერადი მთები დავათვალიერეთ. “ფერადი მთები” მას აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა.

მდიდარია კახეთის ბუნებაც, მარტო დაცული ტერიტორიები 184 603 ჰექტარზეა გადაჭიმული. რას არ ნახავთ აქ, ნახევარუდაბნოებს, ფერად და თოვლიან მთებს, ჩანჩქერებს, ტბებს, კანიონებს, ტალახის ვულკანებს და ფლორითა და ფაუნით მდიდარ ტყეებს.

დავიწყოთ ვაშლოვანით, რომელსაც ხან აფრიკას ადარებენ და ხანაც მარსს. აქ შეგხვდებათ: დიდ ფართობზე გადაჭიმული ნახევრად  უდაბური  ველები, ტალახის მომცრო ვულკანები, რომლებიც მუდამ „ბუყბუყებენ“ და გეიზერებიდან ტალახი, ნავთობი ან აირი ამოდის, ალესილი კლდეები, დამშრალი კანიონები, საკმლის ხეები და მდინარის მწვანე კალაპოტები. ფაუნითაც მდიდარია ეს ადგილი, თუ გაგიმართლა ქურციკები შეგიძლია იხილოთ, ხოლო 2003 წლიდან რამდენჯერმე ფოტოხაფანგმა ლეოპარდიც დააფიქსირა. აქედან ჩრდილოეთით 30 კილომეტრში კი ლაგოდეხის ნაკრძალში, სულ სხვა რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩდებით. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული ველური ბუნებაა, რომლის მშვენებაც გურგენიანის ჩანჩქერი და „შავი კლდის ტბებია“.

კიდევ უფრო ჩრდილოეთით თუშეთის დაცული ტერიტორიაა, სადაც მოსახვედრად აბანოს 2826 მეტრიანი უღელტეხილის გადალახვაა საჭირო.  უღელტეხილის მწვერვალიდან თუ გადმოიხედავ, ზოლად დაკლაკნილ გზებს და ცად აზიდული მთებს დაინახავ. თუშეთში კი დაგხვდებათ გორაკებზე კოხტად შეფენილი სოფლები, ადგილობრივი არქიტექტურით ნაგები ძველი ციხე-კოშკები, მდინარე ალაზნისა და სტორის ხეობები. აქ მდებარეობს ევროპის უმაღლესი დასახლება, 2345 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელი ბოჭორნა.

კიდევ რამდენი რამეა სანახავი კახეთში, იყალთო, ძველი და ახალი შუამთა, მანავის ციხე, ნინოწმინდა, კვეტერა, უჯარმა, ხორნაბუჯის ციხე, ელიას მონასტერი და კიდევ ბევრი ღირშესანიშნაობა, თუმც მათი ნახვა ამ ჯერზე ვერ მოვასწარით და მოგზაურობის მესამე დღეც  კახელი მეგობრის სახლში დავასრულეთ. წამოსვლისას მასპინძელმა ავტომობილი გემრიელი ყურძნით და ნაირნაირი ნუგბარებით აგვივსო და სახლში ასე ტკბილად გამოგვიშვა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც დამამახსოვრდა კახეთში, ბევრ ადგილას აბრა იყო გამოკრული წარწერით: „ნუ დავაბინძურებთ ჩვენს სამშობლოს“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close