ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით სისტემატურად ასაღებდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვები, რომელთა ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერაც განხორციელდა.
დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი და მარიხუანა.
ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ რეალიზაციიდან მიღებული თანხა.
სამართალდამცველებმა აღკვეთეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტიც.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომლისგანაც ამოღებულია 2 500-ზე მეტი აბი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





















