ბლოგიდღის ამბებიინტერვიუუცნობი პორტრეტები

ღმერთი ცხოვრობს თელავიდან ოც კილომეტრში, ალაზნის ველზე და ალავერდს გადაჰყურებს-მარგო ლესკო

განწყობა მაშინვე მოვიდა როცა თელავის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე აღმოვჩნდით

მე და თელავს ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. ამას მაშინვე მივხვდი, როგორც კი გომბორს გავცდი. არ ვიცი, განწყობაა ალბათ მთავარი და ის, თუ ვისთან ერთად მოგზაურობ. ყველაზე მეტად იმ ადამიანთან ერთად მიყვარს სიარული, ვისთანაც ერთი თვალით, ერთი ყურით და ერთნაირი ყნოსვით აღვიქვამ ნანახსაც, მოსმენილსაც და შესაგრძნობსაც. ემოცია კი მაშინაა სრულყოფილი, როცა გაზიარებული და დადასტურებულია.

განწყობა მაშინვე მოვიდა როცა თელავის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე აღმოვჩნდით.

ქუჩას შუაში არხი ჩამოუდის. არხზე გადებული პატარ-პატარა ხიდები, ორივე მხარეს ჩამწკრივებული ხეები და ჩიტების ჭიკჭიკი ყველა მხრიდან, ისეთი სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას ქმნის, რომ არც ქუჩის ორივე მხარეს ჩავლილი მანქანების ხმა აღარ ჩაგესმის და ვერც საბჭოთა ქალაქური პროექტის უსახურ აივნებიან კორპუსებს ხედავ.

ამ განცდას კიდევ უფრო მიმძაფრებს ირგვლივ ჩამოსხდარი ადამიანები, ქუჩის აურას რომ შერწყმიან.


ქუჩის ბოლო გზაჯვარედინზე გადის. მარჯვნივ გზა ტაძართან მიდის და ულამაზესი ქვაფენილიანი ქუჩისკენ, აივნიანი სახლები რომ გადმოჰყურებს ზემოდან. აქ ყველა ეზო მოვლილია და გაყვავილებული. ხალხმრავლობაა. ზოგი წირვიდან გამოდის, ზოგიც ოჯახთან ერთადაა გამოსული და ისვენებს.

ტაძართან ორი პატარა ბიჭი შევნიშნე, ერთი იქვე იჯდა, მეორე კი ველოსიპედით მოვიდა – მიაყენა იქვე ტრანსპორტი და ეკლესიაში შევიდა. გარეთ მჯდომი პატარა ბიჭი თვალს არ აშორებდა ველოსიპედს. ვაკვირდებოდი, როგორ ნელ-ნელა, ჯდომით მიცოცავდა ველოსიპედისკენ და თან იქით-აქეთ იყურებოდა – ან ველოსიპედის პატრონი ან სხვა ვინმე არ წამოსდგომოდა თავზე. უბრალოდ ხელის შეხება უნდოდა.

გადაღებული ფოტოები რომ ვნახე, მივხვდი, რამდენი პატარ-პატარა ისტორია ხდება ირგვლივ, იმ წუთას და იმ ადგილას, სადაც იმყოფები ან ჩაივლი. რაც გადაღება დავიწყე, ამის შემჩნევაც მერე დავიწყე.

ეს ქუჩა ალტერ-რეალურ ევროპულ საქართველოს მაგონებს, რომელიც 1921 წელს არ გასაბჭოებულა.

გზაჯვარედინიდან მარცხნივ, გზა ქალაქის ცენტრისკენ და ერეკლე II სასახლისკენ (ბატონის ციხე) მიდის. 50-იანი წლების შენობები და ქართული შუშაბანდიან-აივნიანი სახლები ჰარმონიულად თანაარსებობენ ამ ქალაქის გულში.


ამ ქუჩაზეც ხალმხრავლობაა. ისეთი ატმოსფერო და რიტმია, გავიწყებს, რომ ქართულ ქალაქში ხარ. თავისუფლების და სილაღის შეგრძნება მაქვს. ფერადია ყველაფერი.

ერთ-ერთი შენობის ქვეშ, სილამაზის სალონთან რომ ჩავიარე, თვალი ისეთი საინტერესო გარეგნობის ქალს მოვკარი, რომ პირდაპირ მოურიდებლად მივუშვირე კამერა. ამ კადრის გაშვება არაფრით არ შეიძლებოდა. ეს ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფოტოა მათ შორის, რაც კი გადამიღია. ალმოდოვარის პერსონაჟი შევარქვი და სახელიც შევურჩიე – „ლაურა“. ესპანურადაც ჟღერს და ქართულადაც.

გამოწკეპილი ქალების ქალაქია თელავი. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩვენს პატარა ქალაქებში არსებულ რეალობასა და ყოფას გაურბიან ამით. გამომეტყველებაზე, სიარულის მანერაზე ეტყობათ, რომ არც აქ ულხინთ, ისევე როგორც არსად ჩვენს ქვეყანაში.


მეგონა გამოტრიალდებოდა, “ოლეე”- შესძახებდა, ხელებს თავს ზემოთ აღმართავდა, ქუსლს ქუსლზე შემოარტყამდა და „მალაგუენას“ ცეკვას დაიწყებდა.

ეს ჩემი თელაველი „სარა ბარასია“.
კიდევ შეყვარებულები წყვილების და ველოსიპედიანი პატარა ბიჭებისაა ეს ქალაქი.

ყველგან ვხედავ, ყველა კუთხეში და ჩემი ბავშვობის „ამბები“ მიცოცხლდებიან თვალწინ.



ღამის თელავი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ცოცხალი და ხალხმრავალი. ყველა გარეთაა, ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი. ზოგი სეირნობს, ზოგი ისვენებს. განსაკუთრებით, სასახლისკენ მიმავალი ხეივანია სავსე. მიხარია. იმედით მავსებს.




ბევრი ვიარეთ ღამის თელავშიც და ბოლოს იმ გზას ავუყევით, ტაძრიდან რომ მიდის ზევით, აღმართში და გასაბჭოებას რომ „გადაურჩა“.

გრძელი ქუჩაა. ღამითაც ძალიან ლამაზი. მოვლილი და სუფთა. ირგვლივ ლამპიონები ჩახჩახებს. სიჩუმეა, სიწყნარეა. ძირს ერთ ნამწვავსაც კი ვერ ნახავთ. აივნებზე ქოთნებით ყვავილებია გადმოკიდებული. ერთი აივნის ქვეშ გრძელთმიანი და ტატუებიან-პირსინგებიანი ბაიკერი დგას, იქვე მიუყენებია თავისი მოტოციკლეტიც და ვიღაც ულტრა მოკლე შორტებიან აშხვართულ გოგოს ელაპარაკება წყნარად, მშვიდად.
რომელიღაცა ეზოდან “შერბურის ქოლგიანი” ქალი გამოგოგმანდა თხელი გამჭვირვალე კაბით და ყვითლად განათებულ ქუჩას შეერწყა.

ზემოდან წითელი შევროლეს კაბრიოლეტმა ჩამოისრიალა უხმაუროდ, ნელა და ძალიან დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკით, ხმა მარტო გვერდზე ჩავლისას რომ აგყვება ყურში. ცოტა ზემოთ, სახლის ძირში ახალგაზრდები სხედან, არც იგინებიან, არც ხმაურობენ, გამოცდებზე ლაპარაკობენ.

ასე სრულ ნეტარებაში მივყვებით ქუჩას და გვგონია რომ პატარა ევროპულ ქალაქში მოვხვდით. მე თან განათებულ ფანჯრებში ვიყურები და ვცდილობ „ამბები“მოვიპარო. უცბად რომელიღაცა აივნის შიგნიდან მჭახე ხმითა და საყვარელი თელავური კილოთი გვესმის: “გააამყიდველი გეეტყოდა ქალო, კაიაო? ნეხვი რო იყოს, ნეხვი, იმაზეც კი გეტყვის ოქროაო, დედა კი მ*******ნ მაგისი აჰაა!

ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.

მეორე დილით მთელი ჩემი განწყობა ამ ბავშვების თვალებსა და ამ კაცის ერთ ჟესტში ამოვიკითხე.

აბა როგორ არ გეყვარება თელავი.


და ბოლოს თუ ვინმე გითხრათ რომ ღმერთი ცაში ცხოვრობს, არ დაუჯეროთ, ღმერთი ცხოვრობს თელავიდან ოც კილომეტრში, ალაზნის ველზე და ალავერდს გადაჰყურებს.

მარგო ლესკო

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close