Home ბლოგი სიღნაღში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

სიღნაღში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ 43 წლის ზურაბ ზურაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ განიხილა.

სხდომაზე პროკურორმა ბრალდებული პირისათვის პატიმრობა მოითხოვა და განმარტა, რომ მისი მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ადვოკატმა სასამართლოს 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და ზურაშვილს პატიმრობა განუსაზღვრა.

სხდომაზე დანაშაული აღიარა ბრალდებულმა და მოტივზეც ისაუბრა.

მკვლელობა 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა.

ზურაშვილმა, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, ყოფილ ცოლსა და მის მეგობარ მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა.

დემურ ღვედაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ნათია კანდელაკიშვილი კი ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.