ბლოგიდღის ამბებიინტერვიუ

წერილი შთამომავლობას – მედინა  აივაზაშვილი

დავიბადე 1950 წლის 7 სექტემბერს კახეთის ერთ პატარა სოფელში (სოფელი სანიორე  თელავის რაიონი). 7 წლის ასაკში  მშობლებმა შემიყვანეს სანიორის საშუალო სკოლის  პირველ კლასში. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ელენე ხელხელაური ,რომელმაც ისე თბილად მიმიღო და შემიყვარა, რომ პირველივე დღიდან გადავწყვიტე რომ მასწავლებელი გავმხდარიყავი. მისი ყოველი სიტყვა სიყვარულითა და სითბოთი იყო გაჟღენთილი და სკოლაში ისე ვგრძნობდი თავს ,როგორც ჩემს საკუთარ სახლში.

მისმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და გავხდი ფრიადოსანი მოსწავლე. ჩემმა ელენე მასწავლებელმა მარტო წერა-კითხვა კი არ გვასწავლა, არამედ ბევრი რამ რაც ცხოვრებაში გამოგვადგებოდა: როგორ გაგვეშალა სუფრა სტუმრების მისაღებად, როგორ მოვქცეულიყავით სუფრასთან, ჩვენს  და-ძმებთან, უფროსებთან და კიდევ ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში აუცილებელი იყო.

წარმატებით დავასრულე დაწყებითი კლასები და გადავედი V კლასში, მაგრამ  ჩემი სურვილი და ლტოლვა არ შეცვლილა და ეს სურვილი უფრო გამიძლიერდა  როცა ჩვენი კლასის კარი შემოაღო ახალგაზრდა, ლამაზმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ლია ჭუაძემ. მაშინ დავრწმუნდი რომ მე ლია მასწავლებელი უნდა გავმხდარიყავი. მიუხედავად ჩემი მშობლების წინააღმდეგობისა მე ჩემს მიზანს მივაღწიე, 1967 წელს წარმატებით დავამთავრე ჩემი მშობლიური სკოლა სადაც საუკეთესო მასწავლებლებმა კარგი ცოდნით შემმოსეს და გამიშვეს ინსტიტუტში.

1968 წელს ჩავაბარე თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში რომელიც დავამთავრე 1973 წელს. განაწილებით სოფელ ნაფარეულის საშუალო სკოლას ვეწვიე და შევუდექი ჩემს საყვარელ საქმეს.

მე ყოველთვის მახსოვდა  რომ „კარგი მასწავლებელი სანთელს ჰგავს, ის იყენებს საკუთარ თავს სხვისი გზის გასანათებლად.“ მე მგონია რომ ამ პროფესიაზე საყვარელი და საინტერესო პროფესია არ არსებობს. ჩვენ გვაბარია მოზარდების სულიერი აღზრდა, მათი ცოდნით შეიარაღება და ამ ცოდნის ცხოვრებაში რეალიზება. ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ მოსწონს ეს პროფესია, მაგრამ, მე ვცდილობ დავანახო მისი დადებითი მხარეები.

ილია ამბობს: „დაღუპულია ის ერი ვისაც განათლებული ახალგაზრდობა არა ჰყავს“.

ამ განათლების საფუძველი სწორედ მასწავლებელმა უნდა ჩაყაროს. „თუ ვინმე კვარცხლბეკზე უნდა  დააყენო, დააყენე მასწავლებელი, ისინი საზოგადოების გმირები  არიან“ გაი კავასაკი .

 

მედინა  აივაზაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტი სოფელ ფშავლის საჯარო სკოლა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close