ეკონომიკა

ქართული ავიაბაზარი კოვიდამდელ ნიშნულს 2024 წლისთვის მიაღწევს – ავიაექსპერტი

ქართული ავიაბაზარი კოვიდამდელ ნიშნულს 2024 წლისთვის მიაღწევს - ავიაექსპერტი

„ავიაბილეთებზე ფასების ზრდას ოთხი ფაქტორი განაპირობებს: საწვავის რეკორდული ფასი, გლობალური ინფლაცია, კონფლიქტი რეგიონში და კოვიდ პანდემიის ახალი შტამების გაჩენის საშიშროება“, – ამის შესახებ ავიაექსპერტმა იგორ აფციაურმა  განაცხადა. მისივე თქმით, ავიაბილეთებზე ფასების შემცირების წინაპირობა წლის ბოლომდე არ არსებობს. სპეციალისტის განმარტებით, ავიაკომპანიების ოპერატიული ხარჯების 35-40% სწორედ საწვავზე მოდის, რაც განაპირობებს კიდეც ყველა ტიპის, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბილეთებზე ფასების რეკორდულ ზრდას.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოში 1 ტონა ავიასაწვავის ღირებულება 1500 დოლარია, ზრდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 125%-ია. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბორტზე მიწოდება ნულოვანი განაკვეთით იბეგრება, როგორც აქციზის ასევე დღგ-ს კუთხით, შესაბამისად ფასების კლება მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული ინდექსის შემცირების შედეგად მოხდება.

„გასულ წელთან შედარებით სიტუაცია უკეთესია, მაგრამ ქართული ავიაბაზარი ჯერ შორსაა პანდემიამდელ მაჩვენებელთან“ – აღნიშნავს ავიაექსპერტი, მიუხედავად იმისა, რომ ავიაბაზრის აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით 85%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მგზავრთნაკადის დატვირთულობა სახელდება, რაც არამხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური გამოწვევაა. იგორ აფციაური, სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივ ძალისხმევაზე და პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს, მიზანი 2019 წლის მონაცემებთან დაბრუნებაა, მისი ვარაუდით ქართული ავიაბაზარი კოვიდამდელ ნიშნულს 2024 წლისთვის მიაღწევს.

შეგახსენებთ, უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ვაქცინაციის მოწმობის და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე შეუძლიათ. პირბადის სავალდებულო გამოყენების გაუქმებაზე გადაწყვეტილებას კი თავად ავიაკომპანიები იღებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close