ეკონომიკა

ტურიზმის სექტორში სესხების 87% უცხოურ ვალუტაშია გაცემული – ეროვნული ბანკი

ტურიზმის სექტორში სესხების 87% უცხოურ ვალუტაშია გაცემული - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის და სასტუმრო სექტორის შესახებ გამოაქვეყნა კვლევა. ანგარიშში დეტალურად არის ანხილული ტურიზმის სფეროს მახასიათებლები პანდემიამდელ და COVID-19-ის შემდომ პერიოდში. კვლევაში წარმოდგენილია ტურისტული სექტორის საკრედიტო პორტფელის შესახებ ინფორმაციაც.

ანგარიშის თანახმად, 2.9-მილიარდიანი პორტფელის 87% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ამასთანავე, უკანასკნელ წლებში მზარდია კრედიტებში ლარის წილი, თუმცა სესხების მთლიან ნაშთზე ჯერჯერობით დიდ გავლენას ვერ ახდენს. სებ-ის შეფასებით, კრედიტების მაღალი დოლარიზაცია ამ სფეროს კრიზისების მიმართ მოწყვლადს ხდის.

გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია სტატისტიკა ბანკების მიხედვითაც. ტურიზმის სფეროში ყველაზე მეტი, 1,733 სესხი “თიბისის” აქვს გაცემული რომელთა მოცულობაც 1.3 მილიარდ ლარს აჭარბებს, მეორე ადგილზეა “საქართველოს ბანკი” 1,230 სესხით, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ ლარს აჭარბებს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა მაღალია სესხების კონცენტრაცია, რადგანაც ტოპ 10 სესხზე – ანუ ტოპ ათ ობიექტზე, რომელსაც ქართული ბანკებიდან აქვთ სესხები აღებული, მთლიანი პორტფელის 38% მოდის.

პორტფელის ღირებულების 64% კორპორატიულ სესხებზე მოდის, 28% SME სფეროზე, 8% კი მიკრომეწარმეებზე.

• სესხის ნაშთის წილი ლარში მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი დაბალია;
• სესხის ნაშთის ევროში კონვერტირება გაძლიერდა 2017 წლიდან დოლარის გაცვლითი კურსის ლართან მიმართებაში სწრაფი გამყარების ფონზე;
• მზარდია სესხის ნარჩენი ვადიანობა, ზრდის ტემპი შედარებით მაღალია ლარის სესხებზე, რაც ბანკების მიერ ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდით აიხსნება;
• უცხოური ვალუტის ვადიანობები თითქმის თანაბარია; ასევე გამომდინარე იქედან რომ 2021 წელს მცირე კლება იყო პორტფელში, შეინიშნება ვადიანობის შემცირებაც.
• ნაშთებზე ვადიანობის ზრდის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საკონტრაქტო ვადიანობების ზრდა ყველა ვალუტაში; ამასთან ლარის და უცხ. ვალუტის ვადების გეპი სულ უფრო მცირდება;
• კლებადია საპროცენტო განაკვეთებიც ნაშთებზე, განსაკუთრებით ვალუტაში, 2021-ში რისკების ზრდის გამო შეინიშნება განაკვეთის ზრდა ყველა ვალუტაში, თუმცა განსაკუთრებით ლარში, რაც უმეტესწილად რეფინანსირების განაკვეთის ზრდითაც აიხსნება,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close