2021 წელს ხორბლის მოსავლიანობა ჰექტარზე 2.7 ტონამდე გაიზარდა – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა განაცხადა.
2020 წელს ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობამ 2.2 ტონა შეადგინა, შესაბამისად, გამოდის, რომ 2021 წელს მოსავლიანობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ფერმერთა ასოციაციის შეფასებით, ეს ბოლო 20 წლის რეკორდია.
“თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხორბალი უმეტესწილად საფურაჟედ გამოიყენება (პირუტყვის საკვებად), ამდენად მისი ხარისხის გაუმჯობესება ძალზედ მნიშვნელოვანია”,- წერს ფერმერთა ასოციაცია.
მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი კი ამბობს, რომ მოსავლიანობის ზრდა იმ სახელმწიფო პროგრამების დამსახურებაა, რომლებსაც წლების განმავლობაში ხელისუფლება ახორციელებს. საბოლოო ჯამში სახელმწიფოს მიზანია, ერთ ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობა 5 ტონამდე გაზარდოს.
“სახელმწიფო პროგრამებმა ნელ-ნელა შედეგის გამოღება დაიწყო, შესაბამისად, 2021 წელს გვქონდა ხორბლის წარმოების თითქმის 33%-იანი ზრდა. რაც ყველაზე მთავარია, მივიღეთ 2.7 ტონა მოსავლიანობა ჰექტარზე, ნაცვლად 2.2 ტონისა, ეს მნიშვნელოვანი წინგადადმული ნაბიჯია.
სახელმწიფო ბევრი მიმართულებით ეხმარებოდა დარგს – ეს არის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სასაწყობე მეურნეობების განვითარება, ტექნიკის შეძენაში დახმარება და ა.შ. ახალი კომპონენტები და ელემენეტებიც უნდა ჩაერთოს სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება ხელმისაწვდომობის ზრდა ხარისხიან სათესლე მასალაზე, ცოდნაზე, რათა მეტი განათლება მივიდეს ფერმერებამდე, რომ კვალიფიციურად მოუარონ ფართობებს”,- აცხადებს გელა ხანიშვილი.
ამ დროისთვის ქვეყანა საკუთარი მოთხოვნის მხოლოდ 15%-ს აკმაყოფილებს, მთავრობას კი ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდა 50%-მდე სურს.