ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა – როგორია მაჩვენებელი

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა - როგორია მაჩვენებელი

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ახალი ანგარიშის მიხედვით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ ანგარიშში წერია. ახალი მაჩვენებელი აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 3%-ით მეტია, იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი უცვლელია. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკი იანვარში საქართველოს ეკონომიკის 5,5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი საპროგნოზო მაჩვენებელი 2,5%-მდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ანალოგიური 5,5%-იან ზრდას მოელის 2023 წლის ბოლოსთვის, რაც იანვარში გაკეთებეული 5,0%-იანი ზრდის პროგნოზზე 0,5%-ით მეტია. თუმცა 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ბანკი საქათველოს მშპ-ს ზრდის 5,0%-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

მშპ-ის ზრდის მაჩვენებლები, 2021 წლის დასაწყისის პროგნოზთან შედარებით, განახევრებულია, რადგან მაშინ მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 10,6%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, 2022 წლის ბოლოსთვის მთლიანი მშპ-ის ზრდა, იანვრის პროგნოზთან შედარებით, 0,5%-ით შემცირდება და 3,4%-ს შეადგენს. კლების ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება და 2023 და 2024 წლების ბოლოსთვის ერთნაირად 3,3% იქნება. აღსანიშნავია, რომ მონაცემები აქაც განახევრებულია, რადგან 2021 წლის დასაწყისში მსოფლიო ბანკი სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკის 6,7%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

„რუსეთთან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის მჭიდრო ეკონომიკური კავშირის გამო, ორივე რეგიონში მიმდინარე წელს, 2021 წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განახევრდა, რაც ცენტრალურ აზიაში 2,4%-მდე, ხოლო სამხრეთ კავკასიაში 3,4%-მდე შემცირდა… მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ საქონელზე უმაღლესი ფასები მოულოდნელ შემოსავლებს უზრუნველყოფს, რაც ზოგიერთ ქვეყანას (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი) აქტივობაში უნდა დახმარებოდა, ეს სარგებელი, სავარაუდოდ, შეზღუდულია. მნიშვნელოვანი მიზეზი არის მიწოდების შეზღუდვები, ხოლო უფრო ფართოდ, გარე მოთხოვნებისა და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება. ეს, სავარაუდოდ, ზოგიერთი ამ ეკონომიკისთვის უფრო დიდ დატვირთვას ქმნიან, ვიდრე საქონლის მაღალი ფასებით მიღებული მოგებაა,“ – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა 2022 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თითქმის, მესამედით, 2.9%-მდე შეამცირა და ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში COVID-19-ის პანდემიის შედეგები კიდევ უფრო დაამძიმა, რის გამოც ბევრი ქვეყანა რეცესიის წინაშე აღმოჩნდა.

„უკრაინის ომმა გლობალური ეკონომიკის შენელება გაამძაფრა, რომელიც ამჟამად სუსტი ზრდისა და ამაღლებული ინფლაციის გაჭიანურებულ პერიოდში გადადის. ცუდ პერსპექტივაზე მოლოდინი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს სტაგფლაციის რისკის გამო აფრთხილებს, რაც ინფლაციის ისეთი მაღალი ტემპია, რომელსაც წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე ერთვის. სტაგფლაცია ფასებისა და უმუშევრობის დონის ერთდროული ზრდით ხასიათდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close