დღის ამბებიისტორია

„ბრენდს“ შეწირული მუზეუმი (მეორე ნაწილი)

მეორე ნაწილი (პირველი ნაწილის გაგრძელება)
სრულიად საპირისპიროდ აფასებს სასახლს სარესტავრაციო სამუშაოებს ნ. ვაჩეიშვილი. მან ”მიწასთან გაასწორა” სასახლის რესტავრატორის ღვაწლი.
მხოლოდ ერთ რამეში შეიძლება დავეთანხმოთ ნ. ვაჩეიშვილს-დღეს სასახლე, სავალალო მდგომარეობაშია და რემონტს საჭიროებს. როგორც აღვნიშნე, 1978-1983 წლების რესტავრაციის დროს სასახლე ზუსტად იქნა რესტავრირებული.
თუმცა, ისიც ფაქტია, როგორც სასახლის შიგნით, ასევე ფასადების მხრიდან ძეგლი აშკარად მოკლებულია ზოგადად ისლამური სასახლეებისათვის დამახასიათებელ პარადულობას, საზეიმო იერს. ამასთან, თვალში საცემია სასახლის დაბალი კარები და ასევე დაბალი ორსართულიანი დერეფანი, რომელიც რუსული ბეჭდური П-ს მსგავსად სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი) შემოუყვება საელჩო დარბაზს. მაგრამ რა რესტავრატორების ბრალია, რომ სასახლე იმთავითვე მოკლებული იყო საზეიმო იერს?!
სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ სასახლის არაპარადულობის განცდას აღრმავებს 30 წლის წინათ უხარისხო მასალით ჩატარებულ რესტავრაციაც. აქ მხედველობაში მაქვს აივნების გადახურვა და სვეტები, აივნებზე დაგებული უხარისხოდ გამომწვარი აგურის ფილაქნიდან ამოცვივნულ-აფუებული აგურები და კლიმატური პირობებისაგან დაზიანებული ფასადების მხარის ფანჯარა-ვიტრაჟები!



მაგრამ ერთი რამ უდავოა–სასახლის დღევანდელი არქიტექტურული სახე მაქსიმალურად შეესაბამება თავდაპირველს, რას აღნიშნულიც აქვს ლ. რჩეულიშვილს.
მაშ, რაში დასჭირდა ნ. ვაჩეიშვილს სასახლის 1978-1983 წლების სარესტავრაციო სამუშაოების საკუთარი მასწავლებლისეული (ლ. რჩეულიშვილის) შეფასების უარყოფა, მათი მიზანმიმართული დაკნინება და აღდგენილი ძეგლის მიწასთან გასწორება?
ნ. ვაჩეიშვილის აზრით, რეაბილიტაციის პროექტი „არის ახალი კონცეპტუალური პროექტი, პროექტი, რომელიც გულისხმობს ძველის შენარჩუნებასა და სრულებით ახალ კონცეპციაში იმ ბრწყინვალების ჩვენებას, რომელიც კახეთში ხდებოდა ამ საუკუნეების მანძილზე“. მაგრამ ცხოვრობდა კი კახეთი ბრწყინვალე ცხოვრებით „ამ საუკუნეების მანძილზე“? არჩილს მივიჩნევთ თელავის სამეფო სასახლის აღმშენებლად, თუ დავით იმამ–ყული ხანს, ამ ორი მეფის დროინდელ კახეთის ცხოვრებას ბრწყინვალეს ვერ უწოდებ, როგორც ეს ნ. ვაჩეიშვილს წარმოუდგენია. შესაბამისად, ვერც არჩილი და ვერც დავით იმამ ყული ხანი თელავში ბრწყინვალე სასახლეს ვერ ააშენებდა! ვაჩეიშვილმა ეს თვითონას კარგად იცის, რომ თელავის სასახლის თავდაპირველი სახე, რომელიც 1978–1983 წლების რესტავრაციის შედეგად იქნა დადგენილი, ეწინააღმდეგება მის საკუთარ „კონცეპტუალური პროექტს“, რადგან სასახლეს არასოდეს ჰქონია ბრწყინვალე იერი. ამიტომ მან მდგომარეობიდან მარტივი, მაგრამ მეცნიერებაში მიუღებელი გამოსავალი მონახა–სასახლის რეალური, თავდაპირველი სახე უხარისხო და მცდარ რესტავრაციას დააბრალა, უმოწყალოდ და დაუმსახურებლად კიცხა და დაამდაბლა სასახლის რესტავრატორის ღვაწლი! არაფერს ვაჭარბებ, აი, მისი სიტყვები: ”გაუგებრობის ბრალია თვითონ „ერეკლეს სასახლის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟიც. ეს შენობა ისეა დროთა განმავლობაში გადაკეთებულ – გადმოკეთებულ -„რესტავრირებული“ რომ (თუ ადგილზე ნახავთ, დამეთანხმებით) შეგეცოდებათ, აღარაფერი სცხია „ძეგლობისა“ და მითუმეტეს სასახლეობისა. ძველი, „ავთენტური“ ხიბლის დაბრუნება აქ შეუძლებელია (ამაზე წერდა ჯერ კიდევ ლეო რჩეულიშვილი). ამიტომ ეფექტური, ზომიერი, თავსებადი ჩარევა აქ გარდაუვალი მგონია” .
”რაც შეეხება ერეკლეს სასახლეს, ეს არის იმ კატეგორიის სიძველე, რომელშიც მართლა სიძველე საძებარია! იმდენჯერ გადაკეთდა, მოიზილა და ამობრუნდა მისი შინაგანი არსებობა… ეს პროექტი, რომელიც წარმოვადგინეთ, ერთადერთი გზაა და მე დარწმუნებული ვარ ამ შენობას რომელშიც სანთლით საძებარია ერთი ძველი ნაწილიც კი, ჩვენ არ გადავაკეთებთ, არამედ მოვაბრუნებთ თანამედროვე ხიდით ძველისაკენ. მისი ეფექტურობა არის ერთადერთი გზა, რომ მან დაიფასოს თავი. თორემ აქ ჩვენ ვერ მივაგნებთ გასაფრთხილებელ ნამცეცებს და ის არ იქნება ადექვატური არც შინაარსით, არც ეპოქით”
ნებისმიერი ძეგლი პირმშოა იმ დროის და გარემოსი, როდესაც და სადაც იგი შეიქმნა. თელავის სასახლის დღევანდელი მხატვრულ-არქიტექტურული სახე ორი გარემოებით არის განპირობებული: 1. თელავის სასახლე აგებულია იმ შეჭირვებული დროის კახეთში, როცა ნაკლებად ფიქრობდნენ თუნდაც სასახლის პარადულ, საზეიმო იერზე და მთელი აქცენტი შენობის უტილიტარულ დანიშნულებაზე იყო გადატანილი; 2. თელავის სასახლე არის ”ინდივიდუალური პროექტით” აშენებული ამავე დანიშნულების სპარსული ყაიდის მინიატურული ნაგებობა, რომელშიც გამოვლინდა მისი შემკვეთის, სპარსოფილ დავით იმამყული ხანის ეჭვიანი და ჭირვეული ხასიათი, რასაც ვახუშტი აღნიშნავს კიდეც. მისი ცნობით, დავით იმამყული ხანი იყო ”პირშუენიერ-ჰაეროვანი, ტანმცირე, არა ძლიერი”. ჩანს, ”ტანმცირე” დავითს სიამოვნებას ჰგვრიდა ის გარემოება, რომ მასთან ვიზიტით მისული უცხო ადამიანი (ელჩი, თავადი) იძულებული ხდებოდა თავდახრილი შესულიყო სასახლეში. მთავარი ის იყო, რომ სასახლეში შესასვლელად თვითონ მას თავდახრა არ სჭირდებოდა! ხოლო მისთვის დამახასიათებელი უნდობლობა ქრისტიანთა მიმართ (”მოქცეული სრულიად წესსა ზედა და სჯულსა მაჰმადისასა, რამეთუ არარაი სწამდა ქრისტიანეთა”) არა მარტო თელავის გარეთ, მოსახლეობისაგან მოშორებით, სასახლის ასაშენებელი ადგილის შერჩევაში, არამედ თვით სასახლის ორსართულიანი დერეფნით აღჭურვაში გამოვლინდა, რომლის მეორე სართულიდან დაცვას შეეძლო თვალი ედევნებინა საელჩო დარბაზში მიმდინარე მოვლენებისათვის! ამრიგად, თელავის სასახლე ისლამური (სპარსული) არქტექტურული ძეგლი კია, მაგრამ მას მხოლოდ მისთვის დამხასიათებელი ინდივიდუალობაც ახასიათებს და ამით არის იგი ღირსშესანიშნავი. ამან განაპირობა ის გარემოება, რომ კახთ მეფეთა თელავის სასახლეს პირდაპირი ანალოგია არ მოეპოვება სპარსულ არქიტექტურაში და, მით უმეტეს, ქართულში. სწორედ, ამაში მდგომარეობს კახთ მეფეთა თელავის სასახლის ძველი, ნამდვილი „ავთენტური ხიბლი“.
თელავის სასახლის ეს ”ინდივიდუალობა” და გამორჩეულობა ნ. ვაჩეიშვილისათვის მიუღებელია, ამიტომ მისი სახის შესაცვლელად ”რეაბილიტაციის” პროცესში ეფექტურ, ზომიერ, თავსებად ჩარევას“ აპირებს! მართალია, იგი პირდაპირ არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს ეს ”ზომიერი, თავსებადი ჩარევა”, მაგრამ სასახლის სარეაბილიტაციო პროექტის ესკიზების მიხედვით, იგი სასახლის ორსართულიანი დერეფნების ერთსართულიანად გადაკეთებას, კარების ამაღლებას (ფანჯრებსა და კარების გამყოფი კარნიზის ამოღების ხარჯზე და კარებ-ფანჯრის ერთ ღიობად-კარად გადაკეთებას, ზოგი კარის ფანჯრად გადაკეთებას თუ ფანჯრების ერთ ღიობად გაერთიანებას და კედლების სპარსულ ყაიდაზე მოხატვას გულისხმობს, რაც მთლიანობაში სასახლის ”ეფექტურობას” გაზრდის და მდიდრულ, პარადულ ნაგებობად წარმოგვიდგენს.

სასახლის ჩრდილო-დასავლეთის ფასადი (დღეის მდგომარეობა)

სასახლის ჩრდილო -აღმოსავლეთის ფასადი (დღეის მდგომარეობა)

სასახლის სამხრეთის ფასადი (დღეის მდგომარეობა)

სასახლის აღმოსავლეთის აივანი (მოხატულობა და ერთ ღიობად გაერთიანებული კარებ-ფანჯარა (პროექტი)

პროექტით გათვალისწინებული საელჩო დარბაზის მოხატულობა (დასავლეთის ნახევარი-ცენტრალური და მაყურებლისგან ახლოს მდებარე ვიტრინების უკან და მოჩანს ფანჯრად გადაკეთებული დარბაზის ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კარებები, ცენტრალური ვიტრინის თავზე კი ერთ ღიობად არის გადაკეთებული კარების თავის ფანჯარა და დარბაზის ზედა სარკმელო)

ერთსართულიანად გადაკეთებული მოხატული დერეფანი (პროექტი)

აქვს კი ნ. ვაჩეიშვილს რაიმე საფუძველი, გარდა აღნიშნულისა, ეჭვი შეიტანოს 1978-1983 წლების სასახლის რესტავრაციის სისწორეში? ამის თაობაზე თვით ნ. ვაჩეიშვილი არაფერს ამბობს, მაგრამ ჩემთან პირად საუბარში მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნიშნისგებით მიმითითა, რომ გრ. გაგარინის ჩანახატში სასახლის საელჩო დარბაზის აღმოსავლეთის კარი მაღალია და, შესაბამისად, გამოდის, რომ სასახლის დაბალი კარები და დაბალი ორსართულიანი დერეფანი 1978-1983 წლების რესტავრაციის დროს დაშვებული შეცდომებით არის განპირობებული. მაგრამ, გრ. გაგარინის აღნიშნული ჩანახატი სასახლის კარების სიმაღლისა და დერეფნის სართულთა რაოდენობის დასადგენად არ გამოდგება! ჯერ ერთი, რესტავრაციის სისწორის გადამოწმება შეიძლება და ძალიანაც მარტივად. მაგალითად, ყველა ხის კოჭი რომელზეც დღეს დერეფნის მეორე სართულის იატაკია დაგებული ზუსტად იმ ბუდეებშია ჩასმული რომლებიც შემორჩენილია თავდაპირველი (დამპალი) კოჭების ადგილას და ყველა დარწმუნდება, რომ სასახლის დერეფანი მართლაც ორსართულიანი იყო! მეორეც, ასევე მარტივი ასახსნელია, თუ რატომ არის გრ. გაგარინის ჩანახატში საელჩო დარბაზის აღმოსავლეთის კარი მაღალი. საქმე ისაა, რომ გრ. გაგარინის ჩანახატი XIX საუკუნის 40-იანი წლების ვითარებას ასახავს (ჩუბინაშვილი, გვ. 576, სქოლიო 4).

საელჩო დარბაზი (გრ. გაგარინის ჩანახატი)
ამ დროისათვის რუსები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საჭიროებისამებრ აემღლებინათ ეს კარი, რადგან 20-იან წლებში საჯინიბოდ გადაკეთებულ სასახლის საელჩო დარბაზში ცხენებს ვერ დააბინავებდნენ დაბალი კარისა და მის თავზე არსებული ფანჯრის გაერთიანების გარეშე. სხვათა შორის, კარისა და მის თავზე არსებული ფანჯრისაგან გამყოფი კარნიზის განგრევის კვალი კარგად ჩანს გ. ჩუბინაშვილის წიგნში წარმოდგენილ გრ. გაგარინის ჩანახატზეც, მაგრამ ეს დეტალი რატომღაც ჩასწორებულია ლ. რჩეულიშვილის წიგნში დაბეჭდილ იგივე ჩანახატზე (თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იხ. გვ. 205) ამრიგად, გრ. გაგარინის ჩანახატი სასახლის მაღალი კარების და ერთსართულიანი დერეფნის არსებობის დასასაბუთებლად არ გამოდგება!).
სასახლის ”რეაბილიტაციის” პროექტით, სასახლეს მეორე სართულად აივანი უნდა დაედგას.

სასახლის ჩრდილოეთის ფასადი და აივანი მეორე სართულზე (პროექტი)

სასახლის ჩრდილოეთის ფასადი და აუზი აივნის წინ (პროექტი)
პროექტის ავტორებს ყური კი აქვთ მოკრული, რომ სასახლეს მეორე სართულზე აივნები ჰქონდა, მაგრამ ამას დასაბუთებას ვერ ახერხებენ და ამაზე თვით ნ. ვაჩეიშვილის განცხადებაც მეტყველებს: ”მე თვითონ, მთელს საარქივო მასალას ჩავუჯექი, რომ დავრწმუნებულიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში ამ პროექტის ნიუანსების ძიებისას … ისტორიულ ჩანახატებში არის, რომ სასახლეს მეორე სართული ჰქონდა და ის რომ, ეს იყო ძალიან ჯანსაღი და პომპეზურიც”. სინამდვილეში არავითარი ”ისტორიული ჩანახატები” არ არსებობს, რომლებიც სასახლის მეორე სართულის არათუ ”ძალიან სიჯანსაღესა და პომპეზურობას”, არამედ, საერთოდ, მის არსებობას დაადასტურებდა! ერთადერთი ”ჩანახატი”, რომელიც XVIII საუკუნის თელავის განაშენიანების მეტ-ნაკლებ სურათს წარმოგვიდგენს, არის გიულდენშტენტის არქივში დაცული მოყვარული მხატვრის მიერ მეხსიერებით შესრულებული ნახატი და მასზე თელავში არსებულ ციხე-სიმაგრეთა და მათში არსებულ ნაგებობათა უაღრესად სქემატური სურათია წარმოდგენილი.

გიულდენშტენდტის ექსპედიციის მოყვარული მხატვრის მიერ შესრულებული ”ბატონის ციხის” ჩანახატი

სასახლე (იგივე ჩანახატიდან)
დააკვირდით, განა შეიძლება ამ ”ჩანახატის” მიხედვით დასკვნის გაკეთება, რომ ” სასახლეს მეორე სართული ჰქონდა და ის რომ, ეს იყო „ძალიან ჯანსაღი და პომპეზურიც”? დიახ, ამ ჩანახატის მიხედვით, ვერც ერთი ჭკვათამყოფელი ვერ დაასაბუთებს სასახლის მეორე სართულის არსებობას, მით უმეტეს მის პომპეზურობას! იქნებ, ვცდები და ნ. ვაჩეიშვილს მართლაც ეგულება სხვა ”ისტორიული ჩანახატები”? თუ ასეა, წარმოადგინოს, ბატონო, და დაგვარწმუნოს თავისი აზრის სისწორეში! არადა, სასახლეს მართლაც ჰქონდა მეორე სართული აივნის სახით და იგი აღსადგენია, მაგრამ ამას სხვაგვარი დასაბუთება სჭირდება, რაც შეუძლია სასახლის 1978-1983 წლების რესტავრაციის ავტორს ბ-ნ ზ, მეღვინეთუხუცესს, რომელიც 5-6 წელი იკვლევდა სასახლეს და მისი ყოველი ნიუანსი ზეპირად იცის. ამიტომაცაა მისი პროექტი თითქმის იდენტური თავდაპირველთან.

სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადი და მეორე სართულის აივანი (ზ.მეღვინეთუხუცესის პროექტი)

 

ფოტოები ოსმან გორგიშვილის

მეორე ნაწილის დასასრული.


თენგიზ ალდამიძე


მეტი

მსგავსი სიახლეები

Close