თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა თელაველი თვითნასწავლი მხატვრის, ბექა ხუცურაულის, პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციას დამატებით ამდიდრებს მისი მეუღლის — ირინა ნოზაძის — ტიხრული მინანქრის ნამუშევრებ
ეს ბექა ხუცურაულის მეორე პერსონალური გამოფენაა მშობლიურ ქალაქში. მუზეუმმა მხატვრის ორი ნამუშევარი — „კადრი გომბორიდან“ და „შემოდგომის მასპინძლობა“ — მუდმივ ექსპოზიციაშიც შეიტანა.
ხუცურაულის ნახატები დაცულია კერძო კოლექციებში სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებზე. მისი „იასამნები“ 2014 წელს „Imago Mundi“-ს საერთაშორისო კატალოგშიც შევიდა. გამოფენა 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ბექა ხუცურაული თელავში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობა მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში გაატარა — სივრცეში, სადაც ისტორია, ბუნება და კახური სინათლე ერთად ბადებენ შემოქმედებით გარემოს.
სწორედ ამ გარემომ მისცა პირველივე სტიმული, ფერთა სამყაროსთან ბუნებრივი კავშირი ეგრძნო.

სწავლის წლები თელავის პირველ საჯარო სკოლასთან იყო დაკავშირებული — სკოლასთან, რომელსაც დიდი ქართველების კვალი ამშვენებს. ბექასთვის გაკვეთილები ხშირად ერთფეროვანი აღმოჩნდებოდა ხოლმე და კლასიდან გალერიისკენ იპარებოდა. თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის გალერიის ექსპოზიციებს შორის საათობით ჩერდებოდა და აკვირდებოდა დიდოსტატების ნამუშევრებს. ბავშვური ინტერესით ცდილობდა გამოეეცნო, რა შთააგონებდა მხატვრებს იმგვარი სიღრმისა და ემოციის გადმოსაცემად.
სკოლის დასრულების შემდეგ ბექა თელავის თვითმმართველობის კულტურის მიმართულებით მუშაობდა. მოგვიანებით, ცხოვრების გაგრძელება თბილისში გადაწყვიტა. დედაქალაქში სტაბილური სამსახური ჰქონდა — ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა, ფინანსურად წარმატებულადაც ითვლებოდა, .

მაგრამ თანდათან გაანალიზა, რომ ამ კომფორტს შინაგანი სიმშვიდე არ მოჰქონდა. თბილისს შორის ყოველთვის ტრიალებდა მონატრება — თელავის, კახეთის და იმ იისფრად გაბრწყინებული კავკასიონის, რომელიც დილაობით მისთვის ბავშვობიდანვე სიმბოლო იყო
ერთ დღესაც მიხვდა, რომ იმ სივრცის, რომელიც აკლდა, ხელახლა შექმნა შეეძლო — ტილოზე. ასე დაუბრუნდა ფუნჯს. პირველი კომპოზიციები იასამნებს მიეძღვნა — ყვავილს, რომელსაც ბექასთვის „სიცოცხლის საწყისი სურნელი“ აქვს. მისი სიტყვებით, სწორედ იასამნებმა მისცა ახალი იმპულსი, ხელში ისევ აეღო ფუნჯი და დაეწყო მონატრებული კახეთის ფერებით გაცოცხლება.


იასამნებს მოჰყვა გომბორის კალთებზე გაზრდილი მოცხარი, თელავის არქაული კედლები, წითელი ვარდები, მთის ქოხები და ბროწეულებით აჭრელებული ეზოები — ყველაფერი, რაც ბექასთვის კახეთს ქმნის. მისი ნამუშევრები არა მხოლოდ პეიზაჟებია; ისინი ემოციური მცნებებია — კავშირის, ძირძველობის და შინ დაბრუნების შესახებ.
„მე მთის კაცი ვარ,“ — ამბობს ის. — „როცა ბარში ზედმეტად ვიღლები, ფუნჯი მაძლევს ძალას. ის მაბრუნებს ჩემს ადგილას მთაში.“

ბექა მადლობას უხდის დედას — იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც ბავშვობა გალერიისა და მუზეუმის მეზობლად გაატარებინა. განსაკუთრებული მადლობას კი უხდის თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის გალერიის თანამშრომლებს, რომლებიც ბავშვობაში, გაკვეთილებიდან გამოპარულს, კარს უხსნიდნენ და უხმოდ აძლევდნენ მოტივაციას. სწორედ იქ, გალერიის სიჩუმეში, დაიწყო გზა, რომელმაც ის გიგო გაბაშვილისა და ელენე ახვლედიანის შემოქმედების გზამდე მიიყვანა — უბრალო, მაგრამ ერთგულ მხატვარ „ჯარისკაცად“ აქცია .





















