ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პოტენციალური რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ თემასთან დაკავშირებით თანმიმდევრული შეშფოთება გამოვხატეთ. ეს კანონი ჯერ კიდევ გადის საქართველოს სისტემაში მიღების პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვრჩებით “უცხოური აგენტების შესახებ” წარდგენილი კანონით. ზუსტად კი იმიტომ, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, ვისაც თანამოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურთ.
ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონის პოტენციალური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ. ჩვენი აზრი ძალიან მარტივია და ეს აზრი საჯაროდაც და პირად დონეზეც გავაჟღერეთ – ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პოტენციალური რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი. ასეთი კანონი არ შეესაბამება მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველ ხალხი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავს…
ასეთ შენიშვნებს მხოლოდ აშშ არ გამოთქვამს. რამდენიმე სხვა პარტნიორმა ქვეყანამ, ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ყველამ შეშფოთების მკაცრი განცხადებები გაავრცელეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
სიცრუეა, თითქოს ეს კანონი ამერიკულს ეფუძნება, ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს.
ბევრი პროპაგანდა იყო ამ კანონთან დაკავშირებით, თქვენ ერთი ასეთი სიცრუე ახსენეთ – წარმოდგენა, თითქოს ეს კანონი ჩვენს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA) ეფუძვნება.
ჩვენი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” მოითხოვს ხალხისგან, რომლებიც უცხოეთის მთავრობების აგენტები არიან, რომ ასეთებად დარეგისტრიდნენ. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქიანობას ან დაფინანსების წყაროებს. FARA-სთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგვიძლია მოაგაწოდოთ, თუ გამოგადგებათ.
FARA ძალიან ვიწროა, შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, – თქვა პრაისმა.