ბლოგიდღის ამბებიერთი დღე

უცხოს ერთი დღე

უცხოს ერთი დღე

დილა ყოველთვის პოზიტივით მინდა დავიწყო. უმეტეს შემთხვევაში გამომდის.

სამი რამ ავსებს დილის პირველ საათს: ყავა, სოც. მედია და რადიო.

უკვე 3 წელია რაც აქტიურად ვუსმენ სიეტლის ონლაინ რადიოს „KEXP“, განსაკუთრებით კი მის დილის პროგრამას რომელსაც ჯონ რიჩარდსი უძღვება. ჯონი ყველაზე გემოვნებიანი რადიო წამყვანია მთელ დედამიწის ზურგზე და გარდა კარგი მუსიკის, ენაც ტკბილად მოუბარი აქვს. ჯონის ამოჩემებული ფრაზაა „შენ მარტო არ ხარ“. მისი საუბარი მუდამ თანაგრძნობის, მხარდაჭერის და პოზიტიური გზავნილებისგან შედგება. ის ჩემთვის დილის გამამხნევებელი როლური მოდელია და ჩემი დილები სწორედ მის ხელშია.

რადიოს მოსმენის პარალელურად ვათვალიერებ სოციალურ მედიას. ამ ბოლო დროს მხოლოდ ფეისბუქსა და პინტერესტს ვიყენებ. ვცდილობ დილა მძიმე ამბებით არ დავიწყო და სქრეოლვამაც არ შემიტყუოს.

ჩემი დილები თითქმის სულ თავისუფალია. ბოლო ოფიციალური სამსახურიდან 8 წლის წინ წამოვედი და მას შემდეგ ჩემი თავის უფალი თავად ვარ. მინდა ძილს გამოვჭიმავ და მინდა ადრე ავდგები, საქმეს გააჩნია და დღის გეგმებს.

 

ეს მოქნილი რეჟიმი ჩემს დღის დასაწყისს სულ სხვა ხასიათს აძლევს, ძალით რომ არსად უნდა წავიდე და ვიმუშაო, უკვე პოზიტივში მაგდებს.

ერთსაათიანი დილის „რიტუალების“ შემდეგ ჯერი სიმღერაზე დგება. უკვე 2 წელია საკუთარ სიმღერებს ვმღერი. მეგობრებმა – მე, დავით გოგოლაძემ და მიშა ჩიტაშვილმა ჯგუფი „სათამაშო“ შევქმენით. ბენდში ელექტრონულ ჰიპ-ჰოპს ვაკეთებთ, რომელსაც ჩვენებურად „ელექტრო ჰიპ-პოპი“ ვუწოდეთ. ყველაფერი იმდენად ახალია, რომ ბევრ ჩართულობასა და შრომას მოითხოვს. წელს გადავწყვიტეთ რამდენიმე სიმღერის კლიპით გამოშვება, კლიპებს კი გვინდა სცენარი, სიუჟეტური ხაზები და გმირები აკავშირებდეს. ამიტომ დავიწყე უდიდესი მეცნიერის და მწერლის ჯოზეფ კემპბელის „გმირის მოგზაურობის“ შესწავლა. კემპბელმა გასულ საუკუნეს აღმოაჩინა, რომ ყველა ამბავს – იქნება ეს უძველესი ჩანაწერები, ბერძნული მითოლოგია თუ თანამედროვე ლიტერატურა, გააჩნია საერთო სიუჟეტური ხაზი. სწორედ ამ შაბლონის სიღრმისეული შესწავლაა ჩემი ყველაზე ახალი გატაცება. ჩვენს ალბომს „გზა“ უნდა დავარქვათ და მეც ვცდილობ სიმღერების ტექსტები და მისი გზავნილები უფრო სიღრმისეული და მაგრამ ამასთანავე დაღეჭილი გავხადო, რათა მსმენელმა ნათლად დაინახოს ჩვენი ალბომის მთავარი კონცეფცია – მშვიდობა, სიყვარული და თანაგრძნობა.

 

თუმცა ყველა დილა ასეთი არაა. გააჩნია იმ დღეს რა მაქვს დაგეგმილი და რა როლი უნდა მოვირგო. ჩემი თავისუფალი გრაფიკიდან გამომდინარე სხვადსხვა „ფრილანსინგ“ სამუშაოს ვთანხმდები და კვირის მანძილზე რამდენიმე როლს ვირგებ (ტრენერი, ფოტოგრაფი,მემონტაჟე, თამაშის ოსტატი..)

ორი შვილის მამა ვარ და მეორეს მხრივ დილა საოჯახო საქმეებსაც ეხება. ძირითადად შოთკა, ჩემი უმცროსი შვილი მაბარია ხოლმე. „კვერცხი პურის“ გაკეთება დიდი ხანია ვისწავლე და ამით გავდივართ დილით იოლას ორივე. )) დედაჩემი,  ჩემი მეუღლე და  უფროსი შვილი ნინუცა ძირითადად დილით ადრე გადიან სახლიდან და შესაბამისად შუადღემდე ან საღამომდე სახლში ვატარებ დროს.

ჩვენს გარდა სახლში 4 ფისო (შავტუხა, ვეფხუნია, თაგუნია და ციცო) ცხოვრობს და დილის ენერგიასა და მუხტს მათგანაც ბლომად ვიღებ.

 

 

თუ „უცხოგრაფში“ არაფერია სამონტაჟო ან დასამუშავებელი, ხან ლიტერატურას შევყვები ხოლმე. ბოლო 3 წელია აქტიურად ვკითხულობ ეზოთერულ და სპირიტუალურ ლიტერატურას, რასაც მერე ფსიქოლოგიასა და რეალური ყოფის სცენარებს ვარგებ. დიდი ხანია უკვე რაც „მორმუნე“ აღარ ვარ, არამედ „მაძიებელი“ გავხდი და ამით ბედნიერი ვარ. სამყაროსა და თანამედროვე ყოფაზე წარმოდგენები ბევრჯერ გადავაფასე ცხოვრებაში და მთავარ საზრისადაც ეს მიმაჩნია – ვიყო მუდმივ დინამიკაში, არ გავიყინო კონკრეტულ აზროვნების შაბლონებში და მუდამ ვეძებო ახალი სივრცეები, სადაც უფრო უკეთ და ბედნიერად ვიგრძნობ თავს. სწორედ ამ გზაზე აღმოვაჩინე ტაო, ძენ-ბუდიზმი და სტოიციზმი. რომელმაც თავის მხრივ დამაფიქრა ეგზისტენციალიზმზე, თვითდაკვირვებასა და „აწმყოს“ კონცეფციაზე.

ის ცოდნა რომლის აკუმულირებაც აქამდე მოვახდინე მთელს ჩემს დღეზე აისახება. მაგალითად კარგა ხანია არაფერზე გავბრაზებულვარ. ბრაზი რა ფენომენია თითქმის დამავიწყდა. შევწყვიტე ადამიანების ისე დანახვა, როგორც მე მინდოდა და მერე ამის გამო ნერვიულობა. ვცდილობ ისინი ისეთი მივიღო როგორებიც არიან, რადგან მეც თავად ამას ვითხოვ მათგან. არავის და არაფრის მიმართ მოლოდინების არ ქონა გახდა ჩემი ახალი გამოწვევა, რასაც ყოველდღიურად უფრო უკეთ ვახერხებ. ამას კი უდიდესი შვება მოაქვს. შესაბამისად დღეები უფრო მსუბუქი და სასიამოვნო გახდა. ასე გამოვათავისუფლე ჩემივე თავი იმ დრამიდან სადაც 35 წელი ვიმყოფებოდი. სამყაროს, ბუნების და ადამიანების ახლებურად შეყვარების გზაზე დავდექი და იმედია საინტერესო იქნება ეს მოგზაურობაც. ასევე ბოლო პერიოდში დავინტერესდი იოგით და 2 სეანსზეც ვიყავი. ვგეგმავთ იოგის წრის პოპულარიზაციას თელავში.

ჩემი დღის მეორე ნახევარი სრულად ეთმობა თელავის სამაგიდო თამაშების კლუბს და ბარს. 2  წლის წინ ჩემი პირველი სამაგიდო თამაში, „CATAN” შევიძინე. მას მერე ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი სათამაშო და თან თავსატეხი გახდა. ბარსაც „თავსატეხი“ დავარქვით და მეგობრებთან ერთად ვცდილობთ თავისუფალი გასართობი და ახალგაზრდული სივრცე შევქმნათ. სულ მქონდა იმის განცდა, რომ უმოქმედობა და ერთ წრეზე ტრიალი ამ ქალაქის (და არა მხოლოდ ჩვენი) მთავარი პრობლემა იყო. რაც აჩენდა ნიჰილისტურ განწყობებს და ეს სტაგნაცია უბიძგებდა ახალგაზრდებს აქედან გაქცევისკენ.

დავაკვირდი რატომ გაიქცა ხალხი 90-იანებში თელავიდან, რატომ გაიქცა ჩემი თაობა 2000-იანებში და რატომ გარბიან დღეს ახალგაზრდები და ვიპოვე საერთო ძაფები. იქ სადაც არაა განვითარების, თვითრეალიზაციის და თვითგამოხატვის ადგილი, თავისუფალი სული ვერ ჩერდება. ასეთია ცხოვრების კანონი. მეც ვგეგმავდი გაქცევას, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ იგივეს გავიმეორებდი რაც წინა თაობებმა ქნეს. გაქცევით ისევ ერთფეროვნების მხარეს დავდგებოდი. ამიტომ ავირჩიე დარჩენა და მოძრაობა. დღეს ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ბევრი მოკავშირე და მეგობარი შევიძინე ქალაქში და ეს მეხმარება ჩემი იდეების განხორციელებასა და თვითრეალიზებაში. რაც კიდეც მიმაჩნია ცხოვრების მთავარ საზრისად.

 

 

სამაგიდო თამაშების კლუბში 50-მდე თამაში გვაქვს და მთელი დღე ან ვთამაშობთ, ან კლუბის გაფართოების იდეებს განვიხილავთ. ასევე ხშირად ვგეგმავთ სათამაშო ტურნირებს და გასართობ ღონისძიებებს. პანდემიიდან გამომდინარე ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული და სრული პოტენციალის ნახევარსაც ვერ ვავლენთ, როგორც კლუბი და თამაშის გამავრცელებლები, მაგრამ ვიცით რომ ეს დროებითია და ჩვენც მოთმინებით ვუცდით, თუმცა განვითარებას არ ვწყვეტთ. ხშირად დავდივართ ხოლმე სხვადასხვა სოფლებში „თელავის ამერიკის კუთხის“ პროექტით და ვასწავლით ბავშვებს ლოგიკურ, სააზროვნო და გონების განმავითარებელ თამაშებს. გეგმაში გვაქვს ასევე განვაახლოთ ჯუნიორ კლუბის იდეა, დღის სათამაშო ცენტრი სადაც შეიქმენება საინტერესო საბავშვო თამაშების კლუბი. რომელიც მომავალში თავად გახდება თამაშების შემქნელი და გენერატორი.

 

დავიწყე პოდკასტების სერია „რასაც აქამდე მივხვდი“, რომელიც ჯერ კიდევ მზადების პროცესშია და სულ მალე იხილავს დღის სინათლეს. შაბათ-კვირას ძირითადად დასუფთავების კამპანიაში „დაალაგე შენი უბანი“ ან „თელავის სათემო ფონდის“ იდეის გარშემო ვტრიალებ ისევ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად. ამ ბოლო დროს დავიწყეთ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე ფიქრი და ზრუნვა. ვცდილობთ იმ რესურსებით, რაც გვაქვს მაქსიმალური შედეგი დავდოთ, ეს კი ხან გამოდის და ხან არა. რაც მთავარია საკუთარი თავის რწმენას არ ვკარგავთ და ერთმანეთს ინსპირაციასაც მაქსიმალურად ვაძლევთ.

 

 

 

სახლში შუაღამეს ვბრუნდები. ძილის წინ თვითრეფლექციის დრო დგება – სანამ დავიძინებ გონებით შემოვირბენ ხოლმე ყველა იმ სცენას, რაც დღის მანძილზე ვნახე. ვცდილობ გამოვარკვიო ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე, როგორ ვირეაგირე სხვების საუბარზე, რა იყო მათი სათქმელი და რამდენად სწორად გავიგე. ვცდილობ გამოვიჭირო საკუთარი თავი ვიწრო ეგოისტურ ქცევებში და ამ ქცევების მიზეზებზე დავფიქრდე, რათა მომავალში ვიმუშაო ამ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამოვთავისუფლდე ეგოიზმისგან. რაც საშუალებას მაძლევს საინტერესო და სიყვარულით სავსე გავხადო ჩემი ყოფაც და ურთიერთობებიც. ძილის წინ რამე მსუყე ფილოსოფიურ ან სპირიტუალურ მესიჯებს ვეცნობი „პინტერესტზე“ და ვცდილობ როგორც პაზლი ისე ავაწყო და დავუკავშირო ერთმანეთს ეს ცოდნა, ჩემი საბაზისო ფსიქოლოგია და ხვალინდელი დღე.

აი ასეთია „უცხოს“ ერთი დღე.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close