ქალაქის კეთილმოწყობის ჯგუფები თეატრის წინ მეორე დღეა მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ. ძირითადი სამუშაოები 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი ძირითადად არსებულ განათებებსა და მთავარი ნაძვის ხის კონსტრუქციას იყენებს, თუმცა დაზიანებული ელემენტების აღსადგენად და ახალი აქსესუარების შესაძენად გამოცხადებულია ტენდერი, რომლის სარეზერვო ღირებულება 37 000 ლარია.
თანხა მთლიანად მოხმარდება დამატებითი განათების შეძენასა და არსებულის რეაბილიტაციას.
ნაძვის ხის ანთება 26 დეკემბერს იგეგმება. ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მოეწყობა თოვლის პაპის კუთხე, სადაც ბავშვებს ქისითა და ტკბილეულით დახვდებიან. ქალაქის ქუჩებში ივლიან ზღაპრის გმირები და ანიმატორები, რომლებიც პატარებს საახალწლო განწყობას შეუქმნიან. დღის ბოლოს კი გაიმართება კონცერტი.
კიდევ ერთი ღონისძიება დაგეგმილია 30 დეკემბერს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, თელაველებს “ღამის შოუს ბენდი“ უმღერებს.





















