თელავის ისტორიამთავარი ამბები

დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?

დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?

0

საქართველოს ისტორიაში ქართველი მეფეების გარდა სამეფოს მართვა-გამგეობაში ხშირად მნიშვნელოვან როლს დედოფლებიც ასრულებდნენ. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, რამდენიმე ქართველი დედოფალი პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო ერეკლე მეფის მეუღლე დარეჯან დედოფალი იყო, რომლის ქმედებები ხშირად არასახელმწიფოებრივი, არამედ პირადი მიზნებით იყო განპირობებული. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ დედოფალი საქართველოში რუსეთის გაძლიერების მოწინააღმდეგე იყო და მითქმა-მოთქმა მისი მოღალატეობის შესახებ დეზინფორმაციას წარმოადგენს.

 

დარეჯან დადიანი დაიბადა 1738 წლის 20 ივლისს. იგი იყო ოდიშის მთავარ ბეჟან დადიანის უმცროსი ვაჟის, კაცია-გიორგი დადიანისა და მისი უცნობი მეუღლის ასული.

1750 წელს, 12 წლის დარეჯანი ცოლად შერთეს კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის უფროს ძესა და თანამმართველს, მეფე ერეკლე II-ს. ეს ქორწინება ერეკლესათვის მესამე იყო და შედგა მისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა აბაშიძის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში.

1762 წელს, თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, ერეკლე II უკვე ოფიციალურად გახდა ქართლ-კახეთის მეფე, დარეჯანი კი დედოფალი. ამრიგად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო ერთ სამეფოდ გაერთიანდა.

 

ერეკლესა და დარეჯანს ეყოლათ 8 ვაჟი და 6 ასული.

დარეჯანმა ისანში, სირაჯხანის მახლობლად ააგო სასახლე (საზაფხულო რეზიდენცია) და ეკლესია. თბილისში ჰყავდა 248 კომლი ყმა, ჰქონდა ბაღები, სასტუმროები, რომელთაც იჯარით გასცემდა ხოლმე, აგრეთვე ყასაბხანა და აბანო.

მარტო სამღებროები დედოფალს 700 თუმნამდე შემოსავალს აძლევდა წელიწადში.

ზოგიერთ წყაროში დარეჯანი მოხსენიებულია, როგორც სამშობლოსათვის დავდადებული დედოფალი, რომელიც ქვეყნის გადარჩენას ცდილობდა. გთავაზობთ ასეთ ცნობებს:

ერეკლეს მიერ რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ იწყება დედოფალ დარეჯანის უშუალოდ ჩარევა სამეფო საქმეებში, რაც დროთა განმავლობაში უფრო აქტიური ხდებოდა.

არა მარტო ერეკლეს ვაჟები და ქალები, არამედ მრავალი სახელოვანი და გავლენიანი პირი მიემხრო დედოფალს და მეფის სასახლეშივე გაჩნდა პირველი ანტირუსული მოძრაობა. დარეჯან დედოფალი და მისი მომხრეები ბოლოს მაინც ვერას გახდნენ და 1783 წ. 24 ივნისს ქ. გეორგიევსკში მოეწერა ხელი ცნობილ ტრაქტატს რუსეთ-საქართველოს შორის. 1795 წლის სექტემბერში თბილისში აღა-მახმად-ხანი შემოიჭრა. რუსეთი საქართველოს ამჯერადაც არ დაეხმარა.

1798 წლის 11 იანვარს ივერიის მზე ჩაესვენა, გარდაიცვალა ერეკლე მეფე. ბატონიშვილმა გიორგიმ ისარგებლა ამ მომენტით და სამეფო ფუნქციები ხელთ აიღო. ქვეყანა სუსტ და უძლურ გიორგის ხელიდან ეცლებოდა. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე გიორგი გარდაიცვალა და სამეფოს გადარჩენის იმედებიც თან წაიღო.

 

გიორგი XII

საუბედუროდ, გამართლდა დარეჯანის წინათგრძნობა. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, ქართლ-კახეთის სამეფოს გააუქმების შესახებ. საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. რუსეთის სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის დამყარებამ ქართველი ერი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, რასაც მოჰყვა 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში და 1804 წლის მთიულეთის აჯანყება.

სამეფოს გადასარჩენად ყველამ დარეჯანის გარშემო მოიყარა თავი. დედოფალი ტახტის აღდგენას და მანიფესტის გაუქმებას მოითხოვდა. ბაგრატიონთა შორის უთანხმოების მოსპობამ საგონებელში ჩააგდო რუსეთი და გადაწყვიტეს დედოფალი დარეჯანი და ბაგრატიონები საჩქაროდ მოეშორებინათ საქართველოდან … ხელმწიფე მათ რუსეთში გადასახლებას ითხოვდა და საქვეყნოდ ამას “სადარბაზოდ მიწვევას” არქმევდა.

1803 წლის ნოემბერში დარეჯან დედოფალი რუსეთში გადაასახლეს. საქართველოს საზღვრამდე აცილებდა ხალხი ჯარით გარშემორტყმულ საყვარელ დედოფალს. საქართველო მისტიროდა მართლაც უკანასკნელ დედოფალს, რომელიც იძულებით და ამაყად სტოვებდა საყვარელ სამშობლოს.

დარეჯან დედოფალი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს პეტერბურგში და დაკრძალეს ნევის მონასტერში, ხარების ეკლესიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close