ბლოგებითელავის ისტორია

ჩემი უბანი კარლ მარქსი-ელიზბარ ელიზბარაშვილი

ჩემი უბანი კარლ მარქსი-ელიზბარ ელიზბარაშვილი

0

ბავშვობა თელავში გავატარე, ეს იყო ომისშემდგომი წლები. მაშინდელი თელავი და თელაველები სრულიად განსხვდებოდა დღევანდელისაგან. მიუხედავად გაჭირვებულობისა უფრო მეტი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა ადამიანებს შორის.

სახლი, სადაც ვცხოვრობდით, აშენებული იყო პაპაჩემის, დეკანოზ მიხეილ ელიზბარაშვილის მიერ 1916 წელს. ამ ადგილას ეზოს სიღრმეში მდგარა ძველი სახლი გრძელი აივნით, ის უყიდია პაპაჩემს, დაუნგრევია და გზის პირას აუშენებია ახალი სახლი.   მამაჩემი მიყვებოდა ამ სახლის მშენებლობის შესახებ, თუ როგორ ჩაატანეს საძირკველში ძვირფასეულობა და აკურთხეს, როგორ იბარებდა ის 8-10 წლის ასაკში მამამისის მიერ გამოგზავნილ სამშენებლო მასალას და სხვ.

საღამოობით, პატარა ბიჭი, ჩემ მშობლებთან და დასთან ერთად მივუსხდებოდით მაგიდას, მაშინ დენი ხშირად არ იყო, და ლამფის შუქზე დედაჩემი ამზადებდა გაკვეთილებს, მამა კითხულობდა გაზეთებს, დალი მეცადინეობდა და მეც “ჩემი ჭკუით” ვსაქმიანობდი. ალბათ აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული სწავლისადმი. მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემთვის მაგალითი იყო დედაჩემის და მამაჩემის ცხოვრება, მათი ოჯახური ურთიერთობები, ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთობა ოჯახის სხვა წევრებთან, კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა სამსახურის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე.

უბანი იყო წყნარი, მეზობლები ერთმანეთს მორიდებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ.  ჩვენი სახლის გვერძე სახლში ცხოვრობდა ცნობილი ექიმი კოლია ვოლდეიტი მეუღლესთან ერთად, მათი ერთადერთი შვილი-აპოლონი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ის ყველას ექიმი იყო, და ბავშვობაში ხშირად განუკურნებივარ სხვადასხვა ავადმყოფობისგან. ახლო მეზობლები იყვნენ აგრეთვე ერისთავები (მათი შთამომავლებია ლევან და ბიძინა ლაშხები, ბადრი ფრანგიშვილი, ოთარ გამგონეიშვილი), ბოგველაძეები (მანანა და ნანა), გორდრზიანები( დიდებული კაცია, შვილები თომა და ზურა), ამონაშვილები (დალი, ლამარა ნუნუკა- თბილისში ცხოვრობდნენ, ეს სახლი დღეს მანჭარაულებს ეკუთვნის, სახლი სადაც ცხოვრობდა ლესია უკრაინკა), მელაძეები (ბესო, თემო), სოლოპები (სონია შესანიშნავი ქალბატონი ქართული გვარი არ მახსოვს და მისი შვილი ჯონი უსპეტაკესი ადამიანი), სიმონიშვილები (იზა, მისი ძმა ალიკა გარდაიცვალა ნაადრევად), ანდრონიკაშვილები (ირაკლი, ქალბატონი ნაზო, შვილები გოგი და მანანა), გელდიაშვილები (ნიკო, სარა და შვილი-ცისმარი), ყრუაშვილები (თენგიზი, თინა), ალექსანდრე გვენცაძის ოჯახი, ხოფერიები, წველებაშვილები, შოშიაშვილები, სანიკიძეები, ჩიტალაძეები და სხვა.

იყო ომისშემდგომი წლები, ამიტომ უბანი ბავშვების სიუხვით არ გამოირჩეოდა.  ჩემი ასაკის არავინ იყო, მეგობრობა და თამაში მიწევდა ჩემზე რამოდენიმე წლით უფროსებთან- ლევან და ბიძინა ლაშხებთან, გიორგი ანდრონიკაშვილთან, ლევან კაპანაძესთან, თენგიზ ყრუაშვილთან, დათო სანიკიძესთან და სხვ., ჩემზე უმცროსი იყო ვანო შოშიაშვილი. გაცილებით უმცროსები იყვნენ ბესო და თემო მელაძეები, ილო წველებაშვილი, ლევან ნარეკლიშვილი, რეზო და თემო მაისურაძეები, მაილა ლალიაშვილი, მოგვიანებით გადმოვიდა თელავში საცხოვრებლად გოგი მელაძე.

მე ძირითადად უფროსებთან ვთამაშობდი. ვთამაშობდით ქუჩაში, ან რომელიმეს ეზოში. ჩვენი გასართობი იყო ფეხბურთი, კაკლაობა, მასრაობა. გიორგი ანდრონიკაშვილი შემდგომში გახდა ქალაქ თელავის მერი, ლევან ლაშხი გახდა ანსამბლ “წინანდლის” წამყვანი სოლისტი. ლევან კაპანაძემ გმირულად დაასრულა სიცოცხლე, მან რამოდენიმე ბავშვი გადაარჩინა აივნის ჩანგრევის დროს და თვითონ დაიღუპა.

ზაფხულობით უბანში ჩამოდიოდნენ დამსვენებლები თბილისიდან: დალი, ლამარა და ნუნუკა ამონაშვილები, იზა ხოფერია, ნუგზარ შოშიაშვილი, ბადრი შოშიტაშვილი და სხვები. ბადრი შოშიტაშვილი, გიორგი ანდრონიკაშვილის დეიდაშვილი იყო.  ჩვენ დავმეგობრდით, გიორგიმ ნაჯახით გაგვიკაწრა ცერა თითები და ისინი ერთმანეთს შევაზილეთ. ასე გადავიდა ჩვენი მეგობრობა ძმობაში. ჩვენი ძმობა გაგრძელდა თბილისშიც. ბადრი შემდგომში თბილისის მერი გახდა. ის ახალგაზრდა გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა.

მამაჩემს ჩვევად ჰქოდა, რომ თითქმის ყოველ საღამოს გაისეირნებდა ტყეში და მეც ხშირად მივყვებოდი ჩემ უბნელ ბიჭებთან ერთად. ტყე ძალიან ახლოს იყო, სასაფლაოს გაგრძელებაზე. იქ დღეს თელავის ერთერთი პრესტიჟული უბანი გაშენდა-ფალიაშვილის ქუჩა.

ტყეში სეირნობისას ვათვალიერებდით ხეებს, ველურ მცენარეებს, კენკროვანებს. მამაჩემი გვიყვებოდა მათ შესახებ. ხშირად მოგვიკრეფია თხილი, მაყვალი, სოკო და სხვ. შუა ტყეში, დღევანდელი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, იყო დიდი მინდორი, სადაც ვთამაშობდით  ფეხბურთს. ბავშვებმა გავაკეთეთ კარის ძელები. ვაწყობდით შეჯიბრებს სხვადასხვა უბნებს შორის. სამწუხაროდ ერთხელაც მისვლისას ძელები არ დაგვხვდა, ვიღაცას შეშად წაუღია, რამაც ძალიან გვატკინა გული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close