ბლოგიილტოსპირელი

ბოსტანი

 

წლებია, რაც, ტრადიციულად, ორი დიდი ბოსტანი გვაქვს სოფელში: ერთი ცალკე – საკარტოფილე, ხოლო მეორე – ყველა დანარჩენი ბოსტნეულისთვის.
მეორე ბოსტანს შუაში პატარა რუ ჩამოუდს, სარწყავიანია და იქ ვთესავთ ხოლმე: სარის ლობიოს, კიტრს, პომიდორს, ჭარხალს, სტაფილოს, ხახვს, ნიორს, კომბოსტოს, ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას, ყველანაირ მწვანილეულობას, იქვე გვიდგას მარწყვი.
ბოსტნებს პერიოდულად სქონლის ნაკელით ვამდიდრებ, შხამ-ქიმიკატები მათში არსოდეს შემქვს.
ბოსტნის დაბარვა-დათოხნა-დაფოცხვა მძიმე და შრომატევადი საქმეა, მაგრამ უფრო ქანცისგამწყვეტია, უკვე ამოსული ბოსტნეულის მოვლა – გათოხნა, ხშირი მარგვლა, რწყვა, მოკრეფა.
ასეა თუ ისე, ამ ბოსტნებს ყოველწლიურად ვამუშავებ და საკმაო ტვირთიცაა ეს საქმიანობა.
მაგრამ წელს მაინც კიდევ ერთი მესამე ბოსტანი მივუმატე.
ახალი ბოსტანი სახლთან ახლოს, შიდა ეზოში, გავაკეთე და ასე მაქვს გადაწყვეტილი, რომ აქ მხოლოდ მწვანილეულობას დავთესავ, რომ სახელდახელოდ მოსაკრეფი იყოს კერძების კეთებისას, რადგან ის ორი ბოსტანი სახლიდან ცოტა მოშორებითაა და დედას უკვე უჭირს, მზარეულობისას, მწვანილისთვის შორ მანძილზე წასვლა.
ამჟამად სამივე ბოსტანი უკვე დაბარულ-დათოხნილ-დაფოცხილი და დათესილი მაქვს.
მე, ჩემის მხრივ, საქმისთვის ხელი და ერთგულება არ დამიკლია და ვნახოთ, ახლა, რანაირი ამინდები წავა და როგორი მოსავალი იქნება!
აი, ილტოსპირელის მიწასთან ურთიერთობის მოკლე ქრონომეტრაჟი – იქნებ დაგაინტერესოთ ვინმეს!..

სურათზე: ჩემი ახალი, საახლოო და სამწვანილე ბოსტანი


მიხეილ ღანიშაშვილი, ილტოსპირელი —

ქართველი პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close