მსოფლიო

საერთაშორისო ბაზარზე ოქრო გაიაფდა

საერთაშორისო ბაზარზე ოქრო გაიაფდა

მაღალი ინფლაციის ფონზე, ოქროს ღირებულება ისტორიულად დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა იდეალური დროა ძვირფასი ლითონის შესაძენად, თუმცა მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, მისი ფასი არ იმატებს.

CNN-ის ცნობით, გლობალურად, ოქროს ფასი მარტის დასაწყისში გაიზარდა, რადგან შიში იმაზე, თუ რა შედეგებს მოიტანდა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა. წლის მესამე კვარტალში კი ძვირფასი ლითონის ღირებულება 22%-ით შემცირებულია.

ამერიკაში ამ ცვლილებებს Fed-ის გადაწყვეტილებები იწვევს: ცენტრალური ბანკი ინფლაციის შესამცირებლად საპროცენტო განაკვეთებს აგრესიულად ზრდის, ეს კი იმ ფონზე, როცა უკრაინის ომი სურსათსა და ენერგეტიკაზე ფასებს აძლიერებს. გასულ კვირას, ფედერალურმა რეზერვმა ზედიზედ მესამედ გაზარდა საპროცენტო განაკვეთები, რაც ისტორიულად უპრეცედენტო ნაბიჯია. შედეგად, ამერიკული დოლარი ახლა ორი წლის მაქსიმუმზეა.

კიდევ ერთი ფაქტორი Fed-ის მკაცრი გავლენაა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებზე, რომელთა შემოსავალი გაიზარდა, რამდენადაც Fed-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. ოქრო ასევე კონკურენციას უწევს სახელმწიფო ობლიგაციებს, როგორც უსაფრთხო ინვესტიციას და როცა ინვესტორებისთვის საქმე უკეთესი შემოსავლის მიღებაზე დგება, მათთვის სახელმწიფო ობლიგაციები, ოქროსთან შედარებით, ნაკლებად მიმზიდველია.

საგულისხმოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც Fed-მა მონეტარული პოლიტიკა კიდევ ერთხელ გაამკაცრა, მის გზას სხვა სახელმწიფოებიც დაადგნენ: ინგლისის ბანკმა დიდ ბრიტანეთში განაკვეთები, 2008 წლის შემდეგ, უმაღლეს დონეზე აიწია. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს შვედეთში, ინდონეზიაში, ვიეტნამში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.

ეს კი ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უახლოეს პერიოდში ოქროზე ფასებმა მოიმატოს. ძვირფას ლითონზე ფასების ზრდა ერთადერთ შემთხვევაში მოხდება – თუ ინფლაციის მაჩვენებლები კლებას დაიწყებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close