დღის ამბებიისტორია

„ბრენდს“ შეწირული მუზეუმი

იგივე შეიძლება ითქვას სასახლის მოხატულობის შესახებაც! პროექტის მიხედვით იგი მეტად პომპეზურია, რასაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ი. კოშორიძის განცხადება, რომ ”ერეკლე II-ის სასახლის ინტერიერებმა დეკორირების გარეშე მოაღწია ჩვენამდე… თუმცა, თანამედროვეთა გადმოცემით, ისინიც მოხატული ყოფილა”, არ შეეფერება სიმართლეს-მსგავსი გადმოცემა არ არსებობს! ერთადერთი ცნობა, რომ სასახლის ინტერიერი მოხატული იყო, ეკუთვნის პ. იოსელიანს: სასახლეში ”Видно по местам, что оно было росписано живописью по вкусу Персидскому” (П. Иоселиани, Путевыя записки по Кахеии, Тифлис, 1846, გვ. 59). მაგრამ ესეც საეჭვოა, რადგან, პ. იოსელიანის ეს წიგნი ”ბატონის ციხის” შესახებ უამრავ მცდარ ინფორმაციას შეიცავს. უფრო სავარაუდოა, რომ მან სასახლეს მიაწერა აღმოსავლეთის კარიბჭის თავზე დადგმული კოშკის ტიპის ოთახში არსებული მოხატულობის ნაშთი, რადგან სასახლის რესტავრაციის პროცესში არ აღმოჩენილა მოხატულობის ოდნავი კვალიც კი!
პროექტის მიხედვით, სასახლის ჩრდილოეთის აივნის წინ აუზია გათვალისწინებული და ესეც თვითნებობაა! სინამდვილეში აუზი სასახლეს სამხრეთით არსებულ ინტიმურ ეზოში იყო. 1850 წელს ვორონცოვის ბრძანებით სასახლის საელჩო დარბაზისა და აღმისავლეთი ნაწილთან ერთად აღუდგენიათ აქ არსებული აუზიც: ”Ремонт закончен в 1850 году, возобновлены «огромная продолговатая зала и по концам ее две комнаты, из коих одна-опочивальная царская; восстановлен и древний дворцовый сад, бассейном и вековыми его чинарами» (ჩუბინაშვილი, გვ. 576).
სამწუხაროდ, ამჟამად მე ხელთ არ მაქვს თელავის 1819 წლის გეგმა, რომელზეც ამ ინტიმურ ეზოში სამეფო ოჯახის წევრებისათვის განკუთვნილი ბაღია ნაჩვენები. ამიტომაც, აქვეა, ბაღის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, აბანოც, რომელიც სასახლის თანადროული, ანუ ასევე დავით იმამყულიხანის აშენებული უნდა იყოს! აბანო ორი საცავისაგან შედგებოდა – თვით აბანო და, სავარაუდოდ, გასახდელი, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს (შემორჩენილია საძირკველი).
აბანო (დღევანდელი მდგომარეობა)

პროექტის მიხედვით, ”გაბედული ჩარევა და თამამი გადაწყვეტილების” მიღებაას ითვალისწინებს აბანოს ”რეაბილიტაციაც”, რაც მისი ინტერიერის, სასახლის მსგავსად, მდიდრულად მოხატვას ითვალისწინებს. არადა თვით აბანოში მოხატულობის არავითარი კვალი არ არსებობს, მხოლოდ გარედან კარის მარჯვნივ არსებულ თახჩას შემორჩენილი აქვს ამოკაწვრით შესრულებული ბრტყელი დაუფერავი ზოლი, რომელის არქიტექტურულ ფორმას შემოუყვება.
აბანოს მოხატულობა (პროექტი)

1802 და 1819 წლების გეგმების მიხედვით, ეს ინტიმური ეზო სასახლისაგან გალავნით იყო გამოყოფილი (ამჟამად მისი მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი-აღმოსავლეთის კარიბჭიდან სასახლემდე) და, სავარაუდოდ, თავდაპირველადაც ასე უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, ოღონდ ეს გალავანი შესაძლებელია ბოლომდე თაღოვანი იყო (ამის ნაშთი აღმოსავლეთის კარიბჭეთან არის შემორჩენილი!
თაღოვანი გალავნის ნაშთი

შესაბამისად, მცდარია ი. კოშორიძის აზრი, რომ სასახლის ”მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა”. საკმარისია დახედო ხსენებულ გეგმებს, მიხვდე, რომ სასახლეს მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა!

”ბატონის ციხის” 1802 წლის გეგმა

ამრიგად, კახთ მეფეთა თელავის სასახლეს ბრწყინვალე „ავთენტური ხიბლი” არასდროს ჰქონია და, შესაბამისად, მისი ”დაბრუნებაც”, რომელსაც ნ. ვაჩეიშვილი ”გაბედული ჩარევითა და თამამი გადაწყვეტილებებით” აპირებს, შეუძლებელია. ვაჩეიშვილის პროექტით გათვალისწინებული „ეფექტური, ზომიერი, თავსებადი ჩარევა“ კახთ მეფეთა თელავის სასახლეს ”ეფექტურობას” კი სძენს, მაგრამ მას სრულიად უკარგავს ზემოთ აღნიშნულ ინდივიდუალურობას, კარგად აღდგენილ პირვანდელ სახეს და გადააქცევს ირანელი შაჰების მდიდრულ სასახლეთა უნიჭო მიბაძვად, რაც, თავისთავად, დანაშაულია, ჩვენი ისტორიის გადაკეთება-შელამაზების ტოლფასია. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ კახთ მეფეთა სასახლის და, ზოგადად, ”ბატონის ციხის” რეაბილიტაციის ეს პროექტი უნებლიე შეცდომის ან რესტავრატორთა მიმართ უნდობლობით გამოწვეული შედეგი კი არ არის, არამედ ძეგლის შეგნებული და მიზანმიმართული გაყალბების მცდელობაა! ის რაც რეაბილიტაციის ეგიდით კახთ მეფეთა სასახლის და, ზოგადად, ”ბატონის ციხის” თავს დაატეხეს, ეს არის ძალადობა არა მარტო, ამ უნიკალურ კომპლექსზე, არამედ ზოგადად ჩვენს წარსულზე …
ბუნებრივია, შემთხვევით არაფერი არ ხდება და ეს ყოველივე გარკვეული მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ნ. ვაჩეიშვილი თავის ინტერვიუში თბილისიდან ჩამოტანილ ექსპონატებზე საუბრობს. სხვებმაც გაჟღერეს, რომ მუზეუმში ყაჯართა დინასტიის ეპოქის ირანული ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნივთები უნდა გამოიფინოს. მართლაც, ხელოვნების მუზეუმში ამ ეპოქის ირანული ხელოვნების მდიდრული კოლექციაა დაცული. შესაბამისად, ამ კოლექციის გამოსაფენად არის განზრახული სასახლისა და აბანოს პირვანდელი სახის დაკარგვა, გადაკეთება-შელამაზება, მდიდრულად, პომპეზურად წარმოჩენა და ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე ახალი, მანამდე არარსებული ნაგებობის-მუსულმანური სამლოცველოს აშენება! გამოდის, რომ ყაჯართა დინასტიის ელიტარული ყოფის მასალის გამოფენის მიზანს ეწირება ”ბატონის ციხის” სამუზეუმო კომპლექსის თვითმყოფადობა. მოკლედ, კახთ მეფეთა თელავის სასახლის რეაბილიტაციის წარმოდგენილი პროექტის სახით საქმე გვაქვს არა მარტო ერთი ძეგლის (კახთ მეფეთა სასახლის), არამედ მთლიანად ”ბატონის ციხის” უნიკალური არქიტექტურული კომპლექსის გამოსაფენ ექსპონატებზე მორგების თვალსაჩინო და უპრეცედენტო შემთხვევა და, როგორც ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე ბრძანებდა, მუზეუმი უცხოელი ტურისტებზე გათვლილი კიდევ ერთი ”ბრენდისთვის” (რა ჩემი ბრალია, თუ უყვარს ბატონ დავითს ეს უცხო სიტყვა) არის განწირული! პროექტის ავტორებს ავიწყდებათ, რომ კახთ მეფეთა თელავის სასახლე ერთადერთია ჩვენამდე შემორჩენილ ამავე დანიშნულების ნაგებობათა შორის!
კონცეპცია „გულისხმობს ძველის შენარჩუნებას“, –გვამცნობს ვაჩეიშვილი. ლიტონი სიტყვებია, უფრო მეტიც, სიცრუე. სინამდვილეში წარმოდგენილი „რეაბილიტაციის პროექტი“ არა ძველის შენარჩუნებას, არამედ ჩვენამდე მოღწეული და კარგად რესტავრირებული ძეგლის გადაკეთება–დამახინჯებას ითვალისწინებს, რათა მდიდრულ, სპარსეთის ელიტარული კლასის ექსპონატებს შეუფარდონ ეს ორიგინალური არქიტექტურული ძეგლი, რითაც იქმნება ახალი, მანამდე არ არსებული რეალობა. ამ მიზნის მისაღწევად შეგნებულად მახინჯდება რეალობა. აქ ამოსავალი და მთავარია წარსულის დამახინჯებისა და სპეკულაციის ხარჯზე ისეთი ახალი რეალობის შექმნა, რომელიც კარგად გასაღდება. გამოდის, რომ ნ. ვაჩეიშვილის ეს ახალი კონცეფცია, სხვა არაფერია, თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ახალი, ყოვლად მიუღებელი (ჩემთვის მაინც) იდეოლოგიის შემოჭრასათან გვაქვს საქმე. ესაა ბენდუქიზმი (ბენდუქიძის მსოფლმხედველობა)–ყველაფერი კარგია, რაც იყიდება, რაზეც არა არის მოთხოვნა, ის ან უნდა მოისპოს, ან –გადაკეთდეს, მიეცეს ისეთი სახე, რომ გაიყიდოს. მთავარია, ნივთს (ძეგლს) საბაზრო ღირებულება ჰქონდეს, მისი მორალური, ისტორიული ღირებულება მეორედია და არც არის აუცილებელი… ყველაფერი იყიდება! მთავარია, პროდუქცია გაასაღო–მნახველს ფული გადაახდევინო, მაგრამ სიცრუეში რომ ახდევინებ ამ ფულს, ამას მნიშვნელობა არ აქვს! არც მორალურ მხარეს აქვს მნიშვნელობა–მერე რა, რომ ამისათვის ამახინჯებ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, მერე რა, რომ ერეკლეს სასახლეში მისი და საქართველოს დაუძინებელი მტრის აღა მაჰმად ხანისა და მისი შთამომავლების ყოფის ამსახველი ნივთები რეალობადა ამ ახლად შექმნილ დამახინჯებულს რეალობას, ისტორიულ, ნამდვილ რეალობად წარმოგიდგენ …
არავინ დაგიდევს და არც რცხვენია, რომ სწორედ საქართველოს დაუძინებელი მტრის აღა მაჰმად ხანისა და მისი შთამომავლების ეპოქის ასახვას უძღვნიან ერეკლეს სამყოფელს! არც იმას, რომ თელავში, ერეკლეს ქალაქში, მის კარმიდამოში, მისი სათაყვანებელი საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ექსპოზიციები ამ აბსურდული და ანიჟებული ”ბრენდის” იდეის განხორციელებას ეეწირება!
”ბატონის ციხის” რეაბილიტაციის” პროექტით გათვლისწინებულია ყოფილი წმიდა ნინოს სასწავლებლის შენობის დანგრევა. ნ. ვაჩეიშვილი ასე ”ასაბუთებს” ამ ნაგებობის აღების აუცილებლობას: ”„მე მგონია არაა სანერვიულო თელავის მუზეუმის შენობის ამბავი. ეს სამსართულიანი შენობა კი არის მემორიალური ღირებულების (სასწავლებელი იყო თავის დროზე), მაგრამ ერთი უსახო და უხიაგი რამეა, თავზე ადგას „ბატონის სასახლეს“ და მთელ შუასაუკუნოვან სიმაგრის სივრცეს „ჭამს“, გეგმარებაც ისეთი აქვს, ვერაფერში გამოიყენებ – ვიწრო დერეფნებით და ოთახებით, თანაც ავარიულია. მოკლედ, მისი დემონტაჟი იქაურობასაც ამოასუნთქებს და ახალი მუზეუმის (რომელშიც თბილისიდან ჩატანილი ბრწყინვალე კოლექციები უნდა განთავსდეს) აშენებასაც მისცემს ასპარეზს. რაიონული მუზეუმიდან საერთაშორისოსაც კი „გაქაჩავ“.
”ეს არის შენობა, რომელიც აშენდა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, როგორც ვიცით და ის შეიძლებოდა ყოფილიყო ძეგლი, რადგან მას აქვს მემორიალური ღირებულება, მაგრამ მემორიალური ღირებულება ნაკლებია, მისი ვიდრე მხატვრული ღირებულება! არქიტექტურული და მით უფრო სამუზეუმო ფუნქციისთვის თავსებადი, ამიტომ მემორიალურობა არ არის გადამწყვეტი ამ ეტაპისთვის იმიტომ, რომ ის დაჰყურებს ერეკლეს სასახლეს, ჭამს მთელ მის ისტორიულ გარემოს, ის არის აგრესიული ჩანართი თავის დროზე და ეს ბევრად უფრო მეტ ისტორიას, აფუჭებს, ვიდრე აკეთებს.
ახალი პროექტი მეტად თავსებადს გულისხმობს, მეტად თანამედროვეს, მეტად ეფექტურს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯანსაღია მისი დაშლა. ის არც მუზეუმისთვის გამოდგება და საერთოდ არაფრისთვის. ის არის სპეციფიური გეგმარების შენობა: ვერც გააგანიერებ, ვერც დაადაბლებ, ვერც აამაღლებ და თან არის ავარიული. ამიტომ ფორმალობას სჯობის მუზეუმის განვითარება და რეგიონის განვითარება, ამიტომ გვირჩევია მოვიქცეთ ჯანსაღად და მუზეუმს მივცეთ კარგი პერსპექტივა განვითარებისთვის”.
თელავის უნივერსიტეტში გამართულ ”კახეთის რეაბილიტაციის” პროექტის პრეზენტაციაზე ჩემთან კამათში თელავის გამგებელმა პ. კიკნაძემ განაცხადა, რომ ეს შენობა ძეგლია არ არის, რადგან იგი რუსების აშენებულია. გუბერნატორმა კი ბრძანა, რომ იგი ”საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული”! სწორე გითხრათ, აღნიშნული ჩინოვნიკებისაგან ეს შეცდომა არ გამკვირვებია, მაგრამ როცა თვით ნ. ვაჩეიშვილი, ვითომც სხვათა შორის, შეგნებულად იმეორებს ამ შეცდომას (რადგან მისი აზრი კიკნაძისა და ღვინიაშვილის სიტყვების პერიფრაზია -შენობა ”აშენდა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში”) და არგუმენტად მოაქვს, ეს უკვე სირცხვილია! ამასთან, ეს შენობა არა მარტო მემორალურია, არამედ ძეგლიცაა, როგორც ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე არსებული დანარჩენი ნაგებობები (თუკი მას, როგორც სჩვევიათ, ჩუმად სტატუსი არ შეუცვალეს). ნ. ვაჩეიშვილი მაშინაც ცრუობს, როდესაც შენობას ავარიულდ აცხადებს! აბა, დადოს ავარიულობის დამადასტურებელი დოკუმენტი! ან ვინ და როდის როდის შეისწავლა მისი მდგომარეობა? პირიქით, ეს არის მკვიდრი, კაპიტალური ნაგებობა. არც გეგმარება აქვს საგანგაშო-ვრცელი და ფართე დარბაზები და საკმაოდ განიერი დერეფნებიც აქვს, რომლებიც საექსპოზიციო ფართადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. გარეგნულად მართლაც ”უხიაგად” გამოიყურება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფასადები შეკეთებას საჭიროებს!
ყოფილი წმიდა ნინოს სასწავლებლის შენობა

მაგრამ გაკოხტავება შეიძლება. თუ როგორ ხდება შენობათა ფასადების იერის შეცვლა, ყველაზე უკეთ ეს თვით ნ. ვაჩეიშვილს მოეხსენება! ამიტომ ეს შენობა დასანგრევი კი არა -სარემონტოა! იგი არც ”სივრცეს ”ჭამს”-თუკი მუზეუმის სტუმარი დათვალიერებას ობიექტების ქრონოლოგიის დაცვით, როგორც დღეს, აღმოსავლეთის კარიბჭიდან დაიწყებს. ამასთან ამ შენობის დანგრევის შემთხვევაშიც კი სასახლე ისევ მხოლოდ ორი, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან აღიქმება! ეს შენობა ქართველთა მიერ რის ვაებით შეგროვებული შემოწირულობებით აშენდა და აქ აღზრდილმა ქალბატონებმა დიდი ამაგიც დასდეს სამშობლოს. აქ იყო ”ქართველ ქალთა საშუალო განათლების კერა-წმ. ნინოს სასწავლებელი, რომელმაც ადგილობრივი საზოგადოების განათლების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა. ამ სკოლიდან გამოსულმა ქართველმა დედებმა საქართველოს აღუზარდეს მაღალზნეობრივი მამულიშვილები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ქართული კულტურის, კერძოდ, მეცნიერული აზროვნებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების ახალ სვლაში”,- ამას წერს ლ. რჩეულიშვილი, ნ. ვაჩეიშვილის მასწავლებელი! თუ იმასაც დავამატებთ, რომ საქართველოში სულ სამად-სამი წმიდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი არსებობდა-თბილისში, ქუთაისსა და თელავში, ამ შენობის დანგრევა დაშაულია და არავითარი აუცილებლობით არის გამოწვეული! ასეთი გადაწყვეტილების მიმღები კი ადრე თუ გვიან დაისჯება და პასუხს აგებს თავის ჩადენილ დანაშაულზე! დღეისათვის შენობას უკვე სახურავი გადახადეს, მაგრამ თუმცა შეჩერებულია !
”რეაბილიტაციის” პროექტით, დასანგრევად განწირული ყოფილი წმიდა ნინოს სასწავლებლის შენობის კიბის უჯრედის ადგილას საკმაოდ მოზრდილი ისლამური სტილის არქიტექტურული ნაგებობის აშენებაა გათვალისწინებული! პროექზე არაფერია ნათქვამი ამ შენობის დანიშნულების შესახებ, არც ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე მსგავსი ნაგებობის არსებობის შესახებ ცნობა არსებობს და არც 1802 და 1819 წლების გეგმებზეა ნაჩვენები! მაშ რა საჭიროა მისი აშენება? ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროექტის ავტორის (თუ მისი დამკვეთის) ლოგიკით, სპარსული ტიპის სასახლის ეზოში, სავარაუდოდ, მუსულმანური საკულტო ნაგებობაც უნდა ყოფილიყო, ამიტომ ”სრული სურათისათვის” აშენებენ კიდეც! ალბათ, ასე სჭირდება ვიღაცას და ასე უნდა გაკეთდეს. ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე ამ ნაგებობის აშენება ბათუმში აზიზიას მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებაზე მეტი დანაშაულია-იქ თურქები ითხოვენ აშენებას, აქ, თელავში, ”ჩვენები” გვიშენებს საკუთარი ინიციატივით! ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მის მშენებლობას უარყოფენ, ჩქმალავენ! იგი არ აჩვენეს თელავის უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე. როდესაც გამოვთქვი ჩემი უკმაყოფილება მის აშენებაზე, მიპასუხეს, რომ მე ვიგონებ. არადა ამ შენობის პროექტი ორ ვებერთელა ბანერზეა წარმოდგენილი მთელი ეშხით თელავის ცენტრში და ინტერნეტშიც დევს!
მუსულმანური სამლოცველო, ხედი აღმოსავლეთიდან (პროექტი)
მუსულმანური სამლოცველო (პროექტი)


პროექტით, ”რეაბილიტაციის” პროცესი სამხატვრო გალერეიასაც ეხება. კერძოდ, გათვალისწინებულია მისი სამხრეთის მინაშენის (1980-იანი წლები)მონგრევა,

სამხატვრო გალერეის მინაშენი


სამხატვრო გალერეა (პროექტი)

ფასადის მხარეს პირველ სართულზე მასიური ღია აივნის მიდგმა, შენობის მთლიანად აგურის პერანგით მოპირკეთება და ახალი გადახურვა (პარპეტის მოხსნით). ჩამოთვლილი ცვლილებებიდან მიუღებელია მინაშენის მონგრევა. საქმე ისაა, რომ ეს მიშენება მუზეუმის საჭიროებით იყო განპირობებული-აქ იყო ფონდსაცავი და სტაციონალური და დროებითი გამოფენების დარბაზები! მუზეუმი ისედაც განიცდიდა ფონდსაცავების ნაკლებობას და ”რეაბილიტაციის” შემდეგ კატასტროფის პირას დადგება! სად უნდა დაბინავდეს 70 ათასამდე ექსპონატი?! არადა მინაშენი არაფერს უშლის, მით უმეტეს, როგორც ითქვა, ფასადს ახალი მოპირკეთება უკეთდება და მისი საერთო პერანგში ჩასმა შეუმჩნეველს გახდის მის მინაშენიანობას! უბრალოდ, ამისათვის მხოლოდ სურვილია საჭირო!

რაც შეეხება ”ერეკლე მეორის” ბრძოლების მუზეუმის” შენობას, არქიტექტურული თვალსაზრისით ეს მართლაც ”კატასტროფაა”, მისი აქ აგება მხოლოდ მოსახლეობაში საკუთარი სასახლიდან ამ დიდი მეფის გამოსახლებით (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) გამოწვეული პროტესტისა და სულიერი ტკივილის განეიტრალებას ემსახურება!
არავითარი გამართლება არ აქვს ამ ისტორიულ გარემოში ულტრათანამედროვე გარეგნობის ნახევრად მიწისქვეშ მოქცეული ”საგამოფენო დარბაზის” აშენებას-იგი ”ყვირის”, საერთოდ ამოვარდნილია გარემოდან! თუმცა ვინ იცის, იქნებ ამიტომაც შენდება აქ და ეს გადაწყვეტილება პროექტის ავტორების ჰეროსტრატეს კომპლექსით არის ნაკარნახევი!

ახალი საგამოფენო დარბაზი (პროექტი)

ამრიგად, კახთ მეფეთა თელავის სასახლეს ”ძველი, „ავთენტური“ ”ხიბლი” არასდროს ჰქონია და, შესაბამისად, მისი ”დაბრუნებაც”, რომელსაც ნ. ვაჩეიშვილი ”გაბედული ჩარევითა და თამამი გადაწყვეტილებებით” აპირებს, შეუძლებელია. ასეთი ”ჩარევა” კახთ მეფეთა თელავის სასახლეს ”ეფექტურობას” კი სძენს, მაგრამ მას სრულიად უკარგავს ზემოთ აღნიშნულ ინდივიდუალურობას, კარგად აღდგენილ პირვანდელ სახეს და გადააქცევს ირანელი შაჰების მდიდრულ სასახლეთა უნიჭო მიბაძვად, რაც, თავისთავად, დანაშაულია, ჩვენი ისტორიის გადაკეთება-შელამაზების ტოლფასია და შემთხვევითი მოვლენა არ უნდა იყოს-სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ კახთ მეფეთა სასახლის და, ზოგადად, ”ბატონის ციხის” რეაბილიტაციის ეს პროექტი უნებლიე შეცდომის ან რესტავრატორთა მიმართ უნდობლობით გამოწვეული შედეგი კი არ არის, არამედ ძეგლის შეგნებული და მიზანმიმართული გაყალბების მცდელობაა! ის რაც რეაბილიტაციის ეგიდით კახთ მეფეთა სასახლის და, ზოგადად, ”ბატონის ციხის” თავს დაატეხეს, ეს არის ძალადობა არა მარტო, ამ უნიკალურ კომპლექსზე, არამედ ზოგადად ჩვენს წარსულზე …
ბუნებრივია, შემთხვევით არაფერი არ ხდება და ეს ყოველივე გარკვეული მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ნ. ვაჩეიშვილი თავის ინტერვიუში თბილისიდან ჩამოტანილ ექსპონატებზე საუბრობს. სხვებმაც გაჟღერეს, რომ მუზეუმში ყაჯართა დინასტიის ეპოქის ირანული ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნივთები უნდა გამოიფინოს. მართლაც, ხელოვნების მუზეუმში ამ ეპოქის ირანული ხელოვნების მდიდრული კოლექციაა დაცული. შესაბამისად, ამ კოლექციის გამოსაფენად არის გათვალისწინებული სასახლისა და აბანოს პირვანდელი სახის დაკარგვა, გადაკეთება-შელამაზება, მდიდრულად, პომპეზურად წარმოჩენა და ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე ახალი, მანამდე არარსებული ნაგებობის-მუსულმანური სამლოცველოს აშენება! გამოდის, რომ ყაჯართა დინასტიის ელიტარული ყოფის მასალის გამოფენის მიზანს ეწირება ”ბატონის ციხის” სამუზეუმო კომპლექსის თვითმყოფადობა. მოკლედ, რეაბილიტაციის წარმოდგენილი პროექტის სახით საქმე გვაქვს არა მარტო ერთი ძეგლის (კახთ მეფეთა სასახლის), არამედ მთლიანად ”ბატონის ციხის” უნიკალური არქიტექტურული კომპლექსის გამოსაფენ ექსპონატებზე მორგების თვალსაჩინო და უპრეცედენტო შემთხვევა. და, როგორც ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე ბრძანებდა, მუზეუმი უცხოელი ტურისტებზე გათვლილი კიდევ ერთი ”ბრენდისთვის” (რა ჩემი ბრალია, თუ უყვარს ბატონ დავითს ეს უცხო სიტყვა) არის განწირული! პროექტის ავტორებს ავიწყდებათ, რომ კახთ მეფეთა თელავის სასახლე ერთადერთია ჩვენამდე შემორჩენილ ამავე დანიშნულების ნაგებობათა შორის! არავინ დაგიდევს და არც რცხვენია, რომ სწორედ საქართველოს დაუძინებელი მტრის აღა მაჰმად ხანისა და მისი შთამომავლების ეპოქის ასახვას უძღვნიან ერეკლეს სამყოფელს! არც იმას, რომ თელავში, ერეკლეს ქალაქში, მის კარმიდამოში, მისი სათაყვანებელი საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ექსპოზიციები ამ აბსურდული და ანიჟებული ”ბრენდის” იდეის განხორციელებას ეწირება!
არადა რა ადვილია, რომ მუზეუმს შეუნარჩუნდეს თავისი კომპლექსური შინაარსი – არ დაინგრეს ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე დღემდე არსებული ძველი და არ აშენდეს დღემდე არარსებული არც ერთი შენობა-ნაგებობა! კახთ მეფეთა სასახლეს ჩაუტარდეს აუცილებელი რემონტი და დაედგას მეორე სართულის აივნები! რესტავრაცისა ჩაუტარდეს როგორც ციხე გალავანს, ასევე ტერიტორიას არსებულ ყველა ძეგლს! კაპიტალური რემონტი ჩატარდეს ყველა საექრპოზიციო დარბაზს თუ სხვა დანიშნულების საცავებს! საგამოფენო დარბაზები აღიჭურვოს თანამედროვე განათებითა და სიგნალიზაციით. აღსდგეს დღემდე არსებული თემატური ექსპოზიციები და, თუ ასე აუცილებელია, ყოფილი წმიდა ნინოს სასწავლებლის შენობის გარემონტების შემდეგ მის მესამე სართულზე გამოიფინოს თბილისიდან ჩამოტანილი ექსპონატები, კეთილმოეწყოს ტერიტორია! დაშავდება ამით რამე?!
ცალკე საკითხია ”რეაბილიტაციის” პროექტის დამფინანსებლის, მსოფლიო ბანკის, პასუხისმგებლობა. ”ბატონის ციხის” ”რეაბილიტაცია’” ამ ორგანიზაციის კრედიტით ხდება, მის გაცემამდე კი ბანკი ვალდებული იყო გადაემოწმებინა წარდგენილი პროექტების სისწორე, რომლებიც დოკუმენტურად უნდა იყოს არგუმენტირებული. დღეისათვის არსებული ”ბატონის ციხის” რებილიტაციის პროექტის მიხედვით კი, როგორც ვნახეთ, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა ამ კომპლექსში შემავალ ძეგლების დამახინჯება-დანგრევასა და ახალ დღემდე არარსებულ ნაგებობათა აშენებაში უნდა დაიხარჯოს! და მხოლოდ ახლა, როდესაც საზოგადოებაში გამოითქვა სერიოზული შეშფოთება ამ პროექტზე, დაიწყეს მისი სისწორის გადამოწმება!
P. S. კახთ მეფეთა თელავის სასახლის მდიდრულ და პარადულ ნაგებობად წარმოჩინების დასაბუთების მცდელობას წარმოადგენს ი. კოშორიძის წერილიც “აღმოსავლური სტილიდან ორიენტალიზმამდე”, თელავის სამეფო სასახლე”, რომელიც ”თბილისის არქიტექტურულ ფორუმზე გამოქვეყნდა (). ამიტომ განზრახული მქონდა შემეფასებინა ამ წერილში აღძრული საკითხების საფუძვლიანობა, მაგრამ აქ იმდენ უზუსობას წავაწყდი, რომ საჭიროდ მივიჩნიე თავდაპირველად უფრო ოპერატიულ საკითხს-”ბატონის ციხის” უკვე დაწყებულ ”რეაბილიტაციის” პროცესს გამოვხმაურებოდი!

დასასრული


თენგიზ ალდამიძე


მეტი

მსგავსი სიახლეები

Close