Home ბლოგი საგანგაშო მდგომარეობა ისტორიულ ჰერეთში

საგანგაშო მდგომარეობა ისტორიულ ჰერეთში

“საგანგაშო მდგომარეობა ისტორიულ ჰერეთში! 20 სექტემბერს საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის “დედოფალი-სიხარულის მომნიშებელის” გამობრძანების დროს, ტაძრის ეზოში მოვიდა ჩვენთვის უცნობი შუახნის მამაკაცი და დისკი გადმოგვცა, რომელზეც ჩაწერილი იყო ქურმუხის ტაძარში და მის გარშემო არსებული ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

თავდაპირველად არც ვიცოდით რა მასალაზე იყო საუბარი, რადგან ტაძრის ეზოში მისი ნახვის საშუალება ცხადია არ გვქონდა. გადათხრილია ტაძრის შიდა ინტერიერი, საფლავები. გადათხრილია ტაძრის გარშემო არსებული ტერიტორია და საფლავები. როგორც ამბობენ “არქეოლოგიური სამუშაოებია”.

ვინ ატარებს ამ სამუშაოებს და რას იკვლევს ქართველი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების გარეშე?! ჩვენ არ ვიცით რა ისტორია ნადგურდება იქ, რადგან ქართულ ტაძრებში და მის გარშემო ტრადიციულად მნიშვნელოვანი ისტორიული პირები იმარხებოდნენ. .

ეს მოსახლეობა იქ თავის წინაპრების მიწაზე ცხოვრობს, ისტორიულ ჰერეთში და დღეს შველას ითხოვს, თუმცა ისინი ვინაობას ვერც ამხელენ რადგან როგორც ამბობენ (ვციტირებ) ” რომ გაგვიგონ აგვაწიოკებენ”-ო.

ქურმუხის ტაძარი მეცამეტე საუკუნის ძეგლია და ის არ შეიძლება არქეოლოგიურად ითხრებოდეს ქართველი მეცნიერების გარეშე. გათხრისას ნადგურდება ის არქეოლოგიური ფენები, რომელიც თავად გათხრის პროცესში იძლევა უამრავ ინფორმაციას. ჩვენ არ ვიცით რა არის ნაპოვნი, სად არის გადატანილი და რა მდგომარეობაშია. ან მაინცადამაინც ახლა რატომ დაინტერესდნენ ე.წ. მკვლევარები ქურმუხის ტაძრის არქეოლოგიით?!”- წერს გვერდი “დედოფალი” ფბ გვერდზე და ფოტოებს ავრცელებს.