საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში მგლების გახშირებული თავდასხმის გამო, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მტაცებლები სისტემატურად ესხმიან თავს შინაურ პირუტყვს, ცხოველებსა და ფრინველებს, რის შედეგადაც ოჯახები მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს განიცდიან.
სოფლის მოსახლეობა პრობლემის შესახებ არაერთხელ დაუკავშირდა ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა საკითხი კვლავ მოუგვარებელია.
განცხადების ავტორები ამბობენ, რომ არსებობს ადამიანებზე თავდასხმის საფრთხეც.
ისინი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებენ, შეისწავლონ სოფელში არსებული მდგომარეობა, დროულად მოახდინონ რეაგირება და გაატარონ კონკრეტული ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.
„სოფელს თანაგრძნობის ნაცვლად რეალური დახმარება და პრობლემის გადაჭრა სჭირდება!“- ნათქვამია მოქალაქეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.







