მკითხველს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენი რესპონდენტის შესახებ: გიორგი სისაური არის ახალგაზრდა მეწარმე და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი, რომელიც ღიად უჭერს მხარს ოპოზიციას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. იგი ასევე აქტიურად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. გიორგი სისაური წარსულშიც საუბრობდა მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, ზეწოლასა და ძალადობის ფაქტებზე.
ჟურნალისტი: გიორგი, ბოლო პერიოდში შენს მიმართ განხორციელებული წნეხი და ზეწოლა უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა. მოდი, თავიდანვე ვთქვათ რა ხდება რეალურად და როგორია შენი განწყობა ამ ყველაფრის ფონზე?
გიორგი სისაური: იცით, რა არის ყველაზე მძიმე? ის, რომ განსხვავებული აზრისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ ქვეყანაში პირდაპირ სიცოცხლის ფასად გიჯდება. არ მეშინია, თუმცა გული მწყდება, რომ ჩემს სამშობლოში საკუთარ ხმასა და პოზიციას ძალადობით და ტერორით ახშობენ. მე უბრალოდ არჩევანი გავაკეთე არ მივეყიდე რეჟიმს, დავუჭირე მხარი ოპოზიციას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მხარში დავუდექი პრეზიდენტ სააკაშვილს. ამის პასუხად კი მივიღე ის, რომ მამაჩემის ხსოვნას და ჩემს ოჯახს შეურაცხყოფენ და მუდმივი მუქარის ქვეშ გვიწევს ცხოვრება.
ჟურნალისტი: მკითხველს მინდა შევახსენო, რომ გიორგი სისაურმა ჩვენთან 2020 წლის არჩევნების შემდეგაც ისაუბრა და მოყვა იმ უკანონობის შესახებ, რაც მაშინ მის გარშემო ხდებოდა… მოდი, ესეც ვთქვათ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
გიორგი სისაური: კი, ზუსტად ასეა. მახსოვს 2020 წლის ის პერიოდი, როდესაც პირველად შემოაღეს კარი და მომთხოვეს, რომ ჩემს მაღაზიაში „ქართული ოცნების“ ბანერები მეკრა. მაშინ აპოლიტიკური ვიყავი, უარი ვუთხვი და პასუხად ჩამტვრეული ფანჯრები და მუქარები მივიღე. მაშინაც მოვედი შენთან, მაშინაც მოვყევი ამ უკანონობის შესახებ, მაგრამ რა შედეგი მოჰყვა? ნული! ხელისუფლება არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ უკანონობა თესოს და ადამიანები გატეხოს. მაშინდელ ამბავსაც არანაირი გამოხმაურება და რეაგირება არ მოჰყოლია სამართალდამცველების მხრიდან, რამაც კიდევ უფრო გააათავხედა ეს დამსჯელები.
ჟურნალისტი: და აი, ახლახან, 2021 წლის 19 სექტემბერს კიდევ ერთი მძიმე ინციდენტი მოხდა… ზუსტად როგორ განვითარდა მაშინ მოვლენები?
გიორგი სისაური: 19 სექტემბერს, როდესაც მცხეთიდან მუხრანის მიმართულებით ვმოძრაობდი, გზა გადამიკეტეს. საკრებულოს წევრი, გიორგი ელოშვილი გადმოვიდა მანქანიდან და პირდაპირ მითხრა, რომ თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ დავტოვებდი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ გავხდებოდი, „მალე მამაჩემს შევხვდებოდი“. აი, ამ დონეზე მიჰყავთ ადამიანების დაშინება და ტერორი! მიუხედავად ამისა, კარგად უნდა იცოდნენ მსგავსი მუქარით ვერავის შეგვაშინებენ და ბოლომდე ვიბრძოლებთ დემოკრატიული საქართველოსთვის!













