Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების საქმეში ფიგურირებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების საქმეში ფიგურირებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სახის კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ჯამში, 28 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე, 7 პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნული საქმეები, მათ შორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტსაც უკავშირდება. გამოძიების ინფორმაციით, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ, სავარაუდოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში 91 564 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოვლინდა.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფოს 397 804 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს